რაგბი. ლეგიონი: ბრწყინვალე გორგოძე და ბაზაძის პირველი ელიტური ლელო [VIDEO]

AutoSharing Option
"მამუკა გორგოძემ შესანიშნავად ითამაშა. ის მოედანზე ბრწყინვალედ აზროვნებს. მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა" - თქვა "კლერმონთან" მატჩის შემდეგ "ტულონის" არგენტინელმა მესამეხაზელმა ხუან ფერნანდეს ლობემ.

შეხვედრა ფრანგული რაგბის ორ გრანდს შორის კლერმონში გაიმართა და ტულონელთა გამარჯვებით დამთავრდა - 35:9. სტუმრებმა მეტოქე, რომელიც საკუთარ მოედანზე ძალზე იშვიათად აგებს, თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. მამუკა გორგოძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, რას წერს მასზე ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი":

"ლობე, ვერმულენი, გორგოძე - ეს "ტულონის" მეფური მესამე ხაზია. გორგოძემ კი ამ
შეხვედრაში იდეალურად ითამაშა. თუ წინა სეზონი მამუკასთვის სათანადოდ კარგი არ გამოვიდა, ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია და კონტაქტურ თამაშში შეუდარებელია".

აღსანიშნავია, რომ "მიდი ოლიმპიკმა" სამივე მესამეხაზელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

"ტულონის" რიგებში სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. კონსტანტინე მიქაუტაძე 48-ე წუთზე შეცვალეს, ლევან ჩილაჩავამ მოედანი რვა წუთის შემდეგ დატოვა, გორგოძემ მასზე 13 წუთით მეტი ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო "კლერმონის" შერკინების ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს; ვიქტორ კოლელიშვილი ტრავმირებულია.

წაგების მიუხედავად, გათამაშებას 29 ქულით ისევ "კლერმონი" ლიდერობს. "ტულონი" მას ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.

საპლეიოფო ექვსეულშია ქართველ მორაგბეთა კიდევ ოთხი გუნდი. ესენია: "მეტრო რასინგი", "ტულუზი", "ბრივი" და "მონპელიე".

დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" შინ ეთამაშა ვასილ კაკოვინის "ტულუზს" და 28:13 დაამარცხა. პარიზულმა კლუბმა, რომელთანაც ახლახან კონტრაქტი ახალზელანდიელმა რაგბის ლეგენდამ, დენ კარტერმა გააფორმა, მეტოქე მატჩის დასაწყისიდანვე დაჯაბნა და გამარჯვებულის ვინაობა წამითაც საეჭვო არ ყოფილა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

მოულოდნელად კარგად ასპარეზობს გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "სახლის გუნდად" შერაცხილი "ოიონაქსი" - 34:9 და ახლა 27 ქულით მე-5 ადგილზეა.

ასეიშვილი და ჟღენტი თამაშში ერთდროულად, 43-ე წუთიდან ჩაერთნენ, შველიძეს არ უთამაშია.

საინტერესო გამოდგა მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" დაპირისპირება ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის "ლა როშელთან". მონპელიელებმა შინ მეტოქე 25:20 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ, რომელიც თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, 78-ე წუთზე პირველი ელიტური ლელო მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ის სწორედ "მონპელიეს" სათადარიგო გუნდში თამაშობდა რამდენიმე წელიწადი საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ ლაშა ლომიძესთან ერთად. ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, ყაულაშვილს არ უთამაშია.

თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" შინ წააგო "კასტრთან" - 18:23. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, თეთრაშვილი განაცხადში არ იყო.

უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო სტუმრად "გრენობლთან" ზურაბ ჟვანიას, დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" - 21:19. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

გიორგი ნაცარაშვილის "პომ" სტუმრად წააგო "ბორდოსთან" - 10:46 და ახლა "აჟენთან" ერთად აუტსაიდერთა შორისაა. ნაცარაშვილი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი, IX ტური
მონპელიე-ლა როშელი 25:20, მეტრო რასინგი-ტულუზი 28:13, ოიონაქსი-ბრივი 9:34, ბორდო-პო 46:10, აჟენი-კასტრი 18:23, კლერმონი-ტულონი 9:35, გრენობლი-სტად ფრანსე 19:21

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 29 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 28, 3. ტულონი - 27, 4. ტულუზი - 27, 5. ბრივი - 27, 6. მონპელიე - 26, 7. ბორდო - 24, 8. კასტრი - 19, 9. გრენობლი - 19, 10. სტად ფრანსე - 17, 11. ლა როშელი - 17, 12. პო - 13, 13. აჟენი - 10, 14. ოიონაქსი - 10.

X ტური
პო-მეტრო რასინგი, ტულონი-აჟენი, კასტრი-მონპელიე, ლა როშელი-გრენობლი, სტად ფრანსე-ბორდო, ტულუზი-ოიონაქსი, ბრივი-კლერმონი

* * *
მეორე დივიზიონში მე-10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ. ჯერჯერობით ისევ დამაჯერებლად ლიდერობს ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბი" - 28:19. ქართველთაგან მხოლოდ შეყლაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა.

"ლიონს" კვალში უდგას ლევან დათუნაშვილისა და მერაბ შარიქაძის "ორიაკი", რომელმაც შინ მოუგო გიორგი ზაქაშვილის "ექსს" - 30:17. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 49-ე წუთზე შეცვალეს, ოთხი წუთის შემდეგ მოედანი ზაქაშვილმაც დატოვა.

"ორიაკის" მსგავსად, 33 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", რომელმაც შინ დაამარცხა ლაშა ლომიძის "ბეზიე" - 44:15. ლომიძემ მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, ფეიქრიშვილი მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა. "ლანგედოკელები" ამ მარცხის შემდეგ 26 ქულით მე-4 ადგილზე არიან.

მათ ერთი ქულით ჩამორჩება დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი". კატალონიელები შინ ფრეს დასჯერდნენ "კოლომიესთან" მატჩში - 23:23. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად მოუგო "ნარბონს" - 22:19. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. კობერიძე და მირცხულავა განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი, X ტური
დაქსი-ბიარიცი 10:15, ალბი-ლიონი 19:28, ორიაკი-ექსი 30:17, ბაიონი-ბეზიე 44:15, ბურგუენი-მონ დე მარსანი 27:10, კარკასონი-მონტობანი 21:17, ნარბონი-ტარბი 19:22, პერპინიანი-კოლომიე 23:23

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 41 ქულა, 2. ორიაკი - 33, 3. ბაიონი - 33, 4. ბეზიე - 26, 5. პერპინიანი - 25, 6. მონტობანი - 23, 7. კოლომიე - 22, 8. ალბი - 22, 9. მონ დე მარსანი - 21, 10. ტარბი - 21, 11. ბურგუენი - 20, 12. ნარბონი - 20, 13. კარკასონი - 17, 14. ბიარიცი - 14, 15. დაქსი - 14, 16. ექსი - 13.

XI ტური
ლიონი-ბაიონი, ბიარიცი-მონ დე მარსანი, ექსი-კოლომიე, ბეზიე-ბურგუენი, კარკასონი-ორიაკი, ტარბი-ალბი, მონტობანი-დაქსი, ნარბონი-პერპინიანი.

* * *
ინგლისის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ჯაბა ბრეგვაძისა და ვალ რაფავა-რუსკინის "ვორსტერმა" სტუმრად ითამაშა გათამაშების ლიდერ "სარასენზთან" და 18:48 დამარცხდა. ბრეგვაძეც და რაფავა-რუსკინი მატჩში ერთდროულად, 52-ე წუთიდან ჩაერთნენ.

"ვორსტერი" ახლა 10 ქულით მე-9 ადგილზეა და ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.

ინგლისი, V ტური
ნორსჰემპთონი-გლოსტერი 15:3, სეილ შარქსი-ნიუკასლი 15:15, ექსეტერი-ჰარლიქვინზი 26:25, სარასენზი-ვორსტერი 48:18, ლონდონ აირიში-ვოსფსი 15:33, ლესტერ ტაიგერზი-ბასი 21:11

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 22 ქულა, 2. ექსტერი - 19, 3. ლესტერ ტაიგერზი - 16, 4. ჰარლიქვინზი - 15, 5. ვოსფსი - 14, 6. ნორსჰემპთონი - 12, 7. სეილ შარქსი - 12, 8. ბასი - 10, 9. ვორსტერი - 10, 10. გლოსტერი - 9, 11. ნიუკასლი - 2, 12. ლონდონ აირიში - 0.

VI ტური
გლოსტერი-სეილ შარქსი, ჰარლიქვინზი-ლონდონ აირიში, ვორსტერი-ლესტერ ტაიგერზი, ბასი-ნორსჰემპთონი, ვოსფსი-ექსტერი, ნიუკასლი-სარასენზი

* * *
კელტთა ლიგაში ლიდერთა კოჰორტას დაუბრუნდა შალვა მამუკაშვილის "გლაზგო", რომელმაც მე-8 ტურში შინ დაამარცხა იტალიური "ბენეტონი" - 13:6. შერკინების ქართველი კვაჭი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

გლაზგოელები ახლა 26 ქულით მე-5 ადგილზე არიან. გათამაშებას კი, ყველასთვის მოულოდნელად, ირლანდიური "ქონოთი" ლიდერობს.

კელტური ლიგა, VIII ტური
ედინბურგი-ნიუპორტი 32:13, გლაზგო-ბენეტონი 13:6, ლენსტერი-ალსტერი 8:3, ოსფრიზი-კარდიფი 13:6, მანსტერი-ქონოთი 12:18, ჰლანეჰლი-ზებრე 20:12

სატურნირო მდგომარეობა
1. ქონოთი - 32 ქულა, 2. ჰლანეჰლი - 30, 3. მანსტერი - 28, 4. ლენსტერი - 27, 5. გლაზგო - 26, 6. ედინბურგი - 23, 7. ალსტერი - 22, 8. ოსფრიზი - 15, 9. კარდიფი - 10, 10. ნიუპორტი - 10, 11. ზებრე - 9, 12. ბენეტონი - 5.

IX ტური
კარდიფი-ქონოთი, ალსტერი-ედინბურგი, ბენეტონი-ჰლანეჰლი, გლაზგო-ლენსტერი, ზებრე-ოსფრიზი, ნიუპორტი-მანსტერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული