გურამ კავთიძე: გამოძახების შემთხვევაში ნაკრებში დიდი სიხარულით ჩამოვალ

AutoSharing Option
ფოტოზე: ვიტო კოლელიშვილი და გურამ კავთიძე

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში გურამ კავთიძის და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონმა" შესანიშნავი სტარტი აიღო და ხუთი ტურის შემდეგ 19 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

შერკინების ბურჯ გურამ კავთიძეს, საფრანგეთსა და საკლუბო კარიერის გარდა, სანაკრებო თემაზეც ვესაუბრეთ.

- გურამ, გასულ სეზონში "ლიონმა" ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას და ვერ მოიპოვა ტოპ 14-ის საგზური. თქვენი გადმოსახედიდან, რა გახდა ამის მიზეზი?
- ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა გუნდში, რომელმაც თავისი იდეები მოიტანა.

ვცდილობდით, პირველი დივიზიონის გუნდის დონეზე მოვმზადებულიყავით და
ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მზადყოფნაზე იყო გადატანილი. სტარტი მართლაც შთამბეჭდავი გამოგვივიდა: 8 ტურის შემდეგ 6 მოგება, 1 ფრე და ერთადერთი წაგება გვქონდა, თუმცა ნოემბრიდან, როდესაც აცივდა და ტემპერატურა დაეცა, მოედნის საფარი ნელ-ნელა გაფუჭდა, "ლიონი" გაშლილ და ლაღ რაგბის საჭირო დონეზე ვეღარ თამაშობდა. ვერ მოვახერხეთ ადაპტაციის გავლა.

მოწინააღმდეგეები კარგად იყვნენ მომზადებულნი ამ ეტაპისათვის და ძირითადად, სულ შერკინების მოთამაშეებზე კეთდებოდა ძირითადი აქცენტი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ. ძალიან ძნელია, როდესაც პირველივე დღიდან 100%-ით გთხოვენ უეჭველად პირველ დივიზიონში გადაბარგებას.

- წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საკმაოდ იაქტიურა და გუნდში არსებულ მოთამაშეთა კონტინგენტს არაერთი ძლიერი მორაგბე დაამატა...
- ხმაურიანი ტრანსფერები არ ყოფილა, თუმცა საკმაოდ გავძლიერდით: "პერპინიანიდან" გადმოვიდა ბურჯი ჯერემი კატრი, დავიმატეთ ტონგას ნაკრების მარბიელი ჟოე ტუენაუ, სამხრეთაფრიკული "ჩიტაზიდან" - მარბიელი ფრანც ვილიოენი, მგეზავის პოზიციაზე - ახალზელანდიელი ლაქი მუნრო, შვიდკაცა რაგბის ეთიოპიელი ვარსკვლავი - ვილი ამბაკა და "კლერმონიდან" - ვიქტორ კოლელიშვილი.

- ტიმ ლეინთან ერთად როგორ დაიგეგმა სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი? იყო რაიმე განსხვავებული?
- განსხვავებული, პირველ რიგში, ის იყო, რომ საფრანგეთში ყველა გუნდზე ადრე, 15 ივნისს შევიკრიბეთ და პირველივე დღიდან ბურთთან ვარჯიშს შევუდექით. რამდენჯერმე "რაფტინგი" მოვაწყვეთ. ალპებში ვიყავით ფეხით წასულები და ტყეშიც გავათენეთ არაერთი ღამე კარვებში.

- სეზონის სასტარტო მატჩში ნამდვილი სარაგბო ზეიმი მოაწყვეთ "კარკასონთან". გასვლით მატჩში 52:38 იმარჯვეთ და ერთი ლელო თქვენც გაიტანეთ...
- საყურებლად მართლაც კარგი თამაში გამოვიდა. "კარკასონში" ბევრი ახალი მოთამაშეა შეკრებილი. ურთიერთშეთამაშების პრობლემა ჰქონდათ და ამით ვისარგებლეთ. თუმცა არ მინდა დავაკნინო მოწინააღმდეგის მონდომება.

მათ ბოლომდე იბრძოლეს და 38 ქულის მოპოვებაც მოახერხეს. ძალიან გახარებული ვიყავი, სეზონის დებიუტშივე რომ შევძელი თავის გამოჩენა. მარცხენა ფლანგზე, მეტოქის 5-მეტრიან ზონაში ვუტევდით. რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ჩემზე გამოიტანა. კონტაქტის ხარჯზე მეტოქის წინააღმდეგობის გადალახვა მოვახერხე და ლელოც გავიტანე.

- ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია გქონდათ, თუმცა ბოლო ტურში გასვლაზე დამარცხდით "ბეზიესთან"...
- ნამდვილად ძალიან კარგი სტარტი გამოგვივიდა და, ალბათ, ლოგიკურიც იყო, რომ სადღაც დავმარცხდებოდით.

"ბეზიე" უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია და მათთან გასვლაზე თამაში ყოველთვის ჭირს. თან ის ფაქტორიც არის, რომ მას შემდეგ, რაც "ლიონმა" სახელოვანი მოთამაშეები დაიმატა, ყველა გუნდი გაორმაგებული მოტივაციით გვხვდება და უფრო ჭირს მათთან ქულების აღება. მიუხედავად მარცხისა, მაინც პირველ ადგილზე ვართ, რაც ძალიან კარგია.

- "ლიონში" როგორი სიტუაციაა შექმნილი? მოედნის მიღმაც მეგობრობთ თუ ძირითადად მხოლოდ პროფესიული მოვალეობების მოხდით ხართ დაკავებულნი?
- საკმაოდ მეგობრული გუნდია. ძირითად ბირთვს "ლიონის" სკოლის აღზრდილი თაობა წარმოადგენს. დიდი ხანია უკვე, რაც ერთად ვართ და არ გვიჭირს ერთმანეთის გაგება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ყოველდღე ვარჯიშზე წასვლა მიხარია და ვალდებულების გრძნობით არავინ მოდის.

- თქვენი ძირითადი კონკურენტები ვინ არიან?
- გუნდში უდიდესი კონკურენციაა, თუმცა, წინა სეზონთან შედარებით, უფრო ხშირად მიწევს თამაში.

უმთავრესი კონკურენტი უაღრესად გამოცდილი ხავიერ ფიარდია, რომელიც უკვე 12 წელია, "ლიონში" თამაშობს და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. აქვეა რუმინეთის ნაკრების ბურჯი ბოგდან ბალანი, სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შემოგვიერთდება ვიან დუ პრი, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ორი კეპი აქვს უკვე მოხვეჭილი.

- ვიქტორ კოლელიშვილმა მოირჩინა ტრავმა? როგორ შეეგუა გუნდს?
- "ვიტოს" მცირე ტრავმა ჰქონდა და ამიტომ მოუწია ბოლო თამაშის გამოტოვება. თუმცა უკვე ყველაფერი წესრიგშია და ვარჯიშობს. ახლა ერთკვირიანი შესვენებაა მეორე დივიზიონში, რაც მას მისცემს საშუალებას, უკეთესად მოემზადოს მომდევნო თამაშისათვის.

"ლიონში" ძალიან კარგი დებიუტი გამოუვიდა და უკვე დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

- საკმაოდ რთული მატჩები გაქვთ მომდევნო ორ ტურში...
- საკმაოდ დაბალანსდა ძალათა თანაფარდობა საფრანგეთის ჩემპიონატში და ადვილად მოსაგები მატჩები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. "კოლომიესთან" და "მონ დე მარსანთან" დაპირისპირებისას ძალიან ბევრი ნიუანსი გამოჩნდება. ქულათა მაქსიმუმის აღების შემთხვევაში, საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ დასახული მიზნისკენ.

- სანაკრებო თემაზეც ვისაუბროთ. ეროვნულ გუნდში ორი კეპი გაქვთ მოხვეჭილი, თუმცა ბოლო წლებში "ბორჯღალოსანთა" რიგებში თამაში აღარ მოგიწიათ...
- როდესაც პირველად გამომიძახეს საქართველოს ნაკრებში, 19 წლის ვიყავი და საფრანგეთში მხოლოდ ესპუარებში მიხდებოდა თამაში.

ეროვნულ გუნდში ასპარეზობამ გაზარდა ფრანგული კლუბებისგან ჩემდამი ინტერესი და უფრო დიდი მოტივაციით განვაგრძე ვარჯიში. თუმცა შემდეგ იყო ტრავმები, რამაც ბევრ შემთხვევაში შემიშალა ხელი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლევან მაისაშვილს, რომელმაც ორჯერ მომიწვია საქართველოს A ნაკრებში, თუმცა კლუბმა არ გამომიშვა, რადგან იმ მომენტში ოფიციალური სანაკრებო შესვენებები არ იყო საფრანგეთის ჩემპიონატში გამოცხადებული.

- ნოემბერში საქართველოს ნაკრებს სამი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი ელის აშშ-ის, კანადის და სამოას ნაკრებებთან. რას ფიქრობთ ამ შეხვედრებზე?
- ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩები უნდა გამოვიდეს. ნაკრების შემადგენლობაში გამოძახების შემთხვევაში დიდი სიხარულით ჩამოვალ და აუცილებლად ვითამაშებ, რადგან ამ დროს საფრანგეთის ჩემპიონატში შესვენებაა და თავისუფალი ვიქნები.

გურამ კავთიძე
დაიბადა: 29.05. 1987
სიმაღლე: 185 სმ
წონა: 120 კგ
ამპლუა: ბურჯი (#3)
გაიზარდა: "უნივერსიტეტი"
თამაშობს: "ლიონი"
ეროვნული ნაკრები: 2 კეპი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა მაგარი კაცი მიდი მიდი შეუბერე საფრანგეთში და მალე გვენახე ნაკრებში
კახა
17:29 10-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული