ქართული ლეგიონი: მერაბ შარიქაძის ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. მიუხედავად ამისა, სამმა გუნდმა უკვე გაინაღდა პლეი ოფში თამაშის უფლება. სამივე ქართველ მორაგბეთა გუნდია. ესენია: "ტულონი", "კლერმონი" და "ტულუზი".

გათამაშებას სათავეში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" უდგას, რომელმაც შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "კასტრი" - 37:21.

ცხადია, ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი გამარჯვებულის წარმატებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მით უფრო, რომ მურად ბურჯელალის ამბიციას საზღვარი არ აქვს. მას საფრანგეთის ჩემპიონობაც ძალიან უნდა.

მატჩში ქართველებიდან მხოლოდ მიქაუტაძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე
64-ე წუთიდან გამოჩნდა; ჩილაჩავამ ერთკვირიანი შვებულება აიღო, გორგოძე განაცხადში არ იყო.

"ტულონს" სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლი "გრენობლი" - 37:17.

"ვულკანებმა" ჩემპიონთა თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ძალის მოკრება მაინც შეძლეს და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად რჩებიან. ზირაქაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო და 70-ე წუთზე მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა. კოლელიშვილი ტრავმირებულია.

"კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მესამეა ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც სეზონის დასაწყისში აუტსაიდერთა შორის იყო. ტულუზელებმა ნელ-ნელა შეძლეს ოდინდელი სიმძლავრის აღდგენა და ამჟამად ჩემპიონატის ფავორიტებად მოგვევლინნენ.

24-ე ტურში "ტულუზმა" შინ დიდი ანგარიშით სძლია დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლ გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილის, გიორგი ჟღენტისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივს" - 67:19.

ჟღენტი და ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ორივე 50-ე წუთზე შეცვალეს. ქართველებიდან სხვას არავის უთამაშია.

პლეი ოფისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელმაც უშუალო კონკურენტს, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" პარიზულ დერბიში მოუგო - 28:19.

ჟვანია და ქუბრიაშვილი თამაშში ერთდროულად 63-ე წუთიდან ჩაერთნენ, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო. "სტად ფრანსე" 65 ქულით მე-4 ადგილზეა და თანაქალაქურ გუნდს 7 ქულით უსწრებს.

პლეი ოფში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბასკური "ბაიონი" - 33:16. ნარიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" სტუმრად ფრეს მიაღწია დივიზიონიდან უკვე გავარდნილ "ლიონთან" - 16:16, რითაც, ფაქტობრივად, დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ყაულაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა.

I დივიზიონი
XXIV ტური
ტულონი-კასტრი 37:21, ბორდო-ოიონაქსი 26:23, ლიონი-ლა როშელი 16:16, მონპელიე-ბაიონი 33:16, ტულუზი-ბრივი 67:19, გრენობლი-კლერმონი 17:37, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე 19:28.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ტულონი 24 15 0 9 +189 70
2. კლერმონი 24 14 1 9 +151 67
3. ტულუზი 24 15 0 9 +89 66
4. სტ.ფრანსე 24 14 1 9 +28 65
5. რასინგი 24 12 2 10 +11 58
6. ოიონაქსი 24 13 0 11 +18 58
7. ბორდო 24 11 0 13 +106 55
8. მონპელიე 24 11 2 11 +47 55
9. ლა როშელი 24 10 4 10 -106 52
10. ბრივი 24 11 0 13 -124 48
11. გრენობლი 24 10 0 14 -124 48
12. კასტრი 24 10 0 14 -95 47
13. ბაიონი 24 9 1 14 -41 47
14. ლიონი 24 7 1 16 -148 37

XXV ტური
ოიონაქსი-ლიონი, გრენობლი-ტულუზი, ბორდო-ბაიონი, კასტრი-ბრივი, ლა როშელი-მეტრო რასინგი, სტად ფრანსე-მონპელიე, კლერმონი-ტულონი.

* * *
დასრულდა რეგულარული გათამაშება მეორე დივიზიონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური მოიპოვა გიორგი ნაცარაშვილის "პომ". პლეი ოფში გასული ოთხი გუნდიდან კი სამი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "პერპინიანი", "აჟენი" და "ალბი".

"პომ" ბოლო ტურში სტუმრად წააგო ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბისთან" - 27:34. ალბელებმა პლეი ოფში სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გააღწიეს. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძეს არ უთამაშია.

"ალბიმ" მეხუთე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში მეორე ადგილზე გასულ "მონ დე მარსანს" დაუპირისპირდება.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენის" საშინაო დაპირისპირება დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანთან", რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 26:23. საბოლოოდ კატალონიელები მესამე ადგილზე გავიდნენ და პლეი ოფში ისევ "აჟენს" ეთამაშებიან, რომელიც მეოთხე ადგილს დასჯერდა. მჭედლიძე თადარიგში იყო და თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.

მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" დიდი ანგარიშით მოუგო "ბურგუენს" - 54:21. თუმცა ჩვენებურთა ამ გუნდმა პლეი ოფში ვერ გააღწია.

შარიქაძემ სრულად ითამაშა და 39-ე წუთზე ლელო გაიტანა, ხატიაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილმა ოთხი წუთით მეტი ითამაშა.

მეორე დივიზიონს დატოვებს შალვა სუთიაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიასა და დავით დადუნაშვილის "მასი", რომელმაც ბოლო ადგილი დაიკავა. პარიზელებმა ბოლო ტურში სტუმრად წააგეს "მონტობანთან" - 36:59.

ყუფარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში ახობაძემ შეცვალა.

II დივიზიონი
XXX ტური
აჟენი-პერპინიანი 23:26, ალბი-პო 34:27, ორიაკი-ბურგუენი 54:21, ბეზიე-მონ დე მარსანი 22:21, კარკასონი-კოლომიე 40:25, დაქსი-ბიარიცი 29:28, მონტობანი-მასი 59:36, ტარბი-ნარბონი 44:30.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პო 30 20 1 9 +224 94
2. მარსანი 30 18 0 12 +145 83
3. პერპინიანი 30 17 1 12 +126 82
4. აჟენი 30 17 0 13 +125 81
5. ალბი 30 18 0 12 +45 80
6. ბიარიცი 30 17 0 13 +67 77
7. ორიაკი 30 16 2 12 +71 77
8. კოლომიე 30 16 0 14 +3 69
9. კარკასონი 30 15 0 15 -18 66
10. მონტობანი 30 13 1 16 -11 64
11. ბეზიე 30 14 0 16 -35 63
12. ტარბი 30 13 2 15 -115 62
13. ბურგუენი 30 11 3 16 -104 52
14. ნარბონი 30 11 1 18 -142 50
15. დაქსი 30 10 1 19 -169 47
16. მასი 30 8 0 22 -211 41

პლეი ოფი
მონ დე მარსანი-ალბი
პერპინიანი-ალბი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული