ქართული ლეგიონი: ალექსანდრე თოდუას მორიგი ლელო

AutoSharing Option
ევროპული სანაკრებო ბატალიების მიუხედავად, საფრანგეთში ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ერთბაშად თერთმეტი გუნდი ინარჩუნებს.

მათ შორისაა ქართველ მორაგბეთა ყველა გუნდი.

მე-20 ტურის შემდეგ ლიდერობა დაიბრუნა დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა". "ვულკანები" წლეულს ყველაზე სტაბილურად ასპარეზობენ და სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური ლოგიკურად უჭირავთ. მათ ამჯერად შინ დამაჯერებლად სძლიეს მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" - 42:16.

ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. არბიტრმა სამი
მონპელიელი გაასინბინა, კლერმონელთა ცხრა ნომერ მორგან პარას კი წითელი ბარათი უჩვენა. "მონპელიე" ამ მარცხის გამო მეორე საფეხურიდან მეხუთემდე დაქვეითდა. სამივე ქართველი მორაგბე საქართველოს ნაკრების რიგებში გაისარჯა.

სატურნირო ცხრილში მეორე საფეხური დაიბრუნა ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსემ". პარიზელებმა უმძიმეს ბრძოლაში შინ შეძლეს დივიზიონის დებიუტანტი "ოიონაქსის" დამარცხება - 29:26. მასპინძლებს გამარჯვება სამხრეთაფრიკელმა მგეზავმა მორნი სტეინმა ფეხჩუბინობის წყალობით მოუტანა.

ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ჟვანია საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად ბასკურ "ბაიონთან" ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" - 15:9.

აღსანიშნავია, რომ მე-19 წუთისთვის ბასკები 9:0-ს იგებდნენ, თუმცა მერე საქმეში ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი ჩაერთო, რომელმაც ოთხი საჯარიმო და ერთი არეკნი გაიტანა, რითაც თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.

ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების რიგებში რუსების წინააღმდეგ ითამაშეს.

მწვავე ბრძოლა გადაიტანა შინ საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელმაც ამ ქვეყნის გრანდის, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზის" დამარცხება შეძლო - 29:27. მატჩის დაძაბულობაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ არბიტრმა ორივე გუნდიდან ჯამში ხუთი მორაგბე გაასინბინა.

ბრეგვაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა, კაკოვინი ტრავმირებულია, ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

გიორგი ჟღენტის "პერპინიანმა" შინ დაამარცხა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" - 12:6 და მიუხედავად იმისა, რომ მე-11 ადგილზეა, პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, შველიძემ მოედანზე 50 წუთი დაჰყო და მის ნაცვლად თამაშში ასეიშვილი ჩაერთო.

ზაზა ნავროზაშვილის "ბორდომ" შინ დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" - 25:9.

ხინჩაგიშვილი მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა, ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
XX ტური
კლერმონი-მონპელიე 42:16, პერპინიანი-ბრივი 12:6, გრენობლი-ბიარიცი 20:22, სტად ფრანსე-ოიონაქსი 29:26, ბორდო-მეტრო რასინგი 25:9, კასტრი-ტულუზი 29:27, ბაიონი-ტულონი 9:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 60 ქულა, 2. სტად ფრანსე - 56, 3. ტულონი - 55, 4. კასტრი - 55, 5. მონპელიე - 53, 6. ტულუზი - 50, 7. გრენობლი - 50, 8. მეტრო რასინგი - 48, 9. ბორდო - 46, 10. ბრივი - 46, 11. პერპინიანი - 42, 12. ბაიონი - 39, 13. ოიონაქსი - 35, 14. ბიარიცი - 21.

XXI ტური
მონპელიე-სტად ფრანსე, ბორდო-კლერმონი, მეტრო რასინგი-კასტრი, ბრივი-გრენობლი, ტულონი-ოიონაქსი, ტულუზი-პერპინიანი, ბიარიცი-ბაიონი.

მეორე დივიზიონში კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონმა", რომელმაც 21-ე ტურში სტუმრად დაამარცხა "მონ დე მარსანი" - 21:14.

ლიონელები 78 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარს, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" 11 ქულით უსწრებენ.

"ლა როშელმა" სტუმრად დაამარცხა "კარკასონი" - 35:33. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილმა "ბორჯღალოსნების" რიგებში ითამაშა.

ლაროშელელებს ერთი ქულით ჩამორჩება ტარიელ რატიანიძის "აჟენი", რომელმაც შინ დაამარცხა თორნიკე ლომიძის "ოში" - 44:32. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

საპლეიოფო ხუთეულს შვიდი ქულით ჩამორჩა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც სტუმრად წააგო "პოსთან" - 10:37. მირცხულავა თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძე და ნემსაძე ეროვნულ ნაკრებში გაისარჯნენ.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" შინ მინიმალური სხვაობით დაამარცხა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" - 30:29.

თოდუამ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, მე-2 წუთზე ლელო გაიტანა, თეთრაშვილი მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, დათუნაშვილი "ბორჯღალოსანთა" რიგებში გაისარჯა, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

გურამ კავთიძის, მერაბ შარიქაძისა და თამაზ მჭედლიძის "ბურგ ან ბრესი" შინ დამარცხდა "ნარბონთან" - 12:38. კავთიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძემ და შარიქაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.

ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" შინ მინიმალური სხვაობით - 22:21 დაამარცხა "კოლომიე". შერკინების ქართველი ბურჯი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.

II დივიზიონი
XXI ტური
მონ დე მარსანი-ლიონი 14:21, ალბი-ორიაკი 30:29, აჟენი-ოში 44:32, ბეზიე-კოლომიე 22:21, კარკასონი-ლა როშელი 33:35, ბურგუენი-დაქსი 37:3, ბურგ ან ბრესი-ნარბონი 12:38, პო-ტარბი 37:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 78 ქულა, 2. ლა როშელი - 67, 3. აჟენი - 66, 4. პო - 63, 5. ნარბონი - 61, 6. ტარბი - 54, 7. კოლომიე - 53, 8. ბურგუენი - 50, 9. ორიაკი - 47, 10. დაქსი - 44, 11. ბეზიე - 43, 12. მონ დე მარსანი - 42, 13. ალბი - 36, 14. ბურგ ან ბრესი - 31, 15. კარკასონი - 28, 16. ოში - 27.

XXII ტური
ორიაკი-ოში, ალბი-ბურგ ან ბრესი, ლა როშელი-ბურგუენი, მონ დე მარსანი-კარკასონი, ლიონი-კოლომიე, პო-ბეზიე, ნარბონი-დაქსი, ტარბი-აჟენი.

ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე ლიდერობას ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი განაგრძობს, პლეი ოფში გასვლის შანსს კი ჩვენებურთა სამი გუნდი ინარჩუნებს.

A ჯგუფის ლიდერმა, შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად ითამაშა უშუალო კონკურენტ "ნევერთან" და 16:10 დაამარცხა.

დადუნაშვილმა, აშვეთიამ და სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს.

ამავე ჯგუფში პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს ლევან მოდებაძის, რეზო გიგაურისა და თენგიზ გელანტიას "მონლუსონი", რომელიც 33 ქულით მეხუთე ადგილზეა. მონლუსონელებმა შინ დაამარცხეს აუტსაიდერი, ირაკლი ნინიძის "დიჟონი" - 17:13.

გიგაურმა სრულად ითამაშა, ნინიძე 48-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა იქამდე, მე-14 წუთზე არბიტრმა გაასინბინა; გელანტია და მოდებაძე მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდნენ.

ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა" სტუმრად წააგო "კონიაკთან" - 20:27. ქართველმა მეორეხაზელმა სრულად ითამაშა. შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელი" ასევე სტუმრად დამარცხდა "ბობინისთან" - 12:33. საყვარელიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

A ჯგუფი
ნევერი-მასი 10:16, ვანი-ლილი 5:25, კონიაკი-სენ ნაზერი 27:20, მონლუსონი-დიჟონი 17:13, ბობინი-სენ ჟან დანჟელი 33:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 60 ქულა, 2. ნევერი - 52, 3. ლილი - 52, 4. ვანი - 38, 5. მონლუსონი - 33, 6. ბობინი - 30, 7. კონიაკი - 29, 8. სენ ნაზერი - 26, 9. სენ ჟან დანჟელი - 17. 10. დიჟონი - 12.

XVI ტური
მასი-ვანი, ლილი-კონიაკი, დიჟონი-ნევერი, სენ ნაზერი-ბობინი, სენ ჟან დანჟელი-მონლუსონი.

B ჯგუფში ლიდერი ავთანდილ კოპალიანის "მაკონია", რომელმაც მე-15 ტურში შინ დაამარცხა მერაბ კვირიკაშვილის "ვიენი" - 30:11. კოპალიანი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, კვირიკაშვილმა საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.

გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონმა" შინ დაამარცხა ლიდერთა შორის მყოფი საბა ქართველიშვილის "შამბერი" - 26:23. ქართველიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ჯაშიტაშვილს არ უთამაშია.

B ჯგუფი
ლა ვლე-ანესი 51:11, ობენა-ექსი 17:16, ლა სეინი-რომანი 31:13, მაკონი-ვიენი 30:11, შალონი-შამბერი 26:23.
სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 52 ქულა, 2. ობენა - 48, 3. ექსი - 44, 4. ლა სეინი - 41, 5. შამბერი - 40, 6. რომანი - 39, 7. ლა ვულე - 34, 8. შალონი - 23, 9. ვიენი - 17, 10. ანესი - 9.

XVI ტური
რომანი-მაკონი, ექსი-ლა სეინი, შამბერი-ობენა, ვიენი-ლა ვულე, ანესი-შალონი.

C ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის რეალური შანსი აქვს თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძისა და გიორგი გაბელიას "პერიგოს", რომელმაც შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ლიმოჟი" - 18:15.

ზიბზიბაძე "ბორჯღალოსანთა" რიგებში გაისარჯა, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

"პერიგოს" ახლა 37 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

C ჯგუფი
პერიგო-ლიმოჟი 18:15, ტულე-როდეზი 22:21, ლანჟონი-სენ ჟან დე ლუზი 13:14, ლავორი-მონტობანი 11:30, ენდაი-ლორმონი 21:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 70 ქულა, 2. ლანჟონი - 40, 3. პერიგო - 37, 4. სენ ჟან დე ლუზი - 37, 5. როდეზი - 32, 6. ლიმოჟი - 31, 7. ტულე - 31, 8. ლორმონი - 28, 9. ლავორი - 23, 10. ენდაი - 17.

XVI ტური
მონტობანი-ტულე, როდეზი-ლანჟონი, სენ ჟან დე ლუზი-პერიგო, ლორმონი-ლავორი, ლიმოჟი-ენდაი.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. სიმონ მაისურაძის, ლაშა მალაღურაძის, ლადო გუნიავას, ბექა ურჯუკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეგნერემ" შინ მინიმალური სხვაობით წააგო მიხეილ გაჩეჩილაძის "აჟეტმოსთან" - 12:13.

მაისურაძე და მჭედლიშვილი ერთდროულად 50-ე წუთზე შეცვალეს, გაჩეჩილაძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

D ჯგუფი
ოლორონი-ლურდი 47:15, ვალანსი-ლანამეზანი 34:6, კასტანე-მოლეონი 19:13, ბაგნერე-აჟეტმო 12:13, ტიროსი-ბლანიაკი 20:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 55 ქულა, 2. ოლორონი - 50, 3. კასტანე - 39, 4. ლანამეზანი - 39, 5. ვალანსი - 38, 6. ბაგნერე - 37, 7. ბლანიაკი - 32, 8. აჟეტმო - 21, 9. მოლეონი - 19, 10. ლურდი - 18.

XVI ტური
აჟეტმო-ოლორონი, ლანამეზანი-კასტანე, ლურდი-ვალანსი, ბლანიაკი-ბაგნერე, მოლეონი-ტიროსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული