ქართული ლეგიონი: საპლეიოფო ზონაში სამია

AutoSharing Option
ფოტოზე: ბურთით შალვა სუთიაშვილი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში XII ტურის მატჩები გაიმართა.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა გიორგი ნაცარაშვილის "პომ".

ჩვენებურის ამ გუნდმა შინ შეძლო პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანის" დამარცხება - 22:19. ნაცარაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. იმავდროულად, მოედანზე გამოჩნდა მჭედლიშვილიც, რომელიც ოთხ წუთში გაასინბინეს. ბასილაია ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.

"პოს" ცხრა ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი", რომელმაც შინ დაამარცხა "კარკასონი" - 34:22. მაისურაძემ თავიდან
ბოლომდე ითამაშა, შეყლაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს.

საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ მოუგო უშუალო კონკურენტ "კოლომიეს" - 20:13.

დათუნაშვილმა და შარიქაძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

ოდნავ დათმო პოზიცია ლაშა ლომიძის "ბეზიემ", რომელიც სტუმრად დამარცხდა "მონ დე მარსანთან" - 18:32. ლომიძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, ელიზბარ ყუფარაძის, დავით დადუნაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "მასიმ". პარიზელებმა შინ დაამარცხეს "დაქსი" დიდი ანგარიშით - 50:13.

სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია მე-40 წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, დადუნაშვილს და ახობაძეს არ უთამაშიათ.

სტუმრად "ბიარიცთან" დამარცხდა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი" - 18:42. თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძემ ეროვნულ გუნდში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბია", რომელმაც სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 23:36.

კობერიძე თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა ტრავმირებულია, ნემსაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

XII ტური

ბიარიცი-აჟენი 42:18, ალბი-კარკასონი 34:22, ორიაკი-კოლომიე 20:13, ბურგუენი-მონტობანი 14:20, მასი-დაქსი 50:13, მონ დე მარსანი-ბეზიე 32:18, ნარბონი-ტარბი 36:23, პო-პერპინიანი 22:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 44 ქულა, 2. ალბი - 35, 3. მონ დე მარსანი - 31, 4. პერპინიანი - 30, 5. კოლომიე - 30, 6. ორიაკი - 30, 7. ბიარიცი - 30, 8. მონტობანი - 29, 9. ბეზიე - 27, 10. აჟენი - 25, 11. მასი - 24, 12. კარკასონი - 23, 13. ნარბონი - 21, 14. ტარბი - 19, 15. ბურგუენი - 17, 16. დაქსი - 17.

XIII ტური
მონტობანი-პო, აჟენი-დაქსი, ბეზიე-კარკასონი, პერპინიანი-ორიაკი, ტარბი-მასი, კოლომიე-ბურგუენი, მონ დე მარსანი-ალბი, ნარბონი-ალბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული