"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელს ბრისტოლში დავუკავშირდით და თავდაპირველად სწორედ მისი უთამაშებლობის თაობაზე დავეკითხეთ.
- მიზეზი ყურით მოთრეულს ჰგავს. რეალური მიზეზი რა შეიძლება იყოს?
- გუნდში მწვრთნელი შეიცვალა. მე "ბრისტოლში", ყოფილმა თავკაცმა ენდი რობინსონმა მიმიწვია. ახალმა მწვრთნელმა ირლანდიელი მეორეხაზელი მოიყვანა გუნდში, რომელსაც ნაკრებში ორი თამაში აქვს გამართული და უპირატესობას მას ანიჭებს. ახლა განსაკუთრებით ვნანობ, 2007 წლის მსოფლიოს თასზე ირლანდიის ნაკრებს რომ ვერ მოვუგეთ.
- ენდი რობინსონი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით "ბრისტოლმა" წარმატებას ვერ მიაღწია. ახალი თავკაცის ხელში კი, გუნდი კარგად ათამაშდა...
- როდესაც "ბრისტოლი" ელიტურ დივიზიონში გადაბარგდა, რობინსონმა ბევრი ახალი მორაგბე იხმო გუნდში. მისი წასვლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ახალი მწვრთნელი არ მოუყვანიათ. მისი ასისტენტი დააწინაურეს მთავარ მწვრთნელად. უბრალოდ გუნდი უკვე შეთამაშდა, დალაგდა. სიტუაცია უფრო უკეთესი გახდა. რობინსონის შემცვლელი უფრო რბილი ხასიათისაა და დაძაბულობა გუნდში აღარ იგრძნობა.
- ბრისტოლი კარგი სარაგბო ტრადიციების ქალაქია. ერთ-ერთი მოწინავე სარაგბო აკადემიაც აქვს. წესით, ის გრანდებს შორის უნდა იყოს, თუმცა...
- როგორც ჩანს, აქამდე მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არ იყო ამ გუნდის მიმართ. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. თუ "პრემიერშიპში" ადგილი შეინარჩუნეს მომავალი წლიდან დიდი გუნდის აშენებას აპირებენ. პრეზიდენტი მდიდარი კაცია, სპონსორებიც მოიზიდა და უნდა გუნდში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიწვიოს. სეზონის დაწყების წინ ახალზელანდიელი მაა ნონუს ჩამოყვანა უნდოდა. "ტულონს" კონტრაქტის გამოსყიდვასაც სთავაზობდა, მაგრამ მურად ბურჯელალმა არ გამოუშვა.
"ბრისტოლის" პრეზიდენტს პირადად ვესაუბრე და მითხრა რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შექმნა სურს.
- "ბრისტოლის" პრეზიდენტი თქვენ თუ გხედავთ იმ ვარსკვლავურ გუნდში?
- "ბრისტოლში" კიდევ ერთი წელიწადი ვიქნები კონტრაქტის მიხედვით. პრეზიდენტმა საუბრისას მკითხა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ რას აპირებო. ვუთხარი, სავარაუდოდ, საფრანგეთში დავბრუნდები-მეთქი. არაო - მითხრა - მინდა ჩვენთან დარჩე კარიერის ბოლომდეო. თვითონაც იგივე მითხრა, რასაც მწვრთნელები მეუბნებიან. დერეფანში კომბინაციების კარგი გამომცხადებელი და მხტომელი გვჭირდებაო. ამას ხომ ნაკრებშიც ვაკეთებ და თანაც, ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. ვნახოთ, იმედი მაქვს ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, მით უფრო, რომ ჩემს კარიერაში სწრაფად არაფერი მომხდარა.
- გუნდში ერთი ქართველი ხართ. გამოცდილება არ გაკლიათ და ადაპტაციაც ახალ გარემოსთან არ გაგიჭირდებოდათ. თუმცა, მაინც საინტერესოა, ვისთან უფრო ურთიერთობთ, ვისთან მეგობრობთ.
- ძირითადად უცხოელებთან. "ბრისტოლში" სამოელები თამაშობენ, რომლებიც ნოემბრის ტესტებზე თბილისშიც გვსტუმრობდნენ. მათთან უფრო იოლია ურთიერთობა. არის კიდევ ერთი ამერიკელი, ამ ქვეყნის ნაკრების შუამარბი. თუმცა კუნძულელებთან უფრო ახლოს ვარ.
ამასთან ერთად, კარდიფი ახლოსაა, სადაც ანტონ ფეიქრიშვილი თამაშობს, არც ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერია" შორს. თავისუფალი დრო, ცხადია, ნაკლებად გვაქვს, მაგრამ როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ვიკრიბებით ხოლმე.
- ნოემბრის ტესტები ახსენეთ. საინტერესო იქნება ჩვენი ნაკრების გამოსვლის თქვენეული შეფასება.
- ძალიან რთული ნოემბერი გვქონდა. წარმოუდგენელია ის, რაც იაპონიასთან მოხდა. გუნდს რომ ყველაფერში აჯობებ და მაინც წააგებ, ცოტა ძნელი ასახსნელია. ცხადია, შეცდომები ჩვენც დავუშვით, მაგრამ მარცხი მარტო მაგის ბრალი არ იყო. როგორც ჩანს, იმ დღეს იღბალი ჩვენს მხარეზე არ იყო. იაპონელებმა წარმოუდგენელი ლელოები გაგვიტანეს. ეგეთი ამ დონეზე, სადაც ჩვენ ვართ, არ ხდება.
სამოსთან თამაში კი, უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ჩვენი გულშემატკივრები გამარჯვებებს მიჩვეული გვყავს, სახლში დიდი ხანია არ წაგვიგია და ახლა ორჯერ ზედიზედ მარცხი კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. სამოასთან მატჩი უნდა ყოფილიყო თავდაუზოგავი ბრძოლა გამარჯვებამდე. მატჩიც ეგეთი გამოვიდა და ქომაგებიც კიდევ ერთხელ გავახარეთ.
შოტლანდიის ნაკრებს ძალიან ცუდ მომენტში დავეჯახეთ. რაც რაგბის ვუყურებ, შოტლანდიას ასეთი ძლიერი ნაკრები არ ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს. "სკოტებს" იმ დროს შევხვდით, როცა ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავდათ. მიუხედავათ ამისა, რაღაც კომპონენტებში შოტლანდიელები დავჩაგრეთ კიდეც.
შოტლანდიას ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს და, დარწმუნებული ვარ, ექვსი ერის გათამაშებაში წლეულს სერიოზულ შედეგს მიაღწევს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მათთან ასე წაგების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.
- მალე ერთა თასის გათამაშება იწყება. ნაკრებში გამოძახებული ხართ?
- ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. მილტონ ჰეიგის ინტერვიუ ვნახე, სადაც ამბობს, რომ პირველ ორ მატჩში ახალგაზრდებს გამოცდის და რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს უხმობს. ჩემთვის ჯერ არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ დამიძახებენ ყოველთვის მზად ვარ ნაკრებში სათამაშოდ.
- "ბრისტოლის" მწვრთნელები ხელს არ შეგიშლიან?
- ხელი ბევრს შეუშლია, მაგრამ ნაკრებში თამაშზე უარი არასდროს მითქვამს. აქ იმიტომ ვთამაშობ, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. როცა ნაკრებში აღარ გამომიძახებენ, ჩემთვის რაგბიც მაშინ დამთავრდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი მწვრთნელები კი ნამდვილად გამოსაცვლელია, არავითარი ორი წელი კიდე მილტონს. მილტონმა თავისი ამოწურა უკვე 100 პროცენტით, ვერაფერს ვერღარ გააუმჯობესებს და პირიქით უკან წავა ნაკრების საქმე. მადლობა მოუხადოთ და გაუშვათ. ქართველ მწვრთნელებში არ ჩანს არავინ. ამიტომ ჯობია მთელი ფინანსური რესურსი მივმართოთ იქით, რომ მაღალი დონის უცხოელი მწვრთნელი დავიქირაოთ.