რაგბი. ლეგიონი: პლეი ოფამდე ბევრი საბრძოლოა

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის მეორე წრის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონთა თასზე პოზიციები ქართველ მორაგბეთა ორმა გუნდმა, "კლერმონმა" და "ტულუზმა" გაიმყარა. დანარჩენებს კი, პლეი ოფში გასასვლელად მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევთ, თუმცა, რაიმე გადაწყვეტილი ამ ორი გუნდისთვისაც არაა.

B ჯგუფში, სადაც ვასილ კაკოვინის "ტულუზი" ასპარეზობს, სამხელისუფლებიანობაა. თანაბარი, 13-13 ქულა ერთბაშად სამმა გუნდმა, ინგლისურმა "ვოსფსმა", ირლანდიურმა "ქონოთმა" და "ტულუზმა" დააგროვა.

ტულუზელები მეოთხე ტურში შინ დაუპირისპირდნენ აუტსაიდერს, იტალიურ "ზებრეს" და 54:15 მოუგეს. კაკოვინი თამაშში 59
-ე წუთიდან ჩაერთო. "ქონოთმა" კი დაძაბულ ბრძოლაში სძლია "ვოსფს" - 20:18. მომდევნო ტურში ჩვენებურის გუნდი სტუმრად სწორედ "ვოსფს" დაუპირისპირდება და სწორედ იმ მატჩში გადაწყდება "ტულუზის" ბედი.

C ჯგუფში მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" სტუმრად დამარცხდა უელსურ "ჰლანეჰლისთან" მინიმალური სხვაობით - 22:21 და ახლა 10 ქულით მეორე ადგილზეა. დარჩენილ ორ ტურში ტულონელებს აუცილებლად საპრემიო ქულებით მოგება მართებთ, თუნდაც საუკეთესო მეორე ადგილით რომ მოხვდეს პლეი ოფში. ჩილაჩავა 29-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ სრულად ითამაშა.

ჯგუფის ლიდერმა ინგლისურმა "სარასენზმა" სტუმრად წააგო ასევე ინგლისურ "სეილ შარქსთან" - 24:10.

D ჯგუფში მიხეილ ნარიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" სტუმრად წააგო "კასტრთან" - 23:26. შედეგად, მონპელიელებმა 11 ქულით მეორე საფეხურზე დაიდეს ბინა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს ისევ ინარჩუნებენ, რადგან ირლანდიური "ლენსტერი" მას ხუთი ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში მასთან სტუმრობს. ლენსტერელებმა ინგლისურ "ნორსჰემპთონს" დიდი ანგარიშით, 60:13 მოუგეს.

ნარიაშვილი, მამუკაშვილი და მიქაუტაძე მე-60 წუთზე შეცვალეს, ამ დროისთვის "მონპელიე" მატჩს 23:19 იგებდა, ქუბრიაშვილს დისკვალიფიკაცია აქვს, ბაზაძე განაცხადში არ იყო.

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ყველაზე უკეთესი მდგომარეობა E ჯგუფში მოასპარეზე დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" აქვს. "ვულკანებმა" შინ დამაჯერებლად სძლიეს ირლანდიურ "ალსტერს" - 38:19. შედეგად, ჩვენებურთა გუნდი 17 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს, "ბორდოს" და "ალსტერს" რვა ქულით უსწრებს.

კოლელიშვილი 55-ე წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილმა მოედანი 13 წუთის შემდეგ დატოვა.

ჩემპიონთა თასი. IV ტური
A ჯგუფი
გლაზგო-მეტრო რასინგი 23:7, ლესტერ ტაიგერსი-მანსტერი 18:16

სატურნირო მდგომარეობა
1. გლაზგო - 13 ქულა, 2. მანსტერი - 11, 3. ლესტერ ტაიგერსი - 8, 4. მეტრო რასინგი - 0

B ჯგუფი
ტულუზი-ზებრე 54:15, ქონოთი-ვოსფის 20:18

სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 13 ქულა, 2. ტულუზი - 13, 3. ქონოთი - 13, 4. ზებრე - 0

C ჯგუფი
ჰლანეჰლი-ტულონი 22:21, სეილმ შარქსი-სარასენზი 10:24

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 18 ქულა, 2. ტულონი - 10, 3. ჰლანეჰლი - 8, 4. სეილ შარქსი - 0

D ჯგუფი
ლენსტერი-ნორსჰემპთონი 60:13, კასტრი-მონპელიე 29:23

სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 16 ქულა, 2. მონპელიე - 11, 3. კასტრი - 9, 4. ნორსჰემპთონი

E ჯგუფი
კლერმონი-ალსტერი 38:19, ბორდო-ექსეტერი 12:20

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 17 ქულა, 2. ბორდო - 9, 3. ალსტერი - 9, 4. ექსეტერი - 6

ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკეთესი მდგომარეობა აქვთ. პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებენ: "ლა როშელი", "ბრივი", "კარდიფი", "ბრისტოლი" და "სტად ფრანსე".

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა", რომელიც A ჯგუფში ასპარეზობს, შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი, ინგლისური "გლოსტერი" - 42:13. ახლა ორივე გუნდს 15-15 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. მათი ჯგუფის დანარჩენ გუნდებთან მომავალ პაექრობებში გაირკვევა, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. ყაულაშვილს არ უთამაშია.

კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივმა", რომელიც C ჯგუფში ასპარეზობს, შინ დაამარცხა დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეი" - 38:18. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. არბიტრმა სამი კრასნოიარსკელი და ერთი ბრიველი გაასინბინა. მათ შორის,  გაჩეჩილაძეც, რომელმაც მოედანი ათი წუთით მე-7 წუთზე დატოვა, თუმცა შეუცვლელად ითამაშა.

ლობჟანიძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ერთი წუთით ადრე მოედანზე ბეკოშვილი გამოჩნდა, კაჭარავასა და ასეიშვილს არ უთამაშიათ.

"ბრივი" ახლა 14 ქულით ლიდერობს და ხუთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს, "ენისეის" და უელსურ "ნიუპორტს".

D ჯგუფში გიორგი ნემსაძის "ბრისტოლმა" სტუმრად დაამარცხა ფრანგული "პო"  - 28:18 და ლიდერებს წამოეწია. ნემსაძე თამაშში 22-ე წუთიდან ჩაერთო.

ბრისტოლელებს სამი ქულით უსწრებენ ინგლისური "ბასი" და ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფი". ამ უკანასკნელმა სწორედ "ბასთან" წააგო - 3:38. ფეიქრიშვილი დისკვალიფიცირებულია.

E ჯგუფში მოასპარეზე ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" შინ დაამარცხა შოტლანდიური "ედინბურგი" - 26:20. ორივე ქართველი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

ჩელენჯ კაპი. IV ტური
A ჯგუფი
ბენეტონი-ბაიონი 21:17, ლა როშელი-გლოსტერი 42:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 15 ქულა, 2. გლოსტერი - 15, 3. ბენეტონი - 8, 4. ბაიონი - 1

B ჯგუფი
ოსფრიზი-გრენობლი 71:3, ნიუკასლი-ლიონი 48:29

სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 20 ქულა, 2. ლიონი - 11, 3. ნიუკასლი - 10, 4. გრენობლი - 0.

C ჯგუფი
ბრივი-ენისეი 38:18, ნიუპორტი-ვორსტერი 22:7

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 14 ქულა, 2. ნიუპორტი - 9, 3. ენისეი - 9, 4. ვორსტერი - 7

D ჯგუფი
ბასი-კარდიფი 38:3, პო-ბრისტოლი 18:28

სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 13 ქულა, 2, კარდიფი - 13, 3. ბრისტოლი - 10, 4. პო - 1

E ჯგუფი
სტად ფრანსე-ედინბურგი 26:20, ჰარლიქვინზი-ტიმიშოარა 75:3

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 17 ქულა, 2. ედინბურგი - 15, 3. სტად ფრანსე - 11, 4. ტიმიშოარა - 0

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში XV ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობაა. სატურნირო ცხრილს სათავეში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "ოიონაქსი" და "აჟენი" უდგანან. საპლეიოფო ზონაში კი კიდევ სამი "ქართული გუნდია".

თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" შინ დაამარცხა უშუალო კონკურენტი "მონტობანი" - 28:23. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

ასევე არ უთამაშიათ "ოიონაქსის" შემადგენლობაში ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძეს, რომელმაც საკუთარ მოედანზე მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 33:26.

შესანიშნავი ფინიში გამოუვიდა შალვა სუთიაშვილის "ანგულემს", რომელმაც შინ უშუალო კონკურენტთან, "კოლომიესთან" დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა მინიმალური სხვაობით - 26:25. ჩვენებურის ეს გუნდი ახლა 40 ქულით მე-5 ადგილზეა, რაც დივიზიონის დებიუტანტის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია.

სუთიაშვილი თამაშში მე-18 წუთიდან ჩაერთო და ახლახან გუნდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა.

"ანგულემს" ერთი ქულით უსწრებს და მეოთხე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელიც სტუმრად დამარცხდა აუტსაიდერ "ბურგუენთან" - 3:20.

შარიქაძემ სრულად ითამაშა, ოღონდ 34-ე წუთზე მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, რაც ძალზე იშვიათია ამ მორაგბის კარიერაში; დათუნაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო.

ბექა გორგაძის "მონ დე მარსანმა" კი, რომელიც საპლეიოფო ზონასთან ახლოსაა, სტუმრად მოუგო "ვანს" - 26:13. გორგაძე თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.

საფრანგეთი. II დივიზიონი. XV ტური
ვანი-მონ დე მარსანი 13:26, ბურგუენი-ორიაკი 20:3, დაქსი-ბეზიე 23:13, ნარბონი-კარკასონი 27:26, ოიონაქსი-ბიარიცი 33:26, პერპინიანი-ალბი 27:9, აჟენი-მონტობანი 28:23, ანგულემი-კოლომიე 26:25

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 45 ქულა, 2. აჟენი - 45, 3. მონტობანი - 44, 4. ორიაკი - 41, 5. ანგულემი - 40, 6. კოლომიე - 40, 7. მონ დე მარსანი - 39, 8. კარკასონი - 33, 9, პერპინიანი - 33, 10. ნარბონი - 33, 11. ბიარიცი - 32, 12. დაქსი - 29, 13. ვანი - 28, 14. ალბი - 27, 15. ბეზიე - 22, 16. ბურგუენი - 18

XVI ტური
ალბი-ნარბონი, ორიაკი-აჟენი, ბეზიე-ანგულემი, ბიარიცი-დაქსი, კარკასონი-ოიონაქსი, კოლომიე-ბურგუენი, მონ დე მარსანი-პერპინიანი, მონტობანი-ვანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩილაჩავას რა ჭირდა შერკინებაში მაგრად დაიჩაგრა, მაგრად გამიკვირდა ქართევლზე მასეთი უპირატესობა, იმიტომაც გამოცვალეს 29 წუთზე
თორნიკე
15:59 20-12-2016
0
სტატიასა და ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებს შორის რომ წინააღმდეგობებია ვერ ხედავთ?
aba tqvena xart
15:56 20-12-2016
0

სიახლეები პოპულარული