ქართული ლეგიონი: ლიდერები ისევ ჩვენებურები არიან

AutoSharing Option
მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების ნაკრებები ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევდნენ, საფრანგეთის ქართული ლეგიონის იმ ნაწილმა, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდში არ იყო გამოძახებული, ამ ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებში იასპარეზა.

ელიტარულ, პირველ დივიზიონში მეთვრამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც სატურნირო ცხრილის პირველი ექვსი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს აქვთ "ოკუპირებული".

ტურის ცენტრალური მატჩი კლერმონფერანში გაიმართა, სადაც დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" იმ დროისთვის გალიდერებულ ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსეს" უმასპინძლა და 25:13 დაამარცხა. შედეგად, "ვულკანები" სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა, 25 ქულა,
გუნდს ცხრა ნომერმა მორგან პარამ მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ექვსი საჯარიმო), რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავ ფორმაშია, საფრანგეთის ნაკრებში ექვსი ერის გათამაშებაში საასპარეზოდ არ მიიწვიეს.

ზირაქაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 62-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი დაშავებულია, ჟვანიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა.

"სტად ფრანსე" ახლა 50 ქულით მეორე ადგილზეა. მას ორი ქულით ჩამორჩება საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა პირველი დივიზიონის დებიუტანტი "ოიონაქსი" - 17:16. ფეიქრიშვილი "ბორჯღალოსანთა" რიგებში გაისარჯა.

საინტერესო გამოდგა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზის" დაპირისპირება შინ მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიესთან". თამაში, ყველასათვის მოულოდნელად, სტუმრების, მონპელიელების გამარჯვებით დასრულდა - 15:12. მე-18 ტურში ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელშიც სტუმართა გუნდმა წარმატებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მრავლად აკლდა სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში მივლინებული მოთამაშეები, რამაც თამაშის ხარისხს სერიოზული დაღი დაასვა. სულაც არ იგრძნობოდა, რომ ფრანგული რაგბის გრანდი ჩემპიონატის ლიდერთა შორის მყოფ გუნდს ხვდებოდა.

ბრეგვაძე და ნარიაშვილი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, გორგოძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან.

საპლეიოფო ექვსეულს დაუბრუნდა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ დაამარცხა გათამაშების აუტსაიდერი "ბიარიცი" - 33:20.

აღსანიშნავია, რომ ბასკები 75-ე წუთამდე ანგარიშში წინ იყვნენ - 20:19, თუმცა დასკვნით ხუთ წუთში მასპინძლებმა უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე ორი ლელოს გატანა მოახერხეს და სამარცხვინო მარცხს გადაურჩნენ.

ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს პორტუგალიის წინააღმდეგ.

დაძაბული გამოდგა გიორგი ჟღენტის "პერპინიანისა" და დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგის" დაპირისპირება. დიდი მცდელობის მიუხედავად, გუნდები მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 19:19.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, ათი წუთით ადრე კი ის არბიტრმა სინბინში გაუშვა. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივმა" სტუმრად წააგო ბასკურ "ბაიონთან" - 6:9. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 36-ე წუთზე ის არბიტრმა გაასინბინა, 68-ე წუთზე კი მის ნაცვლად თამაშში შველიძე ჩაერთო.

I დივიზიონი

XVIII ტური
ბორდო-გრენობლი 38:17, კლერმონი-სტად ფრანსე 25:13, ბაიონი-ბრივი 9:6, ტულონი-ბიარიცი 33:20, კასტრი-ოიონაქსი 17:16, პერპინიანი-მეტრო რასინგი 19:19, ტულუზი-მონპელიე 12:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 54 ქულა, 2. სტად ფრანსე - 52, 3. კასტრი - 50, 4. მონპელიე - 48, 5. ტულონი - 47, 6. ტულუზი - 45, 7. გრენობლი - 45, 8. მეტრო რასინგი - 44, 9. ბორდო - 42, 10. ბრივი - 40, 11. პერპინიანი - 38, 12. ბაიონი - 38, 13. ოიონაქსი - 34, 14. ბიარიცი - 17.

XIX ტური
გრენობლი-კლერმონი, ტულონი-კასტრი, მეტრო რასინგი-ბაიონი, ოიონაქსი-ბორდო, მონპელიე-პერპინიანი, ბიარიცი-ტულუზი, ბრივი-სტად ფრანსე.

მეორე დივიზიონში სატურნირო ცხრილის სათავეში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია.

ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონმა", რომელიც პირველობის ყველაზე რეალური ფავორიტია, სტუმრად დაამარცხა ერთ-ერთი კონკურენტი "პო" - 22:19. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრძოლა დაძაბული გამოდგა და მატჩის არბიტრმა ორივე გუნდიდან ჯამში ხუთი მორაგბე გაასინბინა. კოლელიშვილი საქართველოს ნაკრებში გაისარჯა.

"ლიონს" ახლა 69 ქულა აქვს და შვიდი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ტარიელ რატიანიძის "აჟენს", რომელიც სტუმრად დამარცხდა "ბურგუენთან" - 6:12.

საგულისხმოა, რომ ამ მატჩშიც არბიტრმა მოთამაშეებს ხუთჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი. რატიანიძეს არ უთამაშია.

საპლეიოფო ხუთეულს მჭიდროდ დაუახლოვდა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც სტუმრად მოუგო კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბის" - 26:14.

თოდუამ სრულად ითამაშა, მირცხულავა მატჩში 52-ე წუთიდან ჩაერთო, რვა წუთის შემდეგ მოედანზე თეთრაშვილიც გამოჩნდა, ჩხაიძემ და ნემსაძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი
XIX ტური
ბურგუენი-აჟენი 12:6, ლა როშელი-ოში 17:6, ბეზიე-დაქსი 12:10, ალბი-ტარბი 14:26, კარკასონი-კოლომიე 19:12, მონ დე მარსანი-ნარბონი 15:10, ბურგ ან ბრესი-ორიაკი 35:12, პო-ლიონი 19:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 69 ქულა, 2. აჟენი - 62, 3. ლა როშელი - 59, 4. პო - 57, 5. ნარბონი - 52, 6. ტარბი - 50, 7. კოლომიე - 50, 8. ბურგუენი - 44, 9. ორიაკი - 42, 10. დაქსი - 40, 11. ბეზიე - 39, 12. მონ დე მარსანი - 37, 13. ბურგ ან ბრესი - 30, 14. ალბი - 30, 15. ოში - 27, 16. კარკასონი - 26.

XX ტური
ლა როშელი-პო, კოლომიე-ალბი, ტარბი-ბურგუენი, ორიაკი-კარკასონი, ოში-მონ დე მარსანი, ნარბონი-აჟენი, ლიონი-ბეზიე, დაქსი-ბურგ ან ბრესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული