ქართული ლეგიონი: ნოემბრის ტესტების პარალელურად

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების ციებ-ცხელების მიუხედავად, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

წამყვანი მოთამაშეების გარეშე რამდენიმე გუნდმა მარცხი განიცადა, "ტულონმა" კი, სადაც სამი ქართველი მორაგბე ირიცხება, სულაც ლიდერობა დაკარგა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად ითამშა აუტსაიდერ "კასტრთან" და 14:22 წააგო.

მასპინძლები ვარსკვლავებისგან დაცლილ ტულონელებს 66-ე წუთამდე 22:0 უგებდნენ. სტუმრებმა დასკვნით ათ წუთში გამოიღეს ხელი, თუმცა გვიანღა იყო.

მიქაუტაძემ და ჩილაჩავამ საქართველოს ნაკრებში ითამაშეს, გორგოძე კი ტრავმირებულია და მწყობრში მხოლოდ თვის ბოლოს ჩადგება.

ამასობაში ლიდერობა ხელთ იგდო დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელმაც შინ დაამარცხა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" - 51:9.

ქართველებს ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ. კოლელიშვილი, ჟვანია და ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, ზირაქაშვილი ტრავმირებულია.

ანტონ ფეიქრიშვილისა და დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" შინ დაამარცხა გიორგი ჟღენტის ბასკური "ბაიონი" - 27:10. სამივე ქართველი ტრავმირებულია.

ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" სტუმრად დაამარცხა მინიმალური სხვაობით ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" - 21:20. კაკოვინმა სრულად ითამაშა, ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.

მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ წააგო კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივთან" - 10:25. სტუმრებმა პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით - 16:0 მოიგეს, რითაც გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი. შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე ასეიშვილმა შეცვალა. ნარიაშვილმა საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" - 9:37. ჩვენებური ბოლო ჟამს კარგი გარჯით გუნდის ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს. ის ამჯერადაც ძირითადში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

I დივიზიონი
XI ტური
მონპელიე-ბრივი 10:25, კასტრი-ტულონი 22:14, კლერმონი-სტად ფრანსე 51:9, გრენობლი-ლიონი 34:30, ოიონაქსი-ლა როშელი 37:9, მეტრო რასინგი-ბაიონი 27:10, ბორდო-ტულუზი 20:21.

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 36 ქულა, 2. ტულონი - 33, 3. სტად ფრანსე - 31, 4. მეტრო რასინგი - 29, 5. ბორდო - 28, 6. გრენობლი - 28, 7. ტულუზი - 27, 8. მონპელიე - 26, 9. ბრივი - 22, 10. ოიონაქსი - 21, 11. ბაიონი - 21, 12. ლა როშელი - 19, 13. კასტრი - 19, 14. ლიონი - 18.

XII ტური
ტულონი-კლერმონი, კასტრი-მეტრო რასინგი, ლა როშელი-ბაიონი, ლიონი-მონპელიე, ოიონაქსი-ბორდო, სტად ფრანსე-ბრივი, ტულუზი-გრენობლი.

* * *

მეორე დივიზიონში მე-9 ტურში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა და ლიდერობა განიმტკიცა გიორგი ნაცარაშვილის "პომ", რომელმაც შინ დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 41:6. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. "პო" უახლოეს მდევარს, ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბის" 13 ქულით უსწრებს.

ალბელებმა მე-10 ტურში სტუმრად დაამარცხეს ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი" - 20:19. ხატიაშვილი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო და 79-ე წუთზე გაასინბინეს, მაისურაძე მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა, შეყლაშვილი ტრავმირებულია, დათუნაშვილმა და შარიქაძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს.

სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა ლაშა ლომიძის "ბეზიე", რომელმაც სტუმრად წააგო დავით აშვეთიას, შალვა სუთიაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, დავით დადუნაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "მასისთან" - 10:19. აშვეთია 47-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა 26 წუთით მეტი ითამაშა, ყუფარაძე მოედანზე მე-11 წუთიდან გამოჩნდა, დადუნაშვლს და ახობაძეს არ უთამაშიათ, ლომიძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

გიორგი თეთრაშვილის, თამაზ მჭედლიძისა და ტარიელ რატიანიძის "აჟენმა" შინ დაამარცხა "მონტობანი" - 24:13 და 25 ქულით მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. თეთრაშვილი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო, რატიანიძე განაცხადში არ იყო. მჭედლიძემ ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა.

გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანმა" სტუმრად წააგო "დაქსთან" - 12:19. ბასილაია საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, მჭედლიშვილი ტრავმირებულია.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბმა" შინ მოუგო "მონ დე მარსანს" - 26:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი
X ტური
ორიაკი-ალბი 19:20, ბურგუენი-კარკასონი 25:19, აჟენი-მონტობანი 24:13, დაქსი-პერპინიანი 19:12, მასი-ბეზიე 19:10, პო-ბიარიცი 41:6, ტარბი-მონ დე მარსანი 26:16, ნარბონი-კოლომიე 10:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 40 ქულა, 2. ალბი - 27, 3. ბეზიე - 26, 4. აჟენი - 25, 5. კოლომიე - 25, 6. პერპინიანი - 24, 7. მონ დე მარსანი - 23, 8. კარკასონი - 23, 9. ორიაკი - 22, 10. ბიარიცი - 21, 11. მონტობანი - 20, 12. მასი - 19, 13. ტარბი - 19, 14. ბურგუენი - 17, 15. ნარბონი - 17, 16. დაქსი - 13.

XI ტური
ალბი-აჟენი, ბეზიე-ორიაკი, კოლომიე-პო, მონტობანი-ტარბი, ბიარიცი-მასი, დაქსი-ნარბონი, პერპინიანი-ბურგუენი, კარკასონი-მონ დე მარსანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული