დავით ქუბრიაშვილი: მოვიდა დრო, ელიტურ ნაკრებებს რეგულარულად ვეთამაშოთ

AutoSharing Option
დოსიე
დავით ქუბრიაშვილი
დაიბადა: 12.03.1986
სიმაღლე: 183 სმ
წონა: 120 კგ
ამპლუა: ბურჯი
გაიზარდა: ლელო
თამაშობს: სტად ფრანსი (საფრანგეთი)

თბილისის "ლელოს" აღზრდილმა ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა ძალიან მალე მოიპოვა წარმატება ევროპულ სარბიელზე.

2007 წელს, მშობლიური კლუბიდან 21 წლის "დუდუ" ფრანგულ ფედერალ 1-ში მოასპარეზე "მასიში" გადავიდა, სადაც თავდაპირველად დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ამიტომაც მალევე დატოვა კლუბი და "მონპელიეში" გადაბარგდა...

ერთი სეზონის შემდეგ მურად ბურჯელალიმ ვარსკვლავური გუნდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და ქართველი პირველხაზელი საკუთარ "ტულონში" მიიწვია, საიდანაც დაიწყო კიდეც ახალი ეპოქა, რომლის
განმავლობაშიც დავით ქუბრიაშვილი "ფრანგული გალაქტიკოს" ერთ-ერთ მთავარ საყრდენ მოთამაშედ იქცა.

"დუდუს" არა ერთი სახელოვანი მორაგბის მხარდამხარ უთამაშია და ქართული რაგბის ისტორიაში გახდა პირველი, ვინც "ბარბაროსთა"
რიგებში მიიწვიეს.

შემოდგომის ტესტმატჩების შემდეგ სასაუბრო საკმაოდ ბევრი დაგროვდა. ამიტომ, ჩვენ მას საფრანგეთში შევეხმიანეთ...

- გასული სეზონი პირადად შენთვის და "ტულონისთვის" ყველაზე წარმატებული გამოდგა. მოიგეთ ევროპის უპრესტიჟული საკლუბო ტურნირი - "ჰეინეკენის თასი", ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეთ...
- სეზონი მართლაც კარგი გამოვიდა. იმის წინაშიც ორი ფინალი ვითამაშეთ, თუმცა ჯერ "ჩელენჯ ქაფის" ფინალში ვიწვნიეთ დასანანი მარცხი, შემდეგ კი საფრანგეთის ჩემპიონატში. ამან კიდევ უფრო გაგვიზარდა მოტივაცია და შარშან დაშვებული შეცდომები წლეულს აღარ გავიმეორეთ, მოვიგეთ ყველა მორაგბისთვის საოცნებო ტიტული - "ჰეინეკენის თასი", თუმცა დუბლი ვერ შევასრულეთ, რაღაც მცირე დავაკელით და შესაბამისად "კასტრთან" წავაგეთ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალი.

თუმცა საბოლოო ჯამში ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა, რადგან დავარღვიეთ კლუბის ისტორიაში არსებული 21-წლიანი "მშრალი" სერია და ტიტულით დავასრულეთ სეზონი.

Sportall.Ge

- საინტერესოა, რომელ ტურნირზე ასპარეზობას ექცეოდა უფრო მეტი ყურადღება? პრიორიტეტად რომელი ითვლებოდა?
- როგორც მოთამაშისთვის და პირადად ჩემი კარიერისთვის "ჰეინეკენის თასის" მოგება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, თუმცა ქალაქისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვა დატვირთვა აქვს ტოპ14-ს, ამიტომ, კლუბის მესვეურებისთვის უფრო პრიორიტეტული შიდა ჩემპიონატის მოგება იყო.

- ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ, "ტულონი" დატოვე და პარიზულ "სტად ფრანსში" გადახვედი. რა იყო ამის მიზეზი?
- "ტულონთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, თუმცა საერთო შეთანხმებით გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა შეგვეწყვიტა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდში რომ დავბრუნდი, იქიდან მოყოლებული, ის სათამაშო დრო არ მეძლეოდა, რომელიც ჩემი კარიერული წინსვლისთვის იქნებოდა აუცილებელი. რეგულარულად კი ვთამაშობდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, ამიტომაც გადავწყვიტე, გადავსულიყავი შედარებით მოკრძალებული მიზნების მქონე პარიზულ "სტად ფრანსში", რომელიც გაცილებით უფრო ტრადიციული გუნდია ფრანგულ რაგბიში, ვიდრე თუნდაც "ტულონი".

კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სერიოზული მიზნები აქვს - ახალი, ძლიერი გუნდის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ყველა მოთამაშის კარიერაში დგება ახალი ეტაპის დაწყების დრო და იმედია, ეს ეტაპი ჩემთვის წარმატებული გამოდგება.

- სეზონისწინა პერიოდში "სტად ფრანსი" მნიშვნელოვნად გაძლიერდა. შენს გარდა, კლუბში მოვიდნენ ისეთი სახელოვანი მორაგეები როგორებიც არიან ჰეინკე ვან დერ მერვე ("ლენსტერი"), მორნე შტეინი ("ბლუ ბულზი") და დიგბუ იოანე ("ქვინსლენდ რედზი"). საინტერესოა, რა მიზნები დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ სეზონის წინ?
- ამჟამად ორ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას - ტოპ14-ში და "ჩელენჯ ქაფზე". როგორც მინიმუმ, ორივეგან პლეი ოფი უნდა ვითამაშოთ და შემდეგ რაც უფრო წინ წავალთ უკეთესი იქნება. საფრანგეთის ჩემპიონატში კარგი სტარტი გვქონდა, მაგრამ ამჯერად მეექვსე ადგილზე ვართ, თუმცა ეს მაინც საპლეიოფო ექვსეულია. "ჩელენჯზე" კი ორიდან ორივე თამაში მოვიგეთ, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებით გაცილებით უფრო მეტი ყურადღება შიდა ჩემპიონატს ენიჭება. თუ საერთაშორისო ასპარეზზეც გამოვიჩენთ თავს, ესეც სასიამოვნო იქნება.

- გუნდის "შიდა სამზარეულოში" როგორი მდგომარეობაა? ვისთან მეგობრობ ყველაზე მეტად? როგორ შეეწყო გუნდს ზურაბ ჟვანია?
- "სტად ფრანსი" საკმაოდ მეგობრული გუნდია. რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანიასთან ვმეგობრობ, საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული ბიჭია, მალევე დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს როგორც ეროვნული ნაკრების, ასევე კლუბის შემადგენლობაში. უცხოელებიდან კი ყველაზე ახლოს ვარ მარბიელ ოლივიე მისუპთან. დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვიყავით "ტულონში" და ახლა ორივე "სტად ფრანსში" ვართ.

Sportall.Ge

- ძალიან ბევრ ვარსკვლავთან ერთად გითამაშია. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ჯონი უილკინსონი, ბაკის ბოთა, კარლ ჰეიმანი, ტანა უმაგა...
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მოედანზე შესრულებული სამუშაოთი ისინი უდიდესი პროფესიონალები არიან, თუმცა მოედნის გარეთ უბრალო ბიჭების ფუნქციას ირგებენ და ძალიან უშუალონი ხდებიან. მათ შორის, ყველაზე მეტად მინდა გამოვარჩიო ტანა უმაგა, ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ საკითხზე შეგიძლია დაელაპარაკო და სთხოვო დახმარება, თან დარწმუნებული ხარ, რომ აუცილებლად დაგეხმარება.

თავდაპირველად, ის მოთამაშე იყო "ტულონში", მოგვიანებით - მწვრთნელი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მთელი კლუბის სულსა და გულს წარმოადგენდა.

კარლ ჰაიმანი ახალი ზელანდიის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბურჯია. ის გამოირჩევა თავისი სიძლიერით და ხასიათის სიმტკიცით. დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, მაგრამ ამას არასდროს უმოქმედია ჩვენს პირად ურთიერთობაზე. უილკინსონი კი, როგორი თავდადებული მოთამაშეცაა მოედანზე, ისეთივე მეგობარია მოედნის მიღმაც.

- მოვილიეთ შემოდგომის ტესტ-მატჩებიც. როგორ შეაჯამებ განვლილ თამაშებს?
- კანადასთან თამაშმა ცუდ ამინდში მოგვიწია. პირველი ტაიმი ჩაგვივარდა, თუმცა მეორეში მოვუმატეთ და მოვიგეთ კიდეც ის შეხვედრა.

ამერიკასთან ბევრი რამ ვერ შევასრულეთ ისე, როგორც საჭირო იყო. ბევრი ბოჭვა გავაფუჭეთ, რამაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.

აი, რაც შეეხება სამოასთან დაპირისპირებას, ეს მართლაც დასამახსოვრებელი მატჩი გამოდგა. ელიტური დონის გუნდთან დაპირისპირებით კიდევ ერთხელ გავზომეთ ჩვენი შესაძლებლობები და დავანახეთ მთელს სარაგბო სამყაროს, რომ დროა, მოგვეცეს 6 ერის ნაკრებებთან რეგულარულად ასპარეზობის შანსი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი მორაგბეები ნამდვილი ვაჟკაცები და საქართველოს სიამაყეა-არ გვანან ჩვენს ,,ფეხბურთის ვარსკვლავებს;.
seve
12:03 16-12-2013
0
წარმატებები დათო
თამთა
09:23 16-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული