დავით კაჭარავა: საქართველოში რაგბი ფეხბურთზე პოპულარულია

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და კლუბ "ენისეის" უკანახაზელმა დავით კაჭარავამ რუსულ rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში 2015 წლის მსოფლიოს თასზე, ქართული რაგბის დღევანდელობასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:

- რით იყო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებული უწინდელებისგან?
- ჩემს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, 2007 წელს, ახალგაზრდა და ენთუზიაზმით აღსავსე ვიყავი. ყველაფერი ახალი და საინტერესო იყო. 2011 წელს გამოცდილება მომემატა, მაგრამ ინგლისში გამართული ჩემპიონატი საუკეთესო იყო. დიდ ბრიტანეთში ხალხი რაგბიზე გიჟდება. ქუჩაში გვცნობდნენ, გვკითხულობდნენ, ფოტოებს იღებდნენ ჩვენთან. ეს ყველაფერი დადებითად
მოქმედებს.

- გულშემატკივარს რომელ ენაზე ესაუბრებოდი?
- იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთში 5 წელი ვიცხოვრე, ფრანგულ ენას ვფლობ, მაგრამ თითქმის ყველა ქართველი საუბრობს ინგლისურად.

- ყველაზე დასამახსოვრებელი და გულდასაწყვეტი მატჩები რომელი იყო?
- დასამახსოვრებელი იყო ტონგასთან (17:10) მოპოვებული გამარჯვება. ამ შეხვედრაში 250 შებოჭვა იყო, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე სარეკორდო მაჩვენებელია ერთ მატჩში. ნამიბიას და ტონგას დამარცხების წყალობით, საქართველომ შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გულდასაწყვეტი კი, პირადად ჩემთვის, არგენტინასთან მარცხი იყო. ორივე გუნდი მოგებაზე თამაშობდა. არგენტინელებს ესმოდათ ეს, ამიტომ ძალიან დიდი მონდომებით გამოვიდნენ მოედანზე. მართალია, უკვე სამ მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვამარცხეს, მაგრამ მარტივად არასდროს გამოსვლიათ ეს. უბრალოდ, მათ დასამარცხებლად კლასი არ გვყოფნის.

- შენი აზრით, რამ განაპირობა ქართული რაგბის პროგრესი?
- როცა 9 წლის ასაკში რაგბის თამაშს ვიწყებდი, მაშინ ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რა სპორტია ეს. რაგბიში ის ერკვეოდა, ვინც უშუალოდ დაკავებული იყო ამ სპორტით.

გავიდა დრო, საქართველოს ნაკრებმა მოგებები დაიწყო, 2003 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. არ იყო იოლი დრო, მაგრამ ხალხმა იცოდა, რომ რაგბის მატჩზე დასწრების შემდეგ სტადიონიდან შინ დადებითი ემოციით დამუხტული წავიდოდა. თანდათან, უფრო მეტმა შეიყვარა რაგბი. ახლა უკვე სტადიონები და ბაზებიც შენდება - ძალიან ბევრი ბავშვი თამაშობს რაგბის. შეიძლება ითქვას, რომ რაგბი საქართველოში ნომერ პირველი სპორტია.

- მართლა? ფეხბურთი არა?! საბჭოთა კავშირის პერიოდში, კრასნოიარსკის ბიჭების კუმირებიც კი დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია, ვლადიმირ გუცაევი იყვნენ...
- იმ პერიოდში თბილისის "დინამოს" სახით ნამდვილად ძლიერი და ისტორიული გუნდი გვყავდა, მაგრამ დღეს ქართულ ფეხბურთში კრიზისია. როგორც კი საფეხბურთო გუნდი წარმატებით ათამაშდება, სპორტის ამ სახეობის პოპულარობაც გაიზრდება, მაგრამ ახლა ფეხბურთზე პოპულარული რაგბია.
მკითხველის კომენტარები / 40 /
სირცხვლია რა რაგბი რის რაგბი როცა ფეხბურთია !!!!!,, არავინ წესები არ იცის რა რაგბი რის რაგბი )))
georgian
16:38 24-03-2016
0
დღეს ფეხბურთი ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შემაძულეს საქართველოში. ვგიჟდები, მიყვარს რაგბი, მადლობა ყველას ვინც ეს შეძლო..........მადლობა.
ბადრი
11:21 26-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული