"მადლობა ყველას, ვინც საქართველოს რაგბი პირადი ქონების გაყიდვით შეუნარჩუნა"

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა 2013 წლის შედეგები შეაჯამა, რომელიც უდაოდ წარმატებული იყო, დააჯილდოვა გამორჩეული მორაგბეები, კლუბები და სამომავლო გეგმების ნაწილიც გაამხილა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს რაგბის კავშირმა სარაგბო საზოგადოება ღონისძიებაზე მიიწვია, რომელსაც "ექსპო ჯორჯიამ" უმასპინძლა.

შემაჯამებელ საღამოზე გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც საქართველოს სპორტის სამინისტრომ ერთი დღით ადრე საუკეთესო მენეჯერად დაასახელა, დამსწრე საზოგადოებას გასული წლის შედეგები გააცნო.

გიორგი ნიჟარაძე:
- ამ საზეიმო ღონისძიებაზე თავი რომ არ შეგაწყინოთ, ყურადღებას მხოლოდ 2013 წლის გამორჩეულ მომენტებზე გავამახვილებ.

ამ კუთხით, უწინარესად "ერთა თასის" მოგება უნდა აღვნიშნოთ. ახლა
მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა მსოფლიო თასზე იმ ადგილიდან გასასვლელად, რომლიდანაც ჩვენ იქ მოხვედრა გვსურს. ამისათვის გაისად ხუთივე თამაში უნდა მოვიგოთ და ინგლისში ახალ ზელანდიასთან ერთად ჯგუფში არგენტინის, ტონგას და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გუნდები გვეყოლებიან.

ამ წლის უდიდესი მონაგარი იყო კლუბებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების მოპოვება. მთავარობა დავარწმუნეთ, რომ სპორტი არაა გერი შვილი, რომ მას ქვეყნის სახელი გააქვს მსოფლიოში და ამბიციური გეგმების და ასეთი წარმატებების ფონზე, აუცილებელია კლუბების დაფინანსება.

იმ ბიუჯეტით, რაც მანამდე კლუბებს ჰქონდათ, ამ დონის შენარჩუნება გაგვიჭირდებოდა, ახლა კი, ერთადერთი კავშირი ვართ, რომელიც არა მარტო უმაღლესი ლიგის, არამედ პირველი ლიგის გუნდებსაც ვაფინანსებთ და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგა.

დიდი დაფასება მივიღეთ რაგბის საერთაშორისო საბჭოსგან, რომელმაც თბილისის ტურნირის დაარსებაზე თანხმობა განაცხადა. ჩვენ არ ვართ წყნარი ოკეანის ქვეყანა და ვერ მივიღებთ მონაწილეობას წყნარი ოკეანის თასზე, მის გარდა კი, IRB მხოლოდ ორ - თბილისის და ბუქარესტის ტურნირებს აფინანსებს.

წელს მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩები გავმართეთ და მინდა გულშემატკივრებს გავახსენო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ თამაში დავიწყეთ შვეიცარიის და ლუქსემბურგის დონის გუნდებთან. მერე შევეჩვიეთ რუმინეთთან მოგებას და მათთან ბალანსი ახლახან გავათანაბრეთ, ახლა კი, სულ სხვა დონეზე გადავდივართ და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივეჩვიოთ სამოას, არგენტინის, ფიჯის, იაპონიის, კანადისა და აშშ-ს დარ გუნდებთან თამაშს.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც თავის დროზე პირადი ქონების გაყიდვის ხარჯზე საქართველოს რაგბი შეუნარჩუნა და ახლა ჩვენ მათი გზა კიდევ უფრო წარმატებით უნდა გავარგძელოთ.

ევროპის ჩემპიონები
- ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც უპრობლემოდ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და დაბრუნდა ასაკობრივ მსოფლიო თასის "ალაფაზე".

წელს ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი და შვიდ კლუბს აქვს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი.

2014 წლის ევროპის ერთა თასი
- ახლა ჩვენ იმდენად მაღლა ავწიეთ თამასა, რომ 2014 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნება. მოსაგები გვაქვს "ერთა თასის" ხუთი თამაში და ძალიან დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა.

სამი შეხვედრა თბილისში გვაქვს და უკვე ცნობილია, რომ ბელგიას ავჭალის სარაგბო მოედანზე ვუმასპინძლებთ, რუსეთს "დინამო არენაზე" დავუპირისპირდებით, ხოლო რუმინეთთან მიხეილ მესხის სტადიონზე ვითამაშებთ.

ამასთანავე, გასვლითი თამაშები გვიწევს ესპანეთთან და პორტუგალიასთან.

გარდა ამისა, 18-წლამდელთა ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელის ევროპის ელიტური ჩემპიონატის სახით, სადაც ადგილი ჩვენი თამაშით დავიმკვიდრეთ. იქ პროგრამა მინიმუმი მე-6 ადგილის შენარჩუნება იქნება და წელს კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ პატივისცემის ღირსნი ვართ.

გარდა ამისა, ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრებისთვის შედეგის გარდა ამოცანა ეროვნული გუნდისთვის კადრების აღზრდა და ახალგაზრდებისთვის სწორი თამაშის სწავლებაა.

19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ ჰონკონგში უმძიმესი თამაშები ელით, მიზნის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ იქ ჩვენი ამოცანა ყველა თამაშის მოგება და მსოფლიოს ახალგაზრდულ თასზე გასვლა იქნება.

მზარდი საქართველო
- მომავალი წლიდან ჩვენ აღარ გვეყოლება საქართველოს "ა" ნაკრები, რადგან რეალურად მეორე გუნდის შეკრება ვერც ვერასდროს ხერხდებოდა. სამაგიეროდ, ახლა ამ გუნდს დაერქმევა "მომავლის საქართველო", სადაც მხოლოდ 25 წლის ჩათვლით პერსპექტიული მორაგბეები ითამაშებენ და მისი მიზანი ეროვნული გუნდისთვის კადრების მომზადება იქნება.

3 და 7 ივნისს ამ გუნდს ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან თბილისში ექნება თამაშები და ვფიქრობ, მაყურებელი ისიამოვნებს.

14 ივნისიდან დაიწყება თბილისის საერთაშორისო ტურნირი, სადაც იტალიისა და არგენტინის "ა" ნაკრებებთან ერთად, ესპანეთის, ან პორტუგალიის ნაკრები ითამაშებს.

2014 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია
- ნოემბერში ტრადიციულად გაიმართება ტესტ-მატჩები. ორ თამაშს, კუნძულელებთან თბილისში გავმართავს, ერთს კი, დიდი ალბათობით ირლანდიაში "ავივას სტადიონზე" ირლანდიის ნაკრებთან და იქ ჩვენი მიწვევა დიდი პატივია.

ჯამში, მომავალ წელს იმდენად მაგრები უნდა ვიყოთ, რომ სპორტის სამინისტროს გამოკითხვაში მხოლოდ ნომინაციებში აღარ მოვხვდეთ და კითხვებიც არ გაჩნდეს, ისე მოვიპოვოთ საუკეთესოების ტიტული.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასახული მიზნის მისაღწევად ყოველ ქომაგს, უბრალოდ გულშემატკივარს გვევალება: როგორც ფიზიკურად, ისე მორალულრად თქვენს გვერდით დგომა !!!
GiorgiG83
10:09 30-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული