რაგბი. ლეგიონი: ლიდერებმა პოზიცია დათმეს

AutoSharing Option
მანამ, სანამ ჩვენი მორაგბეები საქართველოს ნაკრებში ნოემბრის ტესტებზე ირჯებიან, მათი კლუბები ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას განაგრძობენ. მათ რიგებში კი ის ქართველები თამაშობენ, რომლებსაც ეროვნულ გუნდში არ უხმეს.

ფრანგულ კლუბებში, ქართველების გარდა, სხვა ნაკრებების წარმომადგენლებიც არ ასპარეზობენ. ამიტომ, მართალია, ძალიან არა, მაგრამ სატურნირო ცხრილში გარკვეული ცვლილებები მოხდა.

ასე მაგალითად, მე-12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 34 ქულით "ლა როშელთან" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "ბორდო". ამ გუნდმა შინ სწორედ ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" მოუგო მშრალი ანგარიშით - 26:0. ყაულაშვილს არ უთამაშია.

სატურნირო ცხრილს სათავეში ისევ
დავით ზირაქაშვილისა
და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" უდგას, რომელმაც შინ დიდი გაჭირვებით სძლია ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონს" - 16:13. ამ მატჩში ზირაქაშვილმა სრულად ითამაშა. კოლელიშვილი ეროვნულ ნაკრებშია, სხვა ქართველები ტრავმირებულნი არიან.

საპლეიოფო ზონაში დღეისთვის კიდევ ორი "ქართული გუნდია". ესენია: "მონპელიე" და "ტულონი". მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" სტუმრად წააგო ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსესთან" - 17:21.

მამუკაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ჟვანია თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მელიქიძემ ბოლო შვიდი წუთი ითამაშა, ბაზაძე განაცხადში არ იყო. ქუბრიაშვილმა, ნარიაშვილმა და მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში იასპარეზეს.

მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სტუმრად წააგო "კასტრთან" და ახლა 31 ქულით მე-5 ადგილზეა. ასევე სტუმრად დამარცხდა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონთან" ვასილ კაკოვინის "ტულუზი" - 13:16. ხინჩაგიშვილი თადარიგში იყო და მატჩის ბოლო სამი წუთი ითამაშა. კაკოვინი, გორგოძე და ჩილაჩავა ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

I დივიზიონი. XII ტური
კასტრი-ტულონი 34:17, ბორდო-ლა როშელი 26:0, ბრივი-პო 38:25, კლერმონი-ლიონი 16:13, მეტრო რასინგი-გრენობლი 29:24, სტად ფრანსე-მონპელიე 21:17, ბაიონი-ტულუზი 16:13

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 40 ქულა, 2. ლა როშელი - 34, 3. ბორდო - 34, 4. მონპელიე - 32, 5. ტულონი - 31, 6. კასტრი - 30, 7. რასინგი - 30, 8. ტულუზი - 28, 9. ბრივი - 27, 10. სტად ფრანსე - 24, 11. ლიონი - 23, 12. პო - 21, 13. ბაიონი - 16, 14. გრენობლი - 14

მეორე დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ლიდერობა დაკარგეს, თუმცა საპლეიოფო ზონაში ოთხი "ქართული გუნდი" მაინც ინარჩუნებს ადგილს. ესენია: "ოიონაქსი", "აჟენი", "ორიაკი" და "მონ დე მარსანი".

ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსმა" სტუმრად შეძლო "ბურგუნის" დამარცხება - 26:23 და ახლა 34 ქულით მე-2 ადგილზეა. მირცხულავა თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.

"ოიონაქსელებს ერთი ქულით ჩამორჩება ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 31:20. დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

"ორიაკს" ასევე ერთი ქულით ჩამორჩება თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელმაც შინ სძლია "პერპინიანს" - 23:6. ახობაძე თადარიგში იყო და მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა.

ბექა გორგაძის "მონ დე მარსანმა" კი შინ შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემს" მოუგო - 16:10. ქართველთაგან არავის უთამაშია. გორგაძე და სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

II დივიზიონი, XI ტური
აჟენი-პერპინიანი 23:6, მონ დე მარსანი-ანგულემი 16:10, მონტობანი-ალბი 23:6, ბურგუენი-ოიონაქსი 23:26, ნარბონი-დაქსი 31:16, ვანი-კარკასონი 22:25, კოლომიე-ბეზიე 15:12, ორიაკი-ბიარიცი 31:20

სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 35 ქულა, 2. ოიონაქსი - 34, 3. ორიაკი - 33, 4. აჟენი - 32, 5. მონტობანი - 30, 6. მონ დე მარსანი - 29, 7. კარკასონი - 27, 8. ნარბონი - 25, 9. ვანი - 23, 10. ანგულემი - 23, 11. დაქსი - 23, 12. პერპინიანი - 22, 13. ბიარიცი - 20, 14. ბეზიე - 16, 15. ალბი - 15, 16. ბურგუენი - 13.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული