"შვიდკაცა ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია

AutoSharing Option
ახლახან მოსკოვში დასრულებულ შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-19 ადგილი დაიკავა.

ცხადია, ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, უკეთესი ადგილის დაკავებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გამოვიდა. განვლილი ტურნირის შეფასება საქართველოს ნაკრების მწვრთნელ კახა ალანიას ვთხოვეთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. პლეი ოფში პირველ რვა გუნდში გასვლა, რომელიც ჯგუფური ტურნირის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობდა, შეუძლებელი იყო.

გვინდოდა, მეორე რვეულში თამაშის უფლება მოგვეპოვებინა და მე-9 ადგილისთვის გვებრძოლა. ამის შანსი ერთხელ 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგვეცა, მაგრამ მაშინ წავაგეთ და მე-10
ადგილზე გავედით. მერე ამ დონეზე არასდროს ავსულვართ.

- ნაკრებმა ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე მატჩი ითამაშა. აშშ-ს
თან ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში უკეთ გამოვიყურებოდით. კანადასა და იაპონიასთან კი, პირიქით, პირველი ტაიმი ორივეს მოვუგეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდით. ყვითელი ბარათიც ხშირად დავიმსახურეთ...
- პირველი ყვითელი ბარათი კანადასთან მივიღეთ. დრო როცა გაქვს, ყველაფერზე უნდა იმუშაო, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო.

თამაშის დროს კაცნაკლული სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება დარჩე, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყო, უნდა შეძლო, ისეთი შეცვლა გააკეთო და გუნდი ისე გადააწყო, რომ ორი წუთის განმავლობაში კაცნაკლულმა გაძლო. სამწუხაროდ, მაგისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ჩვენთვის ეს შოკივით იყო. დაცვა სულ აგვერია და გავტყდით.

- პლეი ოფში იაპონიასთან ორჯერ ვიგებდით 14 ქულის სხვაობით, მაგრამ ბოლოს მაინც დავმარცხდით...
- იაპონიის ნაკრებთან არაერთხელ გვითამაშია. მათთან მოგვიგია კიდეც. ამ გუნდის დამარცხების გზა ჩვენთვის ცნობილი იყო.

ძალიან კარგი მორაგბეები ჰყავთ, მართლაც სამურაებივით უტევენ. ბოლო ოთხი წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, შანსი მიეცათ და გამოიყენეს.

ბოლო ლელო ვიქტორ კოლელიშვილმა სწორედ ამ დროს გაიტანა. დაიღალა, შეცვლას ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვასწარით, არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა. მისი არყოფნა მერე ძალიან დაგვეტყო. ვიტო ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა.

სამწუხაროა, მაგრამ მოგებული თამაშები წავაგეთ. რაღაც დაგვაკლდა. ეს მთელი გუნდის ბრალია.

არადა, რეალურად ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მერაბ კვირიკაშვილი გამოკვეთილი ვარსკვლავი იყო.

პოტენციალი დიდი გვაქვს. არ გაგვიმართლა, რომ "თბილისის თასი", არგენტინის ტესტი და შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი დროში ერთმანეთს დაემთხვა.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და წარმატება ყველგან გვჭირდება. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთის ხარჯზე მეორე დაზარალდეს. ამიტომ დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და მომავალში პრიორიტეტები სწორად დავსახოთ.

- მსოფლიოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგიც იმყოფებოდა. ის მუშაობაში გეხმარებოდათ?
- მილტონ ჰეიგი სტუმრად იყო წამოსული. ბიჭებისთვის წყალი მოჰქონდა, თავისთვის იჯდა და უყურებდა, ვინ როგორ ირჯებოდა.

გუნდის წევრივით იყო, ჩვენსავით განიცდიდა, ნერვიულობდა. პირადად ვესაუბრე, მაგრამ საწვრთნელ პროცესში არ ერთვებოდა.

ვფიქრობ, ბევრ ჩვენს მოთამაშეზე, რომლებმაც მოსკოვში ითამაშეს და ჯერ ეროვნულ გუნდში არ არიან, მან საკმარისი ინფორმაცია მიიღო. ისინი საინტერესო მორაგბეები არიან და კარგი პოტენციალი აქვთ, კიდევ უფრო მოუმატონ.

- რამდენად მოახერხეთ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება?
- ცხადია, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა: ირაკლი მაჩხანელი, თედო ზიბზიბაძე და ლაშა ხმალაძე, რომელიც ყველა მატჩში გმირობის მაგალითს გვიჩვენებს.

ამათ რომ ეთამაშათ, შესაძლოა, უკეთესი შედეგი გვქონოდა, მაგრამ ვინც იყო, არაფერი დაუშურებია, ყველამ ბოლომდე მთელი შემართებით იბრძოლა. გუნდში თითო 18, 19, 20 და 21 წლის მორაგბე გვყავდა.

თუ სწორად მუშაობას განვაგრძობთ, შედეგიც მოვა. ვფიქრობ, რომ ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ამ გუნდით არ უნდა იყოს ძნელი. მით უფრო, რომ მოსკოვში ასეთი შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული