ქართული ლეგიონი: მეოთხედფინალში ოთხმა გააღწია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში ბოლო ეტაპის, პლეი ოფის მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან მეოთხედფინალში მხოლოდ ოთხმა გააღწია. ესენია: "ლილი", "ოში", "შამბერი" და "ექსი".

გიო სორდიასა და გიორგი ჩხაიძის "ლილი" განმეორებით შეხვედრაში შინ დაუპირისპირდა "ოლორონს" და 21:17 დაამარცხა. ლილელებს პირველი მატჩიც მოგებული ჰქონდათ (21:16) და მეოთხედფინალში "ვანს" შეხვდება, რომელმაც ორი მატჩის ჯამში გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" დაამარცხა (13:10, 47:24).

ორიდან ორივე შეხვედრა მოუგო ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსმა" მერაბ კვირიკაშვილის, რეზო გიგაურისა და ლევან მოდებაძის
"მონლუსონს". განმეორებითი შეხვედრა ექს ან პროვანსში გაიმართა და მასპინძლებმა 26:12 გაიმარჯვეს.

"ექსის" მეტოქე მეოთხედფინალში "ობენა" იქნება, რომელმაც "ლანჟონის" სძლია (19:3,16:18).
მეოთხედფინალში დაწყვილდა კიდევ ორი "ქართული გუნდი": "ოში" და "შამბერი". თორნიკე ლომიძის "ოშმა" ორჯერ შეძლო ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟის" დამარცხება სტუმრად 31:21 და შინ 30:12. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოშელები, "ექსთან" ერთად, გათამაშების ყველაზე რეალური ფავორიტები არიან.

"ოშის" მეტოქე მეოთხედფინალში, როგორც უკვე ვთქვით, საბა ქართველიშვილის "შამბერი" იქნება, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად მარცხის შემდეგ (16:19), განმეორებით შეხვედრაში შინ დამაჯერებელი რევანში აიღო - 57:16.

მეოთხედფინალური ეტაპი, მერვედფინალისგან განსხვავებით, ერთი მატჩისგან შედგება. "ლილი", "ოში" და "ექსი" შინ ითამაშებენ.

ფედერალ 1
მერვედფინალი
ნევერი-ბაგნერე 39:10 (26:16), ანგულემი-რომანი 25:16 (12:6), ლილი-ოლორონი 21:17 (21:16), ვანი-ბურგ ან ბრესი 13:10 (47:24), ოში-ლიმოჟი 30:12 (31:21), შამბერი-ტიროსი 57:16 (16:19), ექსი-მონლუსონი 26:12 (19:17), ობენა-ლანჟონი 19:3 (16:18).

მეოთხედფინალი
ნევერი-ანგულემი, ლილი-ვანი, ოში-შამბერი, ექსი-ობენა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული