საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე ეტაპი დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე ეტაპიც მე-8 ადგილზე დაასრულა.

მოსკოვისა და ლოძის მსგავსად, მეტის მიღწევა კლერმონშიც შეიძლებოდა, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია.

პალიკო ჯიმშელაძის გუნდს ჰონკონგის საგზურის მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება მართებდა და ექვსივე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ხუთ შემთხვევაში ერთი გარდასახული ლელოს (და ნაკლები) ფარგლებში დამარცხდა.

პირველი მატჩი გერმანიასთან გვქონდა და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ანგარიში 0:12 იყო, როდესაც ლევან გოგოლაშვილმა ფინტებით მცველები მარცხენა ფლანგზე შემოიკრიბა, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და ბექა ურჯუკაშვილის ლელო მამუკა
ნინიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. ბოლო წუთზე ფლანგზე აკაკი ტაბუცაძე გაიქცა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ნინიძემ გარდასახა და 14:12 ვიმარჯვეთ.

ესპანეთმა ერთადერთი ლელო პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე მიითვალა და მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა - 0:7. უქულო გამოდგა პირველი ტაიმი პორტუგალიასთან, შესვენების შემდეგ კი სისწრაფეს მოვუმატეთ და ლაშა ხმალაძემ ბურთი ძელებშუა დაამიწა - 7:0. პორტუგალიამ ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ გასატანი გარდასახვა გაუცუდდა და თამაში 7:5 უნდა მოგვეგო, თუმცა გაწითლებულ დროზე ჩვენს 22-ში ჩვენივე დერეფანი წავაგეთ, ლელო-გარდასახვა მივიღეთ და პლეი ოფში მესამე ადგილით გავედით (7:12).

მეოთხედფინალში კვლავ ესპანეთი გვერგო და ისევე, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ლელო პირველი ტაიმის ბოლოს მივიღეთ. თამაში რომ განახლდა, ჩვენივე შეყვანილი ბურთი მოვიგეთ და იოსებ მათიაშვილმა ლელო ძელებშუა გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით დაგვაწინაურა. მეორე ტაიმის შუაში შეცდომების სერიას ხმალაძის სინბინი მოჰყვა, ესპანეთმა მეტობა გამოიყენა და 10:7 იმარჯვა.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში მასპინძელი საფრანგეთი ორი ლელოთი დაწინაურდა. ზედ შესვენების წინ ბიძინა სამხარაძემ სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და ლელოში ხმალაძე შეუშვა, ბაბუნაშვილმა გარდასახა. მეორე ტაიმში მეტოქე ცენტრში შევავიწროვეთ, ბურთი მოვიპოვეთ, მიხეილ გაჩეჩილაძემ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებშუა გაიტანა, ბაბუნაშვილმა წინ გაგვიყვანა - 14:12. ფრანგებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს. სულ ბოლოს სალელოვედ შევუტიეთ და მიზნამდე სულ ცოტა რჩებოდა, მაგრამ შებოჭილმა ტაბუცაძემ ბურთი ვეღარ ამოაგდო.

მე-7 ადგილისთვის ბელგიას შევხვდით და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, მეტოქემ 22:19 იმარჯვა და წინა ორი ტურნირის მსგავსად, მე-8-ზე დავრჩით.

ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი ინგლისში, ექსეთერში 15-16 ივლისს გაიმართება.

მესამე, კლერმონის (საფრანგეთი) ეტაპზე ითამაშეს: იოსებ მათიაშვილი (აკადემია), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ზურაბ ძნელაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), მირიან მოდებაძე (აია), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (ჯიქი), ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდ მოცეკვავესო ..... უშლიდა ცეკვაშიო .:-) იღბალი დძლიერებს არ აქცევს ხოლმე ზურგს, კარგად დაიმახსოვრეთ !!!!
ცუდი მოცეკვავის ამბავი
15:57 03-07-2017
0
ოლიმპიური სახეობაა და უფრო დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს
Irakli apkhaidze
23:35 03-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული