გიორგი ნიჟარაძე: ქართლში რაგბის უზარმაზარი პოტენციალია

AutoSharing Option
დაახლოებით წელიწადია რაც გორში, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან გაქრა უზარმაზარი ბილბორდი მორაგბის გამოსახულებით და წარწერით: "ლომები” ჩვენი გუნდია", ამდენივე ხანია ვეღარც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის შესასვლელზე აღმართულ ამავე კლუბის ემბლემიან დროშას დაინახავთ.

ერთადერთი, რაც ძველ "ლომებთან" ქალაქს აკავშირებს, სარაგბო ატრიბუტიკით მოხატული პატარა მოხდენილი ავტობუსია წარწერით ”გორის "ლომები", თუმცა ახლა ამ ავტობუსს უბრალოდ მგზავრები გადაჰყავს გორის რაიონის სოფლებში. არადა, შარშან გორის "ლომებმა", მას შემდეგ, რაც პირველ ლიგაში ნათამაშები ყველა შეხვედ
რა მოიგო, უმაღლესი ლიგის საგზური დამსახურებულად მოიპოვა, მაგრამ მალევე ეს გუნდი შეერწყა რა "არმიას", ახალ სეზონში არც ერთ ლიგაში აღარ გამოჩენილა.

ორი წლის წინათ, როდესაც გორში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით რაგბის გუნდის ჩამოყალიბება დაისახეს მიზნად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი საფეხბურთო კლუბი გორის "დილა" მეორე ლიგამდე იყო დაქვეითებული. ეს უკანასკნელნი მაშინ ქალაქის მუნიციპალიტეტისავე ინიციატით ერთხანს თენგიზ ბურჯანაძის არენიდანაც საერთოდაც გამოაძევეს და იქაურობა "ლომებს" დაუთმეს. ყველაფერმა ამან წარმოშვა ფეხბურთის გულშემატკივარში ეჭვი, რომ გორში რაგბის შემოსვლა პირდაპირ ნიშნავდა ფეხბურთის განდევნას. ახალმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე პირიქით, პრიორიტეტი "დილას" უმაღლეს ლიგაში დაწინაურებას მიანიჭა და პარალელურად, ძირითადად მოწვეული სპორტსმენებით დაკომპლექტებული "ლომების" არსებობის საჭიროება ვეღარ დაინახა.

აქედან გამომდინარე, გორში ფეხბურთის და რაგბის ქომაგთა შორის ლამის ერთგვარი ანტაგონიზმი წარმოიშვა, რომლის გამორიცხვის მიზნით, გადავწყიტეთ ქალაქის გამგებლის მოადგილის, ვანო ხორგუაშვილის პოზიცია გაგვეცნო მკითხველისთვის, შემდეგ კი რეგიონში რაგბის განვითარების პერსპექტივაზე საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს გია ნიჟარაძესაც დავეკითხეთ.

"ადგილობრივი ხელისუფლება არ თვლის, რომ სპორტის ამ ორი სახეობიდან ერთ-ერთის განვითარებაზე აქვს ორიენტაცია აღებული და ამით მეორეს აკნინებს. დღესდღეობით გორში რაგბის ბავშვთა გუნდები არსეობობს, რომელთაც ჩვენ ყოველმხრივ ვეხმარებით. ვფიქრობთ, რომ სწორედ ადგილობრივ კადრებზე დაყრდნობით უმჯობესია სპორტის ამ სახეობის განვითარება და როდესაც მათ მაღალი მიზნების მოპოვების პერპექტივა გაუჩნდებათ, არც მაშინ დავტოვებთ უყურადღებოდ", - გვითხრა ვანო ხორგუაშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტის პოზიცია კი ასეთია:
- ცხადია როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად არის საშუალება, რომ სხვადასხვა გუნდიდან მოწვეული სპორტსმენებით მოკრიბო გუნდი და დაუსახო დიდი მიზნები, მაგრამ მე პირადად, რაგბში ეს არ მიმაჩნია განვითარების ნორმალურ გზად. ვფიქრობ, რომ ყველაზე მართებულია, ბავშვთა ასაკიდან დაიწყოს რაგბის განვითარება, ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდეს ჭაბუკთა გუნდები და ისინი ბუნებრივი გზით გადავიდნენ ჯერ მეორე, შემდეგ პირველ ლიგაში და ა. შ. ეს შექმნის ისტორიას და ტრადიციას. რაგბი კი სწორედ რომ ტრადიცული სპორტია.

დღესდღეობით გორში მწვრთნელთა მეთვალყურეობით ვარჯიშობენ ბავშვთა ჯგუფები. მართალია, ზოგადად ბავშვთა რაგბში ჯერაც ბევრია სამუშაო მისი განვითარების, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, მაგრამ ფედერაცია ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრს შრომობს და მერწმუნეთ, რომ გორს არანაკლებ გულისხმიერად მივხედავთ, ვიდრე დედაქალაქს ან ჩვენი ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონს.

ნიშანდობლივია, რომ გორელი ჭაბუკები თანატოლთა შორის გამართულ ფესტივალებში ასპარეზობენ. ამ ფესტივალებს ვმართავთ, პირველ ყოვლისა, ბავშვთა რაგბის განვითარებისთვის, სადაც მთავარია არა ანგარიში, არამედ რაგბთან კარგად შერწყმა და სიამოვნების მიღება ამ თამაშით.

- რაგბის რა პოტენციალს ხედავთ გორში?
- არა მხოლოდ გორში, საერთოდ ქართლში რაგბის უზარმაზარი პოტენციალია. აქ არის ჭიდაობის ფანტასტიკური ტრადიცია, თანაც ქართლელები ხასიათით მებრძოლი ხალხი არიან. და კიდევ, ყველა ის თვისება, რაც რაგბს სჭირდება, ამ მხარეში მცხოვრებ მოსახლეობას უხვად აქვს! შესაბამისად ჩვენ ვხედავთ გორში რაგბის განვითარების სერიოზულ პერსპექტივას.

იმედი მაქვს, რომ აქ ამჟამად მოქმედი მოზარდთა გუნდები ბევრს მიაღწევენ. ეს ქალაქი უნდა გახდეს ცენტრი, სადაც მოიზიდავენ ბავშვებს რაიონის სოფლებიდან. ამასთან, სკოლებიდან თუ რომლიმე აირჩევს რაგბს გაძლიერებული სწავლისთვის, ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით და შევუქმნით საჭირო პირობებს.

- ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა როგორია მოზარდი მორაგბეებისადმი?
- ფინანსური თვალსაზრისით ამჟამინდელი მათი თანადგომა აბსოლიტურად საკმარისია. მერე, როდესაც ეს გუნდები ჭაბუკთა ან კიდევ ზედა ლიგებამდე აღზევდებიან, ცხადია, მეტი დაჭირდებათ, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი რიგზეა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა ქალაქის ერთ უბანში, გამოყო ადგილი რაგბის სტადიონის ასაშენებლად, ქართუ-ჯგუფის საქველმოქმედო ფონდი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მშენებლობას მერმისიდან შეუდგება.

- ზოგადად რეგიონში რაგბის განვითარებაზე რას იტყვით?
- გარდა გორისა, ხაშურშიც დაწყო რაგბის ჯგუფებმა მუშაობა, რაც ამ ეტაპზე შეფერხებულია, მაგრამ აუცილებლად განვაახლებთ. გარდა ამისა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში გვინდა ავამოქმედოთ ძალიან სერიოზული პროექტი. ამ საკითხში წარმატებით ვთანამშრომლობთ ”თი-ბი-სი” ჯგუფთან, რომელიც დაგვპირდა, რომ იქ ერთ მოედანს აგვიშენებს. სურვილი გვაქვს დიდი ტრაგედიის გადამტან მოსახლეოებას ჩავუნერგოთ რაგბის სიყვარული. დაახლოებით 3-4 წელიწადში იმედი მაქვს, მოედნებით და გუნდებით მთელ ქართლს ავითვისებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული