საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა - თამაზ მჭედლიძემ და შალვა სუთიაშვილმა თითო ლელო მიითვალეს, შერკინების ბურჯი ზურაბ ჟვანია კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ეგრეთ წოდებული ზამთრის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი ქართველ მორაგბეთა ერთბაშად ოთხ გუნდს აქვს.
ლიდერი კი მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონია", რომელმაც მე-13 ტურში შინ დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი "ლიონი" - 30:6. გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჩილაჩავა თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.
"ტულონს" კვალში
"ვულკანებმა" შინ მიიღეს აუტსაიდერი "კასტრი" და 19:10 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს და მათი წინააღმდეგობის გატეხვა კლერმონელებმა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს.
ზირაქაშვილი მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა, კოლელიშვილი ტრავმირებულია.
ლიდერებს მჭიდროდ დაუახლოვდა ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე", რომელიც ახლა 39 ქულით მესამე ადგილზეა. პარიზელებმა სტუმრად შეძლეს "სახლის გუნდად" შერაცხული "გრენობლის" დამარცხება - 43:30. ჟვანია მატჩში საუკეთესო იყო და ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ჟვანია 67-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი თამაშში იმავდროულად ჩაერთო.
გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა პარიზულმა გუნდმა. დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" შინ მოუგო ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" - 27:8. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია, ყაულაშვილი მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა.
საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ვასილ კაკოვინის "ტულუზი" - 23:20. ნარიაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი მოედანზე 30-ე წუთზე გამოჩნდა და შვიდ წუთში მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა.
უაღრესად საჭირო გამარჯვებას მიაღწია კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივმა", რომელმაც შინ დაამარცხა "ოიონაქსი" - 19:6. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შველიძემ შეცვალა, ფეიქრიშვილს არ უთამაშია.
I დივიზიონი
XIII ტური
გრენობლი-სტად ფრანსე 30:43, მონპელიე-ტულუზი 23:20, ბაიონი-ბორდო 15:12, ბრივი-ოიონაქსი 19:6, მეტრო რასინგი-ლა როშელი 27:8, ტულონი-ლიონი 30:6, კლერმონი-კასტრი 19:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 42 ქულა, 2. კლერმონი - 40, 3. სტად ფრანსე - 39, 4. მეტრო რასინგი - 37, 5. გრენობლი - 32, 6. მონპელიე - 31, 7. ბორდო - 30, 8. ტულუზი - 29, 9. ბაიონი - 27, 10. ბრივი - 27, 11. ოიონაქსი - 25, 12. ლიონი - 22, 13. ლა როშელი - 21, 14. კასტრი - 20.
XIV ტური
ტულუზი-მეტრო რასინგი, ბორდო-ბრივი, კასტრი-მონპელიე, ლა როშელი-გრენობლი, ოიონაქსი-ბაიონი, ლიონი-კლერმონი, სტად ფრანსე-ტულონი.
* * *
მეორე დივიზიონში ლიდერთა შორის ვითარება ნელ-ნელა იცვლება. სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ გიორგი ნაცარაშვილის "პო" უდგას, თუმცა მეორეადგილოსან "ბიარიცთან" სხვაობა უკვე ექვს ქულამდე შემცირდა. პირველ დივიზიონში დაბრუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანი", რომელიც ამჟამად მესამე ადგილზეა. "პომ" მე-15 ტურში სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 27:40. ნაცარაშვილს არ უთამაშია. "პერპინიანმა" კი შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ნარბონი" - 38:12. ბასილაია და მჭედლიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
საპლეიოფო ზონაშია ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი", რომელმაც სტუმრად მინიმალური სხვაობით სძლია "კოლომიეს" - 17:16. ორივე ქართველი თადარიგში იყო და თამაშში ერთდროულად, 54-ე წუთიდან ჩაერთო.
მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი" სტუმრად დამარცხდა გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბთან" - 15:25.
შარიქაძემ სრულად ითამაშა, მირცხულავა და ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მატჩის არბიტრმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა, დათუნაშვილი და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" შინ მოუგო შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასის" - 34:29. სუთიაშვილმა და მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს. პირველმა ლელო 31-ე წუთზე გაიტანა, მეორემ კი - თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე. ახობაძე აშვეთიამ 41-ე წუთზე შეცვალა, ყუფარაძემ მოედანზე 10 წუთით მეტი დაჰყო, თეთრაშვილი და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
ლაშა ლომიძის "ბეზიემ" სტუმრად წააგო "მონტობანთან" - 15:26. შედეგად, ლანგედოკელები მე-12 ადგილამდე დაქვეითდნენ. ლომიძე განაცხადში არ იყო.
II დივიზიონი
XV ტური
მონ დე მარსანი-დაქსი 16:3, აჟენი-მასი 34:29, ბურგუენი-ბიარიცი 6:27, კარკასონი-პო 40:27, კოლომიე-ალბი 16:17, პერპინიანი-ნარბონი 38:12, ტარბი-ორიაკი 25:15, მონტობანი-ბეზიე 26:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 49 ქულა, 2. ბიარიცი - 43, 3. პერპინიანი - 41, 4. ალბი - 40, 5. მონ დე მარსანი - 39, 6. მონტობანი - 38, 7. ორიაკი - 36, 8. კოლომიე - 35, 9. აჟენი - 33, 10. კარკასონი - 32, 11. ბეზიე - 31, 12. ტარბი - 31, 13. მასი - 26, 14. დაქსი - 22, 15. ბურგუენი - 21, 16. ნარბონი - 21.
XVI ტური
აჟენი-ტარბი, ალბი-ბურგუენი, ორიაკი-ბიარიცი, ბეზიე-კოლომიე, დაქსი-პო, მასი-მონ დე მარსანი, ნარბონი-მონტობანი, პერპინიანი-კარკასონი.
* * *
ინგლისის ჩემპიონატში საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა შალვა მამუკაშვილის "სეილ შარქსმა". "ზვიგენები" 28 ქულით ახალ, მე-5 ადგილზე იმყოფებიან და მესამეადგილოსან "ექსეტერს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან. მე-10 ტურში ჩვენებურის გუნდი შინ სწორედ ექსეტერელებს მასპინძლობდა და მეტოქე 18:11 დაამარცხა. მამუკაშვილი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.
ინგლისი
X ტური
სეილ შარქსი-ექსეტერი 18:11, ჰარლიქვინზი-ნიუკასლი 15:7, სარასენზი-ლონდონ ველში 78:7, ნორსჰემპთონი-ლესტერ ტაიგერზი 23:19, გლოსტერი-ბასი 48:16, ვოსფსი-ლონდონ აირიში 48:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნორსჰემპთონი - 39 ქულა, 2. ბასი - 37, 3. ექსეტერი - 33, 4. სარასენზი - 30, 5. სეილ შარქსი - 28, 6. ვოსფსი - 26, 7. ლესტერ ტაიგერზი - 26, 8. ჰარლიქვინზი - 23, 9. გლოსტერი - 20, 10. ნიუკასლი - 14, 11. ლონდონ აირიში - 12, 12. ლონდონ ველში - 1.
XI ტური
ლონდონ აირიში-ლონდონ ველში, სეილ შარქსი-ლესტერ ტაიგერზი, ბასი-ექსეტერი, ნიუკასლი-სარასენზი, ჰარლიქვინზი-ნორსჰემპთონი, გლოსტერი-ვოსფსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"