"ლელოს" სამომავლო გეგმების პრეზენტაცია: ახალი ფორმა და სხვა ამბები

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონის, თბილისის "ლელოს" ცხოვრებაში ბევრი სიახლეა.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ინგლისურ "სარასენზს" დაუძმობილდა და წინ საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს.

ახლახან, ლონდონში, "სარასენზის" ბაზაზე ათდღიანი პრაქტიკის გასავლელად "ლელოს" მწვრთნელები - ლევან მაისაშვილი და მიხეილ სუჯაშვილი იმყოფებოდნენ.

იქ გატარებული დღეებისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ "ლელოს" თავკაცებმა პრესკონფერენცია მოიწვიეს, რომელიც დიდ დიღომში, "ლელოს" ახალ სტადიონზე გაიმართა, რომელიც ოფიციალურად სექტემბერში გაიხსნება. იქვე მოეწყო "ლელოს" ახალი ფორმის პრეზენტაციაც.

Sportall.Ge

ლევან მაისაშვილი, თბილისის "ლელოს" მთავარი მწვრთნელი:

"ლონდონში, "სარასენზის" ბაზაზე საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. დაგეგმილი გვქონდა ამ
გუნდის ორ ოფიციალურ მატჩზე დასწრება. ამასთან ერთად, უშუალოდ ვიყავით ჩართულნი საწვრთნელ პროცესში. ჩვენი თანდასწრებით ხდებოდა მატჩისთვის მზადება და მატჩის შემდგომი ვიდეოანალიზი.

ასევე, დავესწარით "სარასენზის" აკადემიის 18-წლამდელთა გუნდის თამაშს გლოსტერელ თანატოლებთან. ეს შეხვედრა მიხეილ სუჯაშვილისთვის იყო განსაკუთრებით საინტერესო, რადგან ის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელიცაა.

ცოტა ხანში ვაპირებთ "ლელოს" აკადემიის შექმნას. ცხადია, ინგლისური მასშტაბები დიდია და იქ ნანახის მთლიანი ასლის გაკეთებას არ ვაპირებთ. გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი.

ინგლისში 12 ელიტარული სარაგბო აკადემიაა, რომელიც მთელ ქვეყანას ემსახურება. ცხადია, ყველა სერიოზულ კლუბს უნდა ჰქონდეს მსგავსი რამ. "ლელოს" აკადემიის შექმნის იდეა დიდი ხანია ბათუ კევლიშვილს ჰქონდა. აქამდე რთული იყო, თუმცა არც ახლაა ადვილი. ველოდებით, როდის ჩადგება მწყობრში ჩვენი ბაზა ვარკეთილში. აკადემიაში გამორჩეულ ბავშვებს ავიყვანთ და მათთან მუშაობას უფრო დიდ დროს დავუთმობთ.

არსებობს ერთი, ქართული სინამდვილისთვის გლობალური პრობლემა, რომელსაც ვერც "ლელო" აღმოფხვრის და ვერც რაგბის კავშირი. ინგლისში, სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები ისეთ დონეზე ტარდება, რომ 14 წლის ბავშვები აკადემიაში რომ მიდიან, თითქმის ჩამოყალიბებული სპორტსმენები არიან. იქ მათ ფიზიკურ მომზადებაზე დროს აღარ კარგავენ. უკვე სკოლაში არიან სათანადოდ მომზადებულნი.

ჩვენ ამ ასპექტში პაპუასების დონეზე ვართ. ჩვენს კლუბში 400-450 ბავშვი ვარჯიშობს და მათგან 80 პროცენტი ფიზიკურად გაუწვრთნელია. გამოდის, რომ ჩვენ ვიღებთ ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქტს, რომლისგანაც მაღალი რანგის სპორტსმენის გაზრდა ძალიან ძნელია. ეს პრობლემა მარტო რაგბის არ ვნებს, იგივე მდგომარეობაა სპორტის სხვა სახეობებშიც. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მიდგომის რადიკალურად შეცვლაა საჭირო.

"სარასენზთან" ურთიერთობაში ხელ-ფეხი გახსნილი გვაქვს. მთავარია ფინანსები. ჩვენ შეგვიძლია, "სარასენზის" მეორე გუნდი, რომელიც საკმაოდ სერიოზული დონისაა, თბილისში ჩამოვიყვანოთ ან ჩვენ ჩავიდეთ ლონდონში და იქ ვეთამაშოთ. თუ სახსრები გამოჩნდება, ცხადია, ამ გუნდთან ჯობია თამაში, ვიდრე ტიმიშოარასთან ან აბუ დაბის გუნდთან.

მალე საქართველოს ჩემპიონატი განახლდება, რომლისთვისაც სერიოზულად ვემზადებით. განწყობა საბრძოლოა. ჩვენი გუნდის მოთამაშეები, რომლებიც ნაკრების წევრები არიან, მზადებას ცალკე გადიოდნენ, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, გადამწყვეტი ბრძოლებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ".

გიორგი კაჭარავა, "ლელოს" კაპიტანი:

"ლელოში ბევრი ცვლილება მოხდა. გუნდი დამეგობრდა "სარასენზთან" და აქვს საკმაოდ სერიოზული გეგმები. ჩვენი კლუბი განაგრძობს ზრუნვას მომავალ თაობაზე, რაც ძალიან კარგია. გვაქვს ახალი ბაზა დიდ დიღომში. გუნდი თითქმის მთლიანად ამ უბნის მცხოვრებლებითაა დაკომპლექტებული. ველოდებით საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების დაწყებას".

ლაშა ხმალაძე, "ლელოს" მგეზავი:

"გუნდში სასიამოვნო სიახლეებია. კავშირი დავამყარეთ ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. ვფიქრობ, მათთან ურთიერთობით მივიღებთ ძალიან კარგ გამოცდილებას. იქაური მწვრთნელები ჩამოდიან და სემინარს გვიტარებენ.

მალე სეზონი განახლდება, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და ვეცდებით, მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდეთ ჩემპიონატს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული