საქართველოს ნაკრების გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ გასული სეზონი "მონ დე მარსანში" გაატარა, რომელიც ელიტურ, პირველ დივიზიონში ასპარეზობდა.
ჩვენებურის გუნდს იქ ხელი მოეცარა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა. მჭედლიძემ მარსანელთა შემადგენლობაში მხოლოდ "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მატჩებში ითამაშა შუამარბის პოზიციაზე.
სატრანსფერო სეზონისას მჭედლიძე "ბურგ ან ბრესმა" მიიწვია, რომელიც ელიტურ, მეორე დივიზიონში ფედერალ 1 დივიზიონიდან წლეულს გადაბარგდა.
ამავე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოს ნაკრების შუამარბი მერაბ შარიქაძე, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ჯერჯერობით ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდება.
ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ლა როშელში" ჩაირიცხა ახალგაზრდა შერკინების ბურჯი ლექსო ყაულაშვილი. ლაროშელელები გასულ სეზონში ლიდერთა შორის იყვნენ და პირველ დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოდნენ. სავარაუდოდ, ამ გუნდს ამბიცია არც ამჯერად მოაკლდება.
ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ბაგნერე" იმ გუნდების სიაში ჩაეწერა, სადაც ქართველი მორაგბეები მრავლად არიან.
ამ კლუბთან ახლახან ხელშეკრულება გააფორმა პირველხაზელმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელმაც გასული სეზონი ფედერალ 2 დივიზიონში დაქვეითებულ "სენ ჟუნიენში" გაატარა.
ამრიგად, ბაგნერელთა ღირსებას მომავალ ჩემპიონატში მჭედლიშვილთან ერთად დაიცავენ: სიმონ მაისურაძე, ლაშა მალაღურაძე, ლადო გუნიავა და ბექა ურჯუკაშვილი.
კლუბი გამოიცვალა კიდევ ერთმა პირველხაზელმა ირაკლი ნინიძემ, რომელიც ფედერალ 1 დივიზიონის "რომანიდან" ამავე დივიზიონში მოასპარეზე "დიჟონში" გადავიდა.
II დივიზიონი
ვიქტორ კოლელიშვილი, გურამ კავთიძე (ორივე - ლიონი), კახაბერ კობერიძე, ალექსანდრე თოდუა, ვახტანგ მაისურაძე, ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი, ხვიჩა ბუჯიაშვილი (ყველა - ალბი), ირაკლი მირცხულავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე (სამივე - ტარბი). ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი (ორივე - ორიაკი), ტარიელ რატიანიძე (აჟენი), ბექა შეყლაშვილი (ბეზიე), თამაზ მჭედლიშვილი (ბურგ ან ბრესი), ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი).
ფედერალ 1
შოთა მელიქიძე, ავთანდილ კოპალიანი (ორივე - მაკონი), ზერო პეტრიაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი (ორივე - ვიენი), რეზო გიგაური (მონლუსონი), რევაზ ჟღენტი (სენტ ეტიენი), გიორგი ჯაშიტაშვილი (შალონი), თედო ზიბზიბაძე, ნიკოლოზ მაღალდაძე, გიორგი გაბელია (სამივე - პერიგო), თენგიზ გელანტია (ობენა), ირაკლი ნინიძე (დიჟონი), გიორგი კუთარაშვილი (შატორენარი), ირაკლი ჩომახაშვილი (მარმანდი), ბაჩუკი გუჯარაიძე (სენ ნაზერი), სიმონ მაისურაძე, ლაშა მალაღურაძე, ლადო გუნიავა, ბექა ურჯუკაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი (ყველა - ბაგნერე), დავით აშვეთია, შალვა სუთიაშვილი, არჩილ კობაური, ელიზბარ ყუფარაძე, დავით დადუნაშვილი (ყველა - მასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"