ქართული ლეგიონი: ხუთი უკვე პლეი ოფშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა ხუთმა გუნდმა უკვე მოიპოვა. ესენია: "ლილი", "ლიმოჟი", "შამბერი", "ოში" და "ექსი".

A ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო "ნევერმა", რომელმაც დღემდე ყველა მატჩი მოიგო. მეორე ადგილი კი გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილმა" მოიპოვა, რომელმაც ბოლოსწინა ტურში შინ დაამარცხა რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის "მონლუსონი" - 35:15. 15 ქულა მონლუსონელებს კვირიკაშვილმა მოუტანა (ხუთი საჯარიმო).

"მონლუსონს" ახლა 42 ქულა
აქვს და მეოთხე ადგილზეა. მას სამი ქულით უსწრებს ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟი", რომელმაც სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბობინისთან" - 24:28. ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი პლეი იფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

B ჯგუფში ერთადერთი გუნდი, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა, საბა ქართველიშვილის "შამბერია", მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად წააგო "ობენასთან" - 9:30.

აქ პლეი ოფში მოსახვედრად ქართველ მორაგბეთა კიდევ სამი გუნდი: "მაკონი", "ბურგ ან ბრესი" და "რომანი" იბრძვის. საუკეთესო მდგომარეობა ამ უკანასკნელს აქვს, რომელმაც ბოლოსწინა ტურში "ტრიკასტინს" მოუგო - 43:13 და ახლა 52 ქულით მესამე ადგილზეა.

D ჯგუფში სხვათაგან მიუწვდომელნი არიან თორნიკე ლომიძის "ოში" და ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსი". მათ კვალში ლაშა მალაღურაძის "ბაგნერე" და სიმონ მაისურაძის "ვალანსი" უდგანან, თუმცა ამ გუნდების ბედი ბოლო ტურში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული