საქართველოს 2013 წლის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა 2013 წლის შედეგები შეაჯამა, რომელიც უდაოდ წარმატებული იყო, დააჯილდოვა გამორჩეული მორაგბეები, კლუბები და სამომავლო გეგმების ნაწილიც გაამხილა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს რაგბის კავშირმა სარაგბო საზოგადოება ღონისძიებაზე მიიწვია, რომელსაც "ექსპო ჯორჯიამ" უმასპინძლა.

შემაჯამებელი საღამოს დასაწყისში გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტრომ ერთი დღით ადრე საუკეთესო მენეჯერად დაასახელა, დამსწრე საზოგადოებას გასული წლის შედეგები მოკლედ გააცნო (იხილეთ სტატია).

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება და საქართველოს სიმბოლური ნაკრები
ამის შემდეგ დაიწყო დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი. უწინარესად, დაჯილდოვდნენ გასული პირველობის შედეგად გამარჯვებული გუნდები და პრიზიორები.

2013 წლის საქართველოს რაგბი 7-ს ჩემპიონი ქალთა შორის "ლანჩხუთი" გახდა, კაცთა შორის ჩემპიონი, ქუთაისის "აია" გახდა. ასევე დაჯილდოვდა 2012-13 წლის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გამარჯვებული, რაგბის კლუბი "თი ბი სი". საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების 2012-2013 წლის სეზონის ბრინჯაოს პრიზიორი ასევე ქუთაისის "აია", ვერცხლის პრიზიორი "არმია", ხოლო ჩემპიონი თბილისის "ლელო" გახდა.

ჩემპიონი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ცერემონიალზე იმყოფებოდნენ, პირადად ავიდნენ სცენაზე და კუთვნილი მედლები ჩაიბარეს, რის შემდეგაც გუნდური სურათიც გადაიღეს. "ლელოელებს" კიდევ რამდენჯერმე მოუწიათ სცენაზე ასვლა.

"ლელოდან" ჩემპიონატის საუკეთესო მექულე ირაკლი ყიასაშვილი გახდა და მან "ზარაფხანასგან" "ოქროს ლომი" მიიღო.

საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ლევან მაისაშვილი და მან დეველოპერული კომპანია "ტრიდესგან" მიიღო საჩუქარი.

საუკეთესო მელელოვე ქუთაისის "აიას" მოთამაშე ბექა ყურაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი.

Sportall.Ge

დასახელდა ტრადიციული, ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრებიც:

შერკინება
1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. რევაზ ნელქანია, 3. ნიკა პატარაია, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი ჭყოიძე
ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. გიორგი შკინინი, 12. თორნიკე ცერცვაძე, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 15. ბექა წიკლაური

ვეტერანი მორაგბეები
ამის შემდეგ დაჯილდოვდნენ მრგვალი თარიღის მქონე ვეტერანი მორაგბეები, რომელთაც ახალგაზრდები ფეხზე წამოუდგნენ, ტაში და სპეციალური მაისურები დაიმსახურეს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებმა და კულმინაციის დროც დადგა.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ, კლუბების მწვრთნელებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად გახდა "ლელოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც "ართ თაიმმა" საჩუქრად "ტისოს" სპორტული საათი გადასცა.

2013 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე
და ბოლოს, 2013 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბედ, 2008, 2009 და 2011 წლების შემდეგ, მეოთხედ აღიარეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე.

რადგან მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მის მეუღლეს, ციცი ბოხუას და უმცროს შვილ ნიკოლოზს კომპანია ზარაფხანას მიერ დამზადებული "ნატვრის ხე", რომელზეც რაგბის ბურთებია ჩამოკიდებული, ნავთობკომპანია "თესის პეტროლიუმ ლიმიტედმა" გადასცა.

Sportall.Ge

7-კაცა ახალ წელს ახალი გენერალური სპონსორით შეხვდება
2013 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კომპანია "თესის პეტროლიუმ ლიმითედსა" და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს რაგბი 7-ს ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორობას ითვალისწინებს.

ამრიგად, ახალი გენერალური სპონსორის მხარდაჭერით, საქართველოს რაგბი 7-ს ეროვნული ნაკრები გუნდი ეცდება 2016 წლის რიოს თამაშების ლიცენზიის მოპოვებას.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /


იბრძოლეთ...

გააგრძელეთ მამულიშვილებო ...

სამშობლოსათვის...
glaxuna
20:31 29-12-2013
0

სიახლეები პოპულარული