რაგბი. ლეგიონი: "კლერმონი" დამარცხდა, "ლიონი" არა

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ ნარიაშვილი (ცენტრში)
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში დაუმარცხებელი აღარავინაა. გათამაშებას ისევ ქართველთა გუნდი, "კლერმონი" ლიდერობს, თუმცა მან მე-6 ტურში პირველად წააგო.

ვიქტორ კოლელიშვილის, დავით ზირაქაშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ვულკანებს" ახლა 23 ქულა აქვთ. მათ მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" წამოეწიათ. ეს კი ის გუნდია, რომელმაც საკუთარ მოედანზე "კლერმონს" პირველი მარცხი აგემა. მონპელიელებმა მეტოქეს 24:19 მოუგეს.

კოლელიშვილმა სრულად ითამაშა, ნარიაშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს, ნატრიაშვილი მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა, ზირაქაშვილი განაცხადში არ იყო. მან გუშინ დილის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც,
სავარაუდოდ, ოთხი კვირა ვერ ითამაშებს.

სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელმაც შინ დაამარცხა დავით ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე". ხინჩაგიშვილი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ჟვანია მოედანზე 12 წუთის შემდეგ გამოჩნდა. ქუბრიაშვილსა და მელიქიძეს არ უთამაშიათ.

სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში "ბორდოსთან" დამარცხდა ვასილ კაკოვინის "ტულუზი" - 10:12. კაკოვინი თადარიგში იყო და მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა. ტულუზელები ახლა 18 ქულით მე-4 ადგილზე არიან.

მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" მსოფლიოს თასზე მივლინებულ მორაგბეთა უმრავლესობა დაუბრუნდა, რაც გუნდის თამაშს ეგრევე დაეტყო. ჩვენებურთა ამ გუნდმა გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსს" 61:13 მოუგო. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

გიორგი ნაცარაშვილის "პომ" შინ წააგო გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივთან" - 13:18. ბრიველები ამ გამარჯვებით ლიდერთა ჯგუფში მყარად დამკვიდრდნენ. ასეიშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" შინ მოუგო თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" - 23:6. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

I დივიზიონი. VI ტური
მეტრო რასინგი-სტად ფრანსე 27:18, კასტრი-გრენობლი 23:31, პო-ბრივი 13:18, ტულონი-ოიონაქსი 61:13, ბორდო-ტულუზი 12:10, მონპელიე-კლერმონი 24:19, ლა როშელი-აჟენი 23:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 23 ქულა, 2. მონპელიე - 22, 3. რასინგი - 20, 4. ტულუზი - 18, 5. ბრივი - 17, 6. ტულონი - 16, 7. ბორდო - 15, 8. გრენობლი - 14, 9. კასტრი - 10, 10. ლა როშელი - 10, 11. პო - 9, 12. სტად ფრანსე - 8, 13. ოიონაქსი - 5, 14. აჟენი - 4.

VII ტური

ბორდო-ლა როშელი, ოიონაქსი-პო, აჟენი-სტად ფრანსე, მეტრო რასინგი-ბრივი, მონპელიე-ტულუზი, კლერმონი-კასტრი, გრენობლი-ტულონი

* * *
მეორე დივიზიონში დაუმარცხებლად განაგრძობს ასპარეზობას გურამ კავთიძისა და ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელმაც შინ დაამარცხა "კარკასონი" - 47:11. ჩვენი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

"ლიონს" 26 ქულა დაუგროვდა. მას ხუთი ქულით ჩამორჩება გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანი", რომელმაც შინ სძლია ბასკურ "ბიარიცს" - 29:18. ბასილაია თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

პერპინიანელებს ერთი ქულით ჩამორჩება ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც სტუმრად წააგო ლაშა ლომიძის "ბეზიესთან" - 40:54. თამაში უხვლელოიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში 13 ლელო მიითვალეს.

დათუნაშვილმა და შარიქაძემ სრულად ითამაშეს, ლომიძე მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

სავარაუდოდ, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს ვახტანგ მაისურაძის და ბექა შეყლაშვილის "ალბი", რომელმაც შინ მოუგო ტარიელ რატიანიძის "ნარბონს" - 26:10.

რატიანიძე 44-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილმა მოედანი ხუთი წუთის შემდეგ დატოვა, მაისურაძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბმა" შინ წააგო "ბურგუენთან" - 13:19. ნემსაძე თადარიგში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ლიდერთა შორისაა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონიც", რომელმაც სტუმრად წააგო "მონ დე მარსანთან" - 15:38. ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო.

გიორგი ზაქაშვილის "ექსმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში სძლია "მონტობანს" - 29:27. ზაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი. VI ტური
პერპინიანი-ბიარიცი 29:18, მონ დე მარსანი-ბაიონი 38:15, ექსი-მონტობანი 29:27, ალბი-ნარბონი 26:10, ლიონი-კარკასონი 47:11, ტარბი-ბურგუენი 13:19, კოლომიე-დაქსი 29:9, ბეზიე-ორიაკი 54:40

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 26 ქულა, 2. პერპინიანი - 21, 3. ორიაკი - 20, 4. ალბი - 18, 5. ბაიონი - 18, 6. ბეზიე - 17, 7. კოლომიე - 17, 8. ტარბი - 13, 9. ნარბონი - 13, 10. მონ დე მარსანი - 10, 11. მონტობანი - 10, 12. დაქსი - 9, 13. ექსი - 8, 14. კარკასონი - 8, 15. ბურგუენი - 7, 16. ბიარიცი - 2.

VII ტური
ბაიონი-პერპინიანი, ბიარიცი-ბეზიე, ექსი-კარკასონი, ბურგუენი-კოლომიე, მონ დე მარსანი-ალბი, მონტობანი-ტარბი, დაქსი-ნარბონი, ორიაკი-ლიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული