ლეგიონი: ლექსო ყაულაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. გუნდების უმრავლესობამ საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით დაიწყო ასპარეზობა, თუმცა პოტენციურმა ლიდერებმა, "ტულონის" გარდა, სტარტი წარმატებულად აიღეს.

წამყვანი კლუბების შემადგენლობების შესუსტების მიზეზი ცნობილია. აქაურ გუნდებში უხვად არიან საფრანგეთის, საქართველოს, არგენტინის, ტონგას, სამოას, ფიჯისა და არგენტინის ნაკრებების მორაგბეები, რომლებიც ამჟამად თავიანთ ეროვნულ გუნდებთან ერთად იმყოფებიან საწვრთნელ შეკრებაზე და ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან.

საკმაოდ ბევრი მორაგბე მიავლინა მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა". ამის გამო გუნდმა "ჯოკერის" სახით
რამდენიმე მორაგბე დაიმატა. მათ შორის - შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი.

"ვულკანებმა" სტუმრად ითამაშეს ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან" და დიდი ანგარიშით - 44:6 დაამარცხეს. ქართველთაგან მხოლოდ ყაულაშვილმა ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველი შერკინების ბურჯი ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ყველაზე დაძაბული ბრძოლა ტულონში იყო მოსალოდნელი, სადაც მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის ადგილობრივმა გუნდმა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" უმასპინძლა. "ტულონის" სამივე ქართველი ნაკრებთან ერთად ამჟამად ინგლისში იმყოფება. გუნდიდან სხვა წამყვანი მოთამაშეებიც წასულნი არიან და გასაკვირი არაა, რომ პარიზელებთან 22:27 წააგეს.

თამაშში მონაწილეობა მხოლოდ ხინჩაგიშვილმა მიიღო. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.

სტარტი წარმატებით აიღო საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელმაც შინ სძლია პირველი დივიზიონის დებიუტანტს, გიორგი ნაცარაშვილის "პოს" - 34:18. თამაში ერთობ უხეში გამოდგა. არბიტრმა მოედნიდან ხუთი მორაგბე გაასინბინა, აქედან ოთხი სტუმართა გუნდიდან.

ნაცარაშვილი თადარიგში იყო და თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. ჟვანია და ქუბრიაშვილი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან.

კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი" სტუმრად დაუპირისპირდა ფრანგული რაგბის გრანდს, ვასილ კაკოვინის "ტულუზს" და 7:24 დამარცხდა. ასეიშვილი და კაკოვინი "ბორჯღალოსნების" საწვრთნელ შეკრებაზე იყვნენ. შველიძემ და ჟღენტმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს და ერთდროულად, 44-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" ასევე სტუმრად წააგო "გრენობლთან" - 23:38. შერკინების ქართველი ბურჯი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი
I ტური
ტულონი-მეტრო რასინგი 22:27, ლა როშელი-კლერმონი 6:44, ბორდო-კასტრი 19:16, ტულუზი-ბრივი 24:7, მონპელიე-ოიონაქსი 35:19, გრენობლი-აჟენი 38:23, სტად ფრანსე-პო 34:18

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 5, 2. მონპელიე - 5, 3. გრენობლი - 5, 4. ტულუზი - 4, 5. სტად ფრანსე - 4, 6. მეტრო რასინგი - 4, 7. ბორდო - 4, 8. კასტრი - 1, 9. ტულონი - 1, 10. აჟენი - 0, 11. ოიონაქსი - 0, 12. პო - 0, 13. ბრივი - 0, 14. ლა როშელი - 0.

II ტური
კლერმონი-გრენობლი, აჟენი-ტულუზი, მეტრო რასინგი-აჟენი, ოიონაქსი-ბორდო, პო-მონპელიე, ბრივი-სტად ფრანსე, კასტრი-ტულონი.

* * *
როგორც უკვე ვთქვით, დაიწყო გათამაშება ელიტურ, მეორე დივიზიონშიც. პირველ ტურში ყველაზე დიდი სხვაობით, 18 ქულით ტარიელ რატიანიძის "ნარბონმა" მოიგო. ამ გუნდმა შინ გიორგი ზაქაშვილის "ექსი" დაამარცხა - 36:18. ვეტერანი ქართველი პირველხაზელი თამაშში 29-ე წუთიდან ჩაერთო. ზაქაშვილს კი "ექსში" დებიუტი ჰქონდა. ის მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა.

გურამ კავთიძისა და ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა", რომელიც მეორე დივიზიონს წლეულს დაუბრუნდა, შინ დაამარცხა "ბურგუენი" - 30:19. ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ მოუგო "მონ დე მარსანს" - 36:23. ლომიძე საქართველოს ნაკრებთან ერთად ინგლისში გაემგზავრა და, სავარაუდოდ, გუნდის 31-კაციან განაცხადშიც მოხვდება.

ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" შინ წააგო ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონთან" - 23:28. შეგახსენებთ, რომ ეს ბასკური გუნდი პირველი დივიზიონიდან წლეულს გავარდა. შეყლაშვილი თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი მოედანზე 18 წუთის შემდეგ გამოჩნდა და სამ წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბმა" შინ წააგო მინიმალური სხვაობით "კარკასონთან" - 22:23. ქართველებიდან მხოლოდ მირცხულავამ ითამაშა. ის მოედანზე 51-ე წუთიდან გამოჩნდა.

მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკმა" სტუმრად, სენსაციურად დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 28:25. ქართველებს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი
I ტური
ალბი-ბაიონი 23:28, ლიონი-ბურგუენი 30:19, კოლომიე-მონტობანი 25:20, ბეზიე-მონ დე მარსანი 36:23, ნარბონი-ექსი 36:18, ტარბი-კარკასონი 22:23, ბიარიცი-ორიაკი 25:28, პერპინიანი-დაქსი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. ნარბონი - 4, 2. ბეზიე - 4, 3. ლიონი - 4, 4. ბაიონი - 4, 5. კოლომიე - 4, 6. ორიაკი - 4, 7. კარკასონი - 4, 8. ტარბი - 1, 9. ბიარიცი - 1, 10. ალბი - 1, 11. მონტობანი - 1, 12. პერპინიანი - 0, 13. დაქსი - 0, 14. ბურგუენი - 0, 15. მონ დე მარსანი - 0, 16. ექსი - 0.

II ტური
მონ დე მარსანი-ლიონი, მონტობანი-ბიარიცი, ექსი-ბეზიე, ორიაკი-კოლომიე, ბურგუენი-ალბი, კარკასონი-პერპინიანი, ბაიონი-ნარბონი, დაქსი-ტარბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული