მამუკა გორგოძე: საქართველოში მივდივარ, რუმინეთთან ფინალივით მატჩი გველის

AutoSharing Option
12 მარტს საფრანგეთის ტოპ-14-ის მატჩში ხუთი ქართველი მორაგბის: ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძის, ირაკლი ნატრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონმა" "გრენობლი" 38:8 დაამარცხა.

ამ თამაშში მწვრთნელმა პირველად ათამაშა გორგოძე შერკინების მეორე ხაზში. როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, ექსპერიმენტმა გაამართლა - ქართველმა ძალიან კარგად ითამაშა.

გორგოძემ 4 ნომერზე შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჩილაჩავა თამაშში 47-ე წუთზე ჩაერთო, მე-60 წუთზე ნატრიაშვილიც შევიდა მოედანზე, მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, ხოლო ალხაზაშვილი - სათადარიგო გუნდში.

"ტულონი" 57 ქულით მესამე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონატში.

გორგოძეს, ალბათ, სეზონის ბოლომდე ამ
პოზიციაზე მოუწევს თამაში, თუმცა თავად, რა თქმა უნდა, მესამე ხაზში ურჩევნია.

"სწორედ ამ პოზიციაზე დავიწყე რაგბის თამაში. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ისევ მესამე ხაზში ვითამაშებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს ამ პოზიციაზე.

მართალია, მსოფლიოს თასზე ვითამაშე, მაგრამ ბოლო თვეებში პრაქტიკა არცთუ საკმარისი მქონდა. ასე რომ, საკმაოდ დასვენებული ვარ.

ახლა კი უნდა დაგტოვოთ, დღეიდან საქართველოს ნაკრებს უნდა შევუერთდე, ერთა თასზე ფინალივით მატჩი გვაქვს რუმინეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ქართველმა.

მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი კმაყოფილია: "მამუკამ ძალიან მაგრად ითამაშა, ის აქტიური იყო. ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო".

აღსანიშნავია, რომ გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" მამუკა გორგოძე მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული