ქართული ლეგიონი: ზურაბ ჟვანიას მორიგი ლელო "ჩელენჯ კაპზე"

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში პირველი, ჯგუფური ეტაპი დამთავრდა. ჩემპიონთა თასზე ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ სამმა გააღწია. ესენია: "კლერმონი", "ტულონი" და "მეტრო რასინგი".

A ჯგუფში პირველი ადგილი დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" დაიკავა. "ვულკანებმა" ბოლო ტურში შინ უახლოეს მდევარს, ინგლისურ "სარასენზს" მოუგეს - 18:6. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი ტრავმირებულია.

ამავე ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა შალვა მამუკაშვილის "სეილ შარქსი", რომელიც ბოლო ტურში სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა ირლანდიურ "მანსტერთან" - 10:65. მამუკაშვილი განაცხადში არ იყო.

C ჯგუფში
ფავორიტი თავიდანვე ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" იყო. ჩვენებურთა ამ გუნდმა ექვსი თამაშიდან ხუთი მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. ბოლო ტურში ტულონელები სტუმრად დაუპირისპირდნენ უელსურ "ჰლანეჰლის" და 26:3 მოუგეს.

გორგოძე თადარიგში იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ. ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ალსტერმა" შინ დაამარცხა ინგლისური "ლესტერ ტაიგერზი" - 26:7 და მეოთხედფინალის საგზური დააკარგვინა.

დრამატულად წარიმართა ბრძოლა D ჯგუფში. აქ სრულიად უმოტივაციო მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ მინიმალური სხვაობით, 27:26 დაამარცხა ვასილ კაკოვინის "ტულუზი" და პლეი ოფის მიღმა დატოვა.

არადა, ტულუზელები თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში სოლიდურად გამოიყურებოდნენ და ბოლო ტურამდე სატურნირო ცხრილის სათავეში იყვნენ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მიუხედავად, "მონპელიე" ბოლო ადგილს ვერ ასცდა.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი თამაშში ორი წუთით ადრე ჩაერთო.

ჯგუფში პირველი ადგილი კი ინგლისურმა "ბასმა" დაიკავა, რომელმაც შინ დაამარცხა შოტლანდიური "გლაზგო" - 20:15.

შესანიშნავად ითამაშა ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა", რომელმაც სტუმრად უშუალო კონკურენტს, ინგლისურ "ნორსჰემპთონს" მოუგო - 32:8 და პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდა. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

მეოთხედფინალში გავიდნენ: კლერმონი (საფრანგეთი), სარასენზი (ინგლისი), ლენსტერი (ირლანდია), ვოსფსი (ინგლისი), ტულონი (საფრანგეთი), ბასი (ინგლისი), მეტრო რასინგი (საფრანგეთი), ნორსჰემპთონი (ინგლისი).

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
მანსტერი-სეილ შაქსი 65:10, კლერმონი-სარასენზი 18:6

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 22 ქულა, 2. სარასენზი - 17, 3. მანსტერი - 15, 4. სეილ შარქსი - 2.

B ჯგუფი
კასტრი-ჰარლიქვინზი 19:47, ვოსფსი-ლენსტერი 20:20

სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 20 ქულა, 2. ვოსფსი - 18, 3. ჰარლიქვინზი - 18, 4. კასტრი - 1.

C ჯგუფი
ჰლანეჰლი-ტულონი 3:26, ალსტერი-ლესტერ ტაიგერზი 26:7

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 22 ქულა, 2. ლესტერ ტაიგერზი - 13, 3. ალსტერი - 12, 4. ჰლანეჰლი - 8.

D ჯგუფი
ბასი-გლაზგო 20:15, მონპელიე-ტულუზი 27:26

სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 19 ქულა, 2. ტულუზი - 17, 3. გლაზგო - 15, 4. მონპელიე - 6.

E ჯგუფი
ბენეტონი-ოსფრიზი 23:20, ნორსჰემპთონი-მეტრო რასინგი 8:32.

სატურნირო მდგომარეობა
1. მეტრო რასინგი - 24 ქულა, 2. ნორსჰემპთონი - 19, 3. ოსფრიზი - 9, 4. ბენეტონი - 4.

* * *
ჩემპიონთა თასისგან განსხვავებით, "ჩელენჯ კაპის" გათამაშების მომდევნო ეტაპზე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ვერ გააღწიეს.

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, გიორგი ჟღენტის "ბაიონი" და ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" ასპარეზობდა. ამ გუნდებმა, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს.

ბასკებმა ბოლო ტურში სტუმრად წააგეს ინგლისურ "ექსეტერთან" - 3:45. ლაროშელები კი შინ დამარცხდნენ ირლანდიურ "ქონოთთან" - 20:30. ყაულაშვილი თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო, ჟღენტს არ უთამაშია.

C ჯგუფიდან გათამაშების მიღმა დარჩა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად წააგო უელსურ "ნიუპორტთან" - 19:30. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ქუბრიაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, ჟვანიამ 46-ე წუთზე ლელო გაიტანა და ოცი წუთის შემდეგ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

E ჯგუფში ექვსი თამაშიდან ექვსივე წააგო კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივმა". ჩვენებურთა ეს გუნდი ბოლო ტურში შინ დამარცხდა ჯგუფის ლიდერთან, ინგლისურ "გლოსტერთან" - 20:31.

ასეიშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და სამ წუთში გაასინბინეს, შველიძე და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

მეოთხედფინალში გავიდნენ: გლოსტერი (ინგლისი), ედინბურგი (შოტლანდია), ნიუპორტი (უელსი), ნიუკასლი (ინგლისი), ექსეტერი (ინგლისი), ქონოთი (ირლანდია), კარდიფი (უელსი), ლონდონ აირიში (ინგლისი).

ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
გრენობლი-კარდიფი 3:28, როვიგო-ლონდონ აირიში 6:34

სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 24 ქულა, 2. კარდიფი - 24, 3. გრენობლი - 11, 4. როვიგო - 1.

B ჯგუფი
ექსეტერი-ბაიონი 45:3, ლა როშელი-ქონოთი 20:30.

სატურნირო მდგომარეობა
1. ექსეტერი - 25 ქულა, 2. ქონოთი - 20, 3. ბაიონი - 9, 4. ლა როშელი - 4.

C ჯგუფი
ბუქარესტი-ნიუკასლი 10:52, ნიუპორტი-სტად ფრანსე 30:19

სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 25 ქულა, 2. ნიუკასლი - 21, 3. სტად ფრანსე - 15, 4. ბუქარესტი - 1.

D ჯგუფი
ედინბურგი-ბორდო 38:20, ლონდონ ველში-ლიონი 12:17

სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 22 ქულა, 2. ლიონი - 17, 3. ბორდო - 16, 4. ლონდონ ველში - 0.

E ჯგუფი
ბრივი-გლოსტერი 20:31, ოიონაქსი-ზებრე 20:3

სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 29 ქულა, 2. ოიონაქსი - 16, 3. ზებრე - 8, 4. ბრივი - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული