ქართული ლეგიონი: სამი ადგილისთვის ხუთი იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა.

ელიტური პირველი დივიზიონის საგზური ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ გიორგი ნაცარაშვილის "პომ" მოიპოვა. პლეი ოფში თამაშის უფლება კი ამჯერად "მონ დე მარსანმა" გაინაღდა. დარჩენილი საპლეიოფო სამი ადგილისთვის ხუთი გუნდი იბრძვის. აქედან ოთხი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "აჟენი", "პერპინიანი", "ალბი" და "ორიაკი".

"მონ დე მარსანი" 29-ე ტურში შინ დაუპირისპირდა უშუალო კონკურენტს, ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს" და 27:3 მოუგო. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

"ორიაკს" ახლა 72 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. ბოლო ტურში ჩვენებურთა გუნდი "ბურგუენს" საკუთარ მოედანზე ხვდება, რომელმაც დივიზიონში ადგილის შენარჩუნება შეძლო. "ორიაკის" ბედი მთლიანად კონკურენტებზეა დამოკიდებული. საიმისოდ, რომ პლეი ოფში მოხვდეს, "ალბიმ" და "ბიარიცმა" ორივემ უნდა წააგოს.

პლეი ოფიდან ერთ ნაბიჯშია თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელმაც სტუმრად წააგო უმოტივაციო "კოლომიესთან" - 21:26. თეთრაშვილი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო, მჭედლიძეს არ უთამაშია.

აჟენელები ბოლო ტურში შინ ეთამაშებიან უშუალო კონკურენტს, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანს". კატალონიელებმა ბოლოსწინა ტურში საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში წააგეს ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბისთან" - 21:22.

შეყლაშვილი თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო. სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

ალბელებს ამ გამარჯვებით შესანიშნავი შანსი მიეცათ, რათა პლეი ოფში ამოჰყონ თავი. ბოლო ტურში ჩვენებურთა ეს გუნდი შინ ეთამაშება გიორგი ნაცარაშვილის "პოს", რომელმაც, როგორც უკვე ვთქვით, ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური უკვე მოიპოვა და სრულიად უმოტივაციოდაა დარჩენილი.

"პომ" ბოლოსწინა ტურში შინ წააგო "კარკასონთან" მინიმალური სხვაობით - 23:24. ნაცარაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

დივიზიონის დატოვება მოუწევს შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, გაგი ბაზაძისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასის". პარიზელებმა ბოლოსწინა ტურში შინ მოუგეს ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბს" - 23:18, თუმცა ამ გამარჯვებამ "მასის" სატურნირო მდგომარეობაში ცვლილება ვერ შეიტანა.

ბაზაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე აშვეთიამ შეცვალა, დადუნაშვილი თამაშში 35-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავამ მატჩის ბოლო 15 წუთი იასპარეზა, ნემსაძე, სუთიაშვილი და ყუფარაძე განაცხადში არ იყვნენ.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ", რომელსაც გავარდნა არ ემუქრება, სტუმრად წააგო "ბურგუენთან" - 49:7. ლომიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

II დივიზიონი
XXIX ტური
ბიარიცი-მონტობანი 26:17, ბურგუენი-ბეზიე 49:7, მასი-ტარბი 23:18, მონ დე მარსანი-ორიაკი 27:3, კოლომიე-აჟენი 26:21, ნარბონი-დაქსი 47:20, პერპინიანი-ალბი 21:22, პო-კარკასონი 23:24.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პო 29 20 1 8 +231 94
2. მარსანი 29 18 0 11 +146 82
3. აჟენი 29 17 0 12 +124 80
4. პერპინიანი 29 16 1 12 +126 78
5. ბიარიცი 29 17 0 12 +68 76
6. ალბი 29 17 0 12 +38 76
7. ორიაკი 29 15 2 12 +38 72
8. კოლომიე 29 16 0 13 +18 69
9. კარკასონი 29 14 0 15 -33 62
10. მონტობანი 29 12 1 16 -34 59
11. ბეზიე 29 13 0 16 -36 59
12. ტარბი 29 12 2 15 -129 58
13. ბურგუენი 29 11 3 15 -71 52
14. ნარბონი 29 11 1 17 -128 50
15. დაქსი 29 9 1 19 -170 43
16. მასი 29 8 0 21 41 41

XXX ტური
აჟენი-პერპინიანი, ალბი-პო, ორიაკი-ბურგუენი, ბეზიე-მონ დე მარსანი, კარკასონი-კოლომიე, დაქსი-ბიარიცი, მონტობანი-მასი, ტარბი-ნარბონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული