საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის პირველ ეტაპამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთში, ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

მოსამზადებელი ტურნირისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ ის მორაგბეები მოისაკლისა, რომლებიც მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე გამოიძახა - მიხეილ გაჩეჩილაძე და იოსებ მათიაშვილი.

მწვრთნელი ფიქრობს, რომ ეს ორი მორაგბე "ბორჯღალოსნებთან" ერთად ოკეანის გაღმა გაემგზავრება, თუმცა ტურის ტურნირზე გუნდი საუკეთესო გამოცდილებას შეიძენს.

"25 მაისს საფრანგეთში მივემგზავრებით და საკმაოდ ძლიერ, ტურის ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. იქ შარშანაც ვითამაშეთ, ფრანგული კლუბების გარდა, კანადის, ახალი ზელანდიის და ფიჯის
გუნდები თამაშობდნენ, ასევე, ჩვენი კონკურენტები ევროპის გრან პრიზე - საფრანგეთის (2 გუნდით), გერმანიის და ბელგიის ნაკრებები. აქ ჩვენ გამოვცდით იმ მორაგბეებს, რომელთაც ევროპის გრან პრის პირველ ორ ეტაპზე დავეყრდნობით და შევიგრძნობთ იმ რიტმს, რომელიც 7-კაცასთვის აუცილებელია" - გვიამბობს ჯიმშელაძე.

უძლიერეს ჯგუფში მოსკოვის ეტაპზე
მას შემდეგ, რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, რაგბის ამ მიმართულებას მთელი მსოფლიოს და მათ შორის, ევროპის მასშტაბით დიდი ყურადღება ეთმობა. თუკი აქამდე ევროპის გრან პრიზე რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი იყო, ახლა ყველა ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და შედეგის მიღწევა გართულდა.

მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ პირველ, მოსკოვის ეტაპზე (3-4 ივნისი) ჩვენი 7-კაცა განსაკუთრებულად რთულ ჯგუფში მოხვდა: ირლანდია, უელსი და გერმანია.

"მას შემდეგ, რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, არასარაგბო ქვეყნების ოლიმპიურმა კომიტეტებმა ამ მიმდინარეობაში დიდძალი ფული ჩადეს და ევროპის მასშტაბით ისეთმა ქვეყნებმაც კი წამოიწიეს, როგორებიც გერმანია, ბელგია და იტალიაა. ევროპის გრან პრიზე, რომელიც მსოფლიოს სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ეტაპის და ასევე, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, უწინდებურად გამოკვეთილი ლიდერები აღარ არიან და ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვის.

გრან პრიზე პირველად ითამაშებს ირლანდია, რომელმაც 7-კაცას განვითარებას ბოლო წლებში მოჰკიდა ხელი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირშიც ითამაშა და ჩვენზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მას დუბაიში შევხვდით და ბოლოს გაშვებული ლელოთი დავმარცხდით. ესაა სარაგბო ქვეყანა, რომელსაც უდიდესი რესურსი გააჩნია.

ყველამ იცის, რა დონის გუნდია უელსი, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიო სერიებში. ვფიქრობ, პიირველ ეტაპზე ეს გუნდი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, თუმცა, ირლანდიის მსგავსად, უელსის რესურსიც ჩვენსას ბევრად აღემატება.

გერმანიას შარშანდელი გრან პრის ბოლო ეტაპზე მოვუგეთ, თუმცა საბოლოოდ ჩვენზე მაღალი ადგილი დაიკავა და მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში, ჰონკონგში ითამაშა. ჰონკონგის ტურნირის ფინალში ორი ევროპული გუნდი - ესპანეთი და გერმანია გავიდა და ეს ევროპის გრან პრის მონაწილეთა სიძლიერეზე მეტყველებს.

გერმანელები სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და ჩვენ მსგავსად, სამხრეთ აფრიკაში შეკრება მათაც გაიარეს" - ასე ახასიათებს მომავალ მეტოქეებს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი.

უცვლელი მიზანი - ჰონკონგის და მსოფლიო თასის საგზური
წლევანდელი ევროპის გრან პრი, ტრადიციულად, მსოფლიო სერიის შესარჩევის, ჰონკონგის ტურნირის შესარჩევი ეტაპის ტურნირიცაა. ჰონკონგის საგზურს იღებს ის ორი გუნდი, რომელიც მსოფლიო სერიის მუდმივი მონაწილეების შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს დაიკავებს.

ევროპის გრან პრიზე სულ 12 გუნდი თამაშობს და აქედან 5-ს სერიის საგზური უკვე მოპოვებული აქვს - ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი და უელსი; შესაბამისად, საქართველოს კონკურენტები გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ბელგიის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.

პარალელურად, წლევანდელი ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბში 2018 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა სისტემით ჩატარდება შესარჩევი ტურნირი და არაა გამორიცხული, რომ მოსკოვის (რუსეთი, 3-4 ივნისი), ლოძის (პოლონეთი, 10-11 ივნისი), ლიონის (საფრანგეთი, 24-25 ივნისი) და ექსეტერის (ინგლისი, 15-16 ივლისი) ეტაპების შემდეგ, პორტუგალიაში მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი დამოუკიდებლად გაიმართოს.

"ჩვენი მიზანია, რომ ევროპის გრან პრი ზედა ექვსეულში დავასრულოთ (4 ეტაპის შემდეგ) და ჰონკონგის საგზური მოვიპოვოთ. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, ევროპის გრან პრის არცერთ ეტაპზე საპრიზო ადგილი არ აგვიღია და ვეცდებით, ეს უსიამოვნო სერია შევწყვიტოთ.

წელს ძალიან რთული იქნება მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიც, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ბოლო 2 ეტაპზე მაქსიმალურად კარგი გუნდით წარვდგებით და შედეგიც შესაბამისი იქნება" - ამბობს ჯიმშელაძე.

შეგახსენებთ, ევროპის გრან პრის თითოეულ ეტაპზე გუნდებს დაკავებული ადგილების მიხედვით ქულები ენიჭებათ და გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც 4 ეტაპის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება, ხოლო ბოლო ადგილზე გასული ნაკრები "ალაფაზე" დაქვეითდება.

"ბორჯღალოსნები" 7-კაცაში
რადგან წლევანდელი 7-კაცა მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა, პალიკო ჯიმშელაძეს ბოლო, ექსეტერის და პორტუგალიის ეტაპებზე უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანის შესაძლებლობა ექნება.

"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მილტონ ჰეიგთან და 24 ივნისის, ანუ არგენტინასთან ტესტ-მატჩის შემდეგ 7-8 "ბორჯღალოსანი" დაგვემატება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ უძლიერესი გუნდი პირველივე დღიდან გვყოლოდა, მაგრამ უპირატესობა ეროვნულ გუნდს ენიჭება.

ეს ჩვენთვისაც სასიამოვნოა, რადგან 7-კაცას გავლით არაერთი მორაგბე მოხვდა ეროვნულ გუნდში, ბოლო დროს მიხეილ გაჩეჩილაძე და იოსებ მათიაშვილი. ვფიქრობ, ისინი ამერიკულ ტურნეზეც გაემგზავრებიან. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ხედავს, რომ 7-კაცა ნაკრებიდან ეროვნულამდე ერთი ნაბიჯია, რაც ზრდის ჩვენი მორაგბეების მოტივაციას".

ტურის მოსამზადებელი ტურნირის შემდეგ ჩვენი 7-კაცა სამშობლოში ბრუნდება და ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე 1-ელ ივნისს გაემგზავრება.

ტურის ტურნირზე მიდიან: ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ნიკა გიგაური (არმაზი), ნიკო აფციაური (ყოჩები), გუგა შენგელია (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), შავლეგ მახარაშვილი (არმია), ბესიკ ბროძელი (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), რეზი ჯინჯიხაძე (ჯიქი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ ღირსეულ IV ადგილს (I ადგილი - სამხრეთ აფრიკა, II ადგილი - ახალი ზელანდია და III ადგილი - ფრანგი ბასკები)!
მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ემიგრანტენს, რომლებიც ბოლომდე მხარში ედგნენ საქართველოს ნაკრებს და გულმხურვალედ ქომაგობდნენ!
გუჯა კახაძე
16:46 02-06-2017
0
ერთი ქართული წარმოშობის ინგლისელი რომ გვყავდა რატო აღარ ვეხმიანებით? თუ კონკურენცია ვერ დაძლია?
Irakli apkhaidze
17:05 24-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული