პირველი ლიგა: "თიბისიმ" ლიდერობა განიმტკიცა

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის პარალელურად, გრძელდება პირველი ლიგის გათამაშებაც, სადაც მეექვსე ტურის მატჩები მიილია და კიდევ უფრო დაიძაბა სატურნირო მდგომარეობა.

გათამაშების უდავო ფავორიტი "თიბისი" თავის უახლოეს მდევარ "დინამოს" დაუპირისპირდა და მეტოქეს წარმატებაზე ფიქრის შანსი არ დაუტოვა -18:3. "თიბისიმ" კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და 29 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფება.

"ხულიგანას" სეზონის სტარტი არცთუ ისე წარმატებული გამოუვიდა. პატარძეულის "ვეფხვებთან" გასამართ პრინციპულ მატჩში წყდებოდა, იბრძოლებდნენ თუ არა ისინი რეალურად თუნდაც მეორე ადგილისათვის.

მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "ხულიგანამ" უდიდესი მონდომების და თავდადების ხარჯზე მოახერხა დამაჯერებელი
გამარჯვების მოპოვება - 30:18 და კვლავ დიდი დოზით დააბრუნა ინტრიგა მეორე ადგილისათვის ბრძოლაში.

ახლა "დინამოს" და "ვეფხვებს" 21-21 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. თუმცა იქვეა "ხულიგანა" და "სტუ", რომლებსაც 19-19 ქულა დაუგროვდათ.

"დევები" და ჯვაროსნები" ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებოდნენ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა მათ დაპირისპირებას და თითოეულ მოპოვებულ ქულას ოქროს ფასს მატებდა.

შეხვედრა "ჯვაროსნებმა" გაცილებით უფრო აქტიურად დაიწყეს და ზუსტად დარტყმული არეკნის ხარჯზე ანგარიშიც გახსნეს - 0:3.

თუმცა "დევები" დროულად გამოფხიზლდნენ, დაეუფლნენ ტერიტორიულ და სათამაშო
უპირატესობას. შედეგად, ათიოდე წუთში მეტოქეს ორი საჯარიმო გაუტანეს - 6:3.

ტაიმის მიწურულს "ჯვაროსნებმა" ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მათმა ცხრა ნომერმა გიგა შერაზადაშვილმა მშვენიერი კონტრშეტევა წამოიწყო. მან ჯერ ფეხით ზუსტად შეიცურა ბურთი მეტოქის ზურგში, რომელსაც თვითონვე შეჰყვა, აიტაცა და გადამწყვეტ მომენტში ოთარ ღვინიაშვილს გადააწოდა, რომელსაც აღარ გასჭირვებია ბურთის ჩათვლის მოედანში დამიწება. გარდასახვაც ზუსტი გამოდგა - 6:13.

მატჩის მეორე ნახევარში "დევებმა" მეტოქეზე ზეწოლა გაზარდეს, რაც მალევე ლელოდ დაუფასდათ. მორკინალები ხუთი წუთის განმავლობაში აგრესიულად უტევდნენ "ჯვაროსნების" 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან. ისინი უარს ამბობდნენ მოპოვებული საჯარიმოს კარში დარტყმაზე და ჯიუტად ლელოზე გახლდნენ დაგეშილნი.

53-ე წუთზე მიხეილ ბარაბაძემ მშვენიერი კონტაქტის ხარჯზე გაიარა მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი და კარის ძელთან ახლოს გაიტანა ლელო, რომელიც ჯაბა კიზირიამ გარდასახა და ანგარიშიც გათანაბრდა - 13:13.

სათამაშოდ ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩებოდა. ორივე გუნდს არაერთხელ მიეცა ანგარიშის სათავისოდ შეცვლის შესაძლებლობა. თუმცა, საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა, რომლითაც გაცილებით უფრო კმაყოფილნი "ჯვაროსნები" დარჩნენ, რომლებიც მოპოვებული ორი ქულის ხარჯზე სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციამდე აღზევდნენ.

ტურის დარჩენილ ორ შეხვედრაში ფავორიტებმა იოლად იმარჯვეს. "ივერიამ" "წიქარა" დაამარცხა - 42:3, ხოლო "სტუ"-მ გარდაბნის "მგლებს" სძლია - 43:5.

აღმოსავლეთი ზონა
VI ტური
დინამო-თიბისი 3:18, ხულიგანა-ვეფხვები 30:18, დევები-ჯვაროსნები 13:13, ივერია-წიქარა 42:3, სტუ-მგლები 43:5.

სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 29 ქულა, 2. ვეფხვები - 21, დინამო - 21, 4. ხულიგანა - 19, 5. სტუ - 19, 6. ჯვაროსნები - 12, 7. ივერია - 12, 8. დევები - 11, 9. მგლები - 0, 10. წიქარა - 0;

VII ტური
ჯვაროსნები-დინამო, სტუ-დევები, წიქარა-მგლები, ვეფხვები-ივერია, თიბისი-ხულიგანა

დასავლეთ ზონაში, აღმოსავლეთისგან განსხვავებით, გამოკვეთილი ლიდერი ორია - ფოთის "რაინდები" და ქუთაისის "ბაგრატი", რომლებიც ჯერაც დაუმარცხებლად ასპარეზობენ.

პლეი ოფის საგზურს, სავარაუდოდ, სწორედ ეს გუნდები დაეუფლებიან. მეხუთე ტურში ორივე ლიდერმა შინ ითამაშა. "რაინდებმა" დიდი ანგარიშით დაამარცხეს ბათუმის "დელფინები" - 51:5, ხოლო "ბაგრატმა" დაძაბულ ბრძოლაში სძლია ოზურგეთის "არწივებს" - 12:0.

სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და, სავარაუდოდ, შესაძლოა ლიდერების დავაში ჩაერიოს წყალტუბოს "დინოზავრი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა საჩხერის "ჯრუჭი" - 30:8.

დასავლეთი ზონა
V ტური
ჯრუჭი-დინოზავრი 8:30, რაინდები-დელფინები 51:5, ბაგრატი-არწივები 12:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. რაინდები - 20 ქულა, 2. ბაგრატი - 18, 3. დინოზავრი - 12, 4. არწივები - 11, 5. ჯრუჭი - 5, 6. ბათუმი XV - 4, 7. დელფინები - 1.

VI ტური
დელფინები-ბაგრატი, არწივები-ჯრუჭი, დინოზავრი-ბათუმი XV.

სათადარიგო გუნდების შეჯიბრებაში დაუმარცხებელი მხოლოდ ქუთაისის "აია" დარჩა. ქუთათურები დამაჯერებლად ასპარეზობენ და ამტკიცებენ, რომ ამ ქალაქის რაგბის შესანიშნავი მომავალი აქვს. "აიამ" მე-5 ტურში შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა თბილისის "არმაზი" - 52:7.

ქუთაისურ გუნდს კვალში უდგას და კონკურეციას უწევს მხოლოდ ერთი გუნდი, თბილისის "ჯიქები", რომელმაც თავის მხრივ, "არმიას" მოუგო დიდი ანგარიშით - 41:7. საგულისხმოა, რომ სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზეა აუტსაიდერის, "ბათუმის" სათადარიგო გუნდი, რომელმაც სტუმრად სძლია თბილისის "აკადემიას" - 17:36.

სათადარიგო გუნდები
V ტური
ყოჩები-ხარები 13:12, აია-არმაზი 52:7, არმია-ჯიქები 7;41, ლელო-ლოკომოტივი 25:34, აკადემია-ბათუმი 17:36.

სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 23 ქულა, 2. ჯიქები - 20, 3. ბათუმი - 16, 4. ლელო - 14, 5. არმაზი - 13, 6. ლოკომოტივი - 10, 7. ყოჩები - 9, 8. ხარები - 7, 9. აკადემია - 6, 10. არმია - 0.

VI ტური
ჯიქები-ლელო, აია-ყოჩები, ლოკომოტივი-აკადემია, არმაზი-არმია, ბათუმი-ხარები.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სავარაუდოდ კი არა აუცილებლად ჩავერტვებით ლიდერთა დავაში.!!!!
cxaltubeli dinozavri
17:38 11-10-2013
0

სიახლეები პოპულარული