12 ტურის შემდეგ, ტოპ 14-ს 43 ქულით დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის ‘კლერმონი’ ლიდერობს, რომელმაც განვლილ ტურში უახლოეს მდევარ ‘ტულუზს’ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 20:20. მასპინძლებმა ტაიმი 17:3 მოიგეს და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ჯარიმა გაუშვეს. ზირაქაშვილმა პირველიდან 74-ე წუთამდე ითამაშა, კოლელიშვილი ტრავმას იშუშებს, კაკაბაძე კი ამჯერად ისვენებდა.
36 ქულით მეოთხეა ‘რასინგ
‘რასინგს’ 2 ქულით ჩამორჩება და მეხუთეზეა ‘ბორდო’, რომელმაც სტუმრად ‘კასტრი’ 32:13 დაამარცხა, თანაც იმ ფონზე, რომ 28-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა მიიღო - ბექა გორგაძე და ლაშა ტაბიძე შეცვლაზე ერთდროულად, მე-60 წუთზე შევიდნენ.
მეექვსე ადგილზეა ‘სტად ფრანსე’, რომელმაც ‘აჟენს’ სტუმრად 19:6 მოუგო და 32 ქულა მოაგროვა. პარიზელთა შორის 58-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ, ხოლო მასპინძელთა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 34-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 51-ეზე თამაშში მოუწია დაბრუნება. ‘აჟენის’ განაცხადში არ იყო თამაზ მჭედლიძე. გუნდს 17 ქულა აქვს, ბოლოსწინა (მე-13) ადგილზეა და ტოპ 14-ში დასარჩენად იბრძვის.
ხუთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა ‘გრენობლისა’ და ‘მონპელიეს’ შეხვედრაში, სადაც ქართველი ბურჯები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ‘მონპელიეს’ ყოფილი მოთამაშე დუდუ ქუბრიაშვილი ‘გრენობლის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 59-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა შეცვალა. შერკინებებში მათ წინაშე მიხეილ ნარიაშვილი იდგა, რომელმაც პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა. თამაშში 43-ე წუთიდან ჩაერთო ლევან ჩილაჩავა, ხოლო კოტე მიქაუტაძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმართა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა უშანგი ჭეიშვილი. დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით ‘გრენობლმა’ იმარჯვა (17:16), რომელიც 19 ქულით მე-12 ადგილზეა. ‘მონპელიეს’ ბონუსი ერგო და 27 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
‘ლიონს’ ბონუსით, 40:7 მოუგო ‘ტულონმა’, რომელსაც სულზე მოუსწრო მამუკა გორგოძის დაბრუნებამ. მამუკამ შერკინების მესამე ხაზში 64-ე წუთამდე ითამაშა და მას შემდეგ შეცვალეს, რაც ბონუსით მოგება უკვე განაღდებული ჰქონდათ. ‘ტულონი’ 24 ქულით მე-10 ადგილზეა 8 ქულა აშორებს საფლეიოფო ზონას.
ინგლისის პრემიერშიფის მე-10 ტურში ‘უოსფსმა’ ‘ბათს’ უმასპინძლა და 14:24 დამარცხდა. მასპინძელთა ბურჯი ზურაბ ჟვანია შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. ქართველის გუნდი 24 ქულით მე-4 ადგილზეა.
პრო დე2-ში მეორე წრე დაიწყო
პრო დე2-ის მეორე წრის პირველ ტურში, ‘კარკასონისა’ და ‘ორიაკის’ შეხვედრაში მოედანზე ერთბაშად ექვსი ქართველი გავიდა. ‘კარკასონის’ შემადგენლობაში პირველიდან 74-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა მირიან ბურდულმა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ. სასტარტო შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე და ის შესვენებისას ბექა საღინაძემ შეცვალა. მეორე ხაზში პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ჯავახიამ, ხოლო ბურჯი ვანო კარკაძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. ‘კარკასონმა’ მატჩი 39:35 მოიგო და ‘ორიაკს’ დაცვის ბონუსი ერგო.
დაძაბულ მატჩში ‘კოლომიემ’ ‘ბრივს’ ერთი ჯარიმით, 9:6 აჯობა. სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე ერთბაშად სამი ქართველი იყო: გამარჯვებულთა შორის 67 წუთი ითამაშა ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა, მოედანზე ასევე 67 წუთი გაატარა ‘ბრივისა’ და ბორჯღალოსნების 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, ხოლო ოთარ გიორგაძემ 71-ე წუთამდე ითამაშა.
ფრედ, 8:8 დასრულდა ‘ანგულემისა’ და ‘მასის’ შეხვედრა. მასპინძელთა შორის მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა შალვა სუთიაშვილმა.
პრო დე2-ის ლიდერმა ‘ნევერმა’ ‘ვანს’ უმასპინძლა და ბონუსით, 32:6 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 62 წუთი ითამაშა თორნიკე მატარაძემ.
‘ბურგ-ან-ბრესმა’ ‘ოიონა’ მიიღო და 21:17 სძლია. მასპინძელთა შორის 55-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ.
მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით