ქართული ლეგიონი: ხუთიდან ოთხი ჩვენებურებისაა

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ნემსაძე

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც საპლეიოფო ზონაში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდია, ორი კი იქ მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს.

გათამაშების ლიდერმა, გიორგი ნაცარაშვილის "პომ" შინ მიიღო "ნარბონი" და 25:12 მოუგო.

ქართველმა შერკინების ბურჯმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. "პო" ახლა უახლოეს მდევარ "ბიარიცს" ათი ქულით უსწრებს და, თუ პირველი ადგილის შენარჩუნებას შეძლებს, ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურს ავტომატურად მიიღებს.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი" ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.

კატალონიელებმა მე-17 ტურში სტუმრად ითამაშეს
"კოლომიესთან" და 15:32 წააგეს.

მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" სტუმრად უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია "კარკასონთან" - 16:12. შედეგად, ჩვენებურთა ეს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი დისკვალიფიცირებულია, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

"ორიაკს" კვალში უდგას ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბი", რომელმაც სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ბიარიცთან" - 6:14. შეყლაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, მაისურაძემ 11 წუთით მეტი ითამაშა.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად შეძლო ტარიელ რატიანიძის "მონ დე მარსანის" დამარცხება. რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილი მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა, მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, დავით აშვეთიას, ვახტანგ ახობაძისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასი" - 63:14.

ლომიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, ყუფარაძე 62-ე წუთზე აშვეთიამ შეცვალა, დათუნაშვილი და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბმა" შინ დაამარცხა "ბურგუენი" - 9:0. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავამ სამი წუთით მეტი ითამაშა, კობერიძე განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XVII ტური
ბეზიე-მასი 63:14, კარკასონი-ორიაკი 12:16, მონტობანი-დაქსი 21:17, პო-ნარბონი 25:12, ტარბი-ბურგუენი 9:0, ბიარიცი-ალბი 14:6, კოლომიე-პერპინიანი 32:15, მონ დე მარსანი-აჟენი 9:11.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 58 ქულა, 2. ბიარიცი - 48, 3. პერპინიანი - 46, 4. ორიაკი - 44, 5. ალბი - 44, 6. მონტობანი - 43, 7. აჟენი - 43, 8. ბეზიე - 40, 9. მონ დე მარსანი - 40, 10. კოლომიე - 39, 11. ტარბი - 35, 12. კარკასონი - 33, 13. მასი - 30, 14. ნარბონი - 25, 15. დაქსი - 23, 16. ბურგუენი - 21.

XVIII ტური
ორიაკი-ნარბონი, დაქსი-კარკასონი, პო-კოლომიე, აჟენი-ბეზიე, ალბი-მონტობანი, ბურგუენი-მონ დე მარსანი, მასი-ბიარიცი, პერპინიანი-ტარბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული