ქართული ლეგიონი: ვახტანგ ახობაძის პირველი ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპინატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მორიგი 22-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შემდეგაც ქართველი მორაგბის, გიორგი ნაცარაშვილის "პომ" კიდევ უფრო გაიმყარა სატურნირო მდგომარეობა.

ჩვენებურის ეს გუნდი შინ დაუპირისპირდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენს" და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ სამი ქულის სხვაობით გაიმარჯვა - 19:16. ნაცარაშვილი წინა ტურში დაშავდა და მატჩში ვერ ითამაშა.

"პოს" ახლა 78 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანს" 18 ქულით უსწრებს. კატალონიელებმა შინ დიდი ანგარიშით
დაამარცხეს პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლი "მონტობანი" - 48:17. ბასილაია და მჭედლიშვილი ტრავმირებულები არიან და არ უასპარეზიათ.

სტუმრად აუტსაიდერ "დაქსთან" დამარცხდა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი" - 10:17. შესაბამისად, აჟენელებმა სატურნირო ცხრილში მეორე საფეხური დაკარგეს და ახლა 58 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკმა" შინ დაამარცხა გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 11:7. კობერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილი, შარიქაძე, ხატიაშვილი და ნემსაძე საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი, მირცხულავას არ უთამაშია. ორიაკელებმა ამ გამარჯვებით სერიოზულად გაიმყარეს პოზიციები საპლეიოფო ზონაში.

პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბი", რომელმაც შინ დაამარცხა შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, დავით აშვეთიას, ვახტანგ ახობაძის და ელიზბარ ყუფარაძის "მასი" - 45:18.

მაისურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, შეყლაშვილი 49-ე წუთზე შეცვალეს, ახობაძე მოედანზე ორი წუთის შემდეგ გამოჩნდა და მატჩის მიწურულს ლელო გაიტანა, 54-ე წუთზე დათუნაშვილი ყუფარაძემ შეცვალა, სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებს კაპიტნობდა.

II დივიზიონი
XXII ტური
ალბი-მასი 45:18, ნარბონი-კარკასონი 33:20, პო-ბურგუენი 19:16, ბიარიცი-ბეზიე 21:16, ორიაკი-ტარბი 11:7, კოლომიე-მონ დე მარსანი 13:15, დაქსი-აჟენი 17:10, პერპინიანი-მონტობანი 48:17.

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 78 ქულა, 2. პერპინიანი - 60, 3. მონ დე მარსანი - 58, 4. აჟენი - 58, 5. ორიაკი - 57, 6. ბიარიცი - 56, 7. ალბი - 55, 8. მონტობანი - 52, 9. ბეზიე - 49, 10. კოლომიე - 48, 11. კარკასონი - 46, 12. ტარბი - 43, 13. ბურგუენი - 34, 14. მასი - 34, 15. ნარბონი - 33, 16. დაქსი - 31.

XXIII ტური
აჟენი-ალბი, ბეზიე-პერპინიანი, ბურგუენი-დაქსი, მასი-კოლომიე, მონ დე მარსანი-კარკასონი, ტარბი-მონტობანი, ბიარიცი-ნარბონი, ორიაკი-პო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული