საპრეზიდენტო კანდიდატი კი ორია. დღეს "ლელოს" სტუმარი ერთ-ერთი მათგანია - გოჩა სვანიძე.
მისი რეგალიებსა და ბიოგრაფიის შესახებ უკვე ვწერდით. მხოლოდ ერთს აღვნიშნავთ, ის 2004 წლიდან საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა და მას შემდეგ განხორციელებულ ყველა პროექტსა და წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.
- წინა კვირაში თქვენი სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამაში გამორჩეული ადგილი ეკავა ხედვას - რაგბი ჩვენი თამაშია. იქნებ
- რაგბის თამაშის ხასიათი თავისთავად ზის ქართველი კაცის ბუნებაში. რაგბი, ეს გუნდურობასთან ერთად, ინდივიდუალური თვისებების გამოვლენის საშუალებაა. მეტოქის პატივისცემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია; რაინდული სულისკვეთება, დიდსულოვნება. რაგბი ვერ იტანს მეწვრილმანე, თაღლით ადამიანებს. ის უფრო დიდსულოვანი ადამიანების თამაშია. ეს სულისკვეთება ძალიან კარგად იგრძნობა მატჩის მსვლელობისას და ის ტრიბუნებზე გადადის. შედეგად, გულშემატკივარიც ამ ფასეულობის გამზიარებელი, მონაწილე ხდება.
ადამიანები, რომლებიც ამას ქმნიან, ეხმარებიან შექმნაში, რომლებიც ამ ყველაფერს იზიარებს და აფასებენ, ერთიანნი ხდებიან. ვინც ამბობს, რაგბი ჩვენი თამაშია, ის იზიარებს მის პრინციპებს, ფასეულობებს.
- საინტერესოა სტრატეგიული გეგმის მისიაც. მასში აღნიშნულია, რომ შესაქმნელია სოციალური ურთიერთობების სისტემა, რაგბი უნდა გახდეს ქართული კულტურის ნაწილი...
- სოციალური ურთიერთობების სისტემა ბევრ კომპონენტს მოიცავს. ეს არის კულტურული ნაწილი, სამეურნეო-ეკონომიკური, სპორტული, ფილოსოფიური, რელაქსაცია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თავისი ადგილი მივუჩინოთ და, ისე, რომ მათი ერთიანობა არ დაირღვეს, უნდა განვავითაროთ.
უფრო კონკრეტულად, უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ნაწილი, რაც საშუალებას მოგვცემს, კარგად ვემსახუროთ დანარჩენის განვითარებას. მნიშვნელოვანია რაგბის გეოგრაფიის განვითარება. მეტი ადამიანი უნდა დავაინტერესოთ რაგბით. მათ უნდა დაინახონ რაგბიში თავიანთი ადგილი.
- თქვენი გეგმა ცხრა პუნქტისგან შედგება. პირველი და როგორც ჩანს, მთავარიც, რაგბის, როგორც ფასეულობათა სისტემის გაცნობიერება, დამკვიდრება და განვითარებაა...
- ფასეულობათა სისტემაზე რომ ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ქარტიას, რომელიც რაგბის კავშირმა ორი წლის წინათ მიიღო. იქ რვა პრინციპია გაწერილი.
1. არ ავნო, არ მიაყენო შეგნებულად ტრავმა, არ დაამცირო.
2. პატივი ეცი რაგბის მონაწილეების ღირსებას.
3. წაახალისე თანაგუნდელი, დააფასე მეტოქის კარგი თამაში.
4. დაემორჩილე წესებს, იმისდა მიუხედავად, ეთანხმები თუ არა მათ.
5. თამაშის წესები გამოიყენე მხოლოდ კარგი და უკეთესი თამაშისათვის და შედეგს ამ გზით მიაღწიე.
6. გახსოვდეს, მარცხი მხოლოდ შენი ბრალია. ეცადე, უკეთესი გახდე გაცნობიერებული შრომისა და გამოცდილების შეძენის შედეგად.
7. არასოდეს არავინ წააქეზო არასპორტული აგრესიისკენ.
8. ეცადე, მიიღო და სხვასაც მიანიჭო სიამოვნება რაგბისგან. იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღო, უნდა იცოდე; რომ იცოდე, უნდა ისწავლო; რომ ისწავლო, უნდა გიყვარდეს.
ამით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ვაცნობიერებთ იმას, რასაც ვაკეთებთ და არ ვმოქმედებთ ინსტინქტებით. ეს ქარტია ყოველდღიურ სახელმძღვანელოდ თუ გვექნება, უფრო წინ წავალთ, განვვითარდებით.
- საქართველოს ნაკრებმა განვლილი ოთხი წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია, გვირგვინი კი, გასულ წელს ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის შესანიშნავი გამოსვლა იყო. თუმცა პოტენციალი, ვფიქრობთ, გაცილებით მეტია. როგორ უნდა ამაღლდეს სანაკრებო რაგბის დონე?
- მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა ამაღლდეს კონკურენცია ყველა ნაკრებში, როგორც ეროვნულში, ისე ასაკობრივებში. საამისოდ კი აუცილებელია ბავშვთა რაგბის მიმართ მეტი ყურადღება. მათთან უნდა მუშაობდნენ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები, რომლებსაც შესწავლილი ექნებათ ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგია.
ამასთან ერთად, მიმაჩნია, რომ 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრები უნდა გვყავდეს რამდენიმე. მათ ბევრი თამაშის საშუალება უნდა მივცეთ და ამაში 20-25 მორაგბე კი არა, 50-60 პერსპექტიული მოთამაშე უნდა იყოს ჩართული თითოეულ ასაკობრივ ნაკრებში.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაკრებმა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო, მაღალი დონის მატჩები უნდა ითამაშოს. თვალსაჩინო მაგალითია, როგორ გაიზარდა ძალიან სწრაფად არგენტინის ნაკრები, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ოთხი ერის გათამაშებაში ჩაერთო.
- რაგბის პოპულარიზაცია მისი შემდგომი განვითარების ერთგვარი გარანტია. რაც უფრო მეტი ადამიანური რესურსია გამოყენებული რაგბიში, მით მეტია წარმატების ალბათობაც. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
- ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი სამოყვარულო და სტუდენტური რაგბის განსავითარებლად. კარგი იქნება, თუ შევძლებთ სამოყვარულო ლიგის შექმნას, სტუდენტებს შორის შეჯიბრების გამართვას. მორაგბე არ უნდა დგებოდეს არჩევანის წინაშე, სწავლა თუ რაგბი. მას საშუალება უნდა მივცეთ, რომ ისწავლოს და რაგბიც ითამაშოს. ვინაიდან სტუდენტური რაგბი არ არსებობს, ამის გამო ჩვენ ბევრ ადამიანურ რესურსს ვკარგავთ. ბევრი მზარდი მორაგბე ანებებს თამაშს თავს.
- მსაჯი სარაგბო სპექტაკლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. კარგ, კვალიფიციურ არბიტრს მატჩი ბრწყინვალე სანახაობად, ზეიმად შეუძლია აქციოს...
- მსაჯების განვითარების პროგრამა უკვე მუშაობს. ჩვენ ახლო, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს ირლანდიის რაგბის კავშირთან, რომელიც მსაჯების აღზრდაში დიდ დახმარებას გვიწევს. აუცილებელია დავნერგოთ ვიდეორეფერის სისტემა, რომელიც ჩვენი მსაჯების კვალიფიკაციის ზრდას უცილობლად შეუწყობს ხელს.
ჩვენი მიზანია, 2019 წლის მსოფლიოს თასზე მინიმუმ ერთმა ქართველმა არბიტრმა მაინც იმსაჯოს.
- მსაჯთან ერთად სარაგბო სანახაობის შემქმნელი, უმთავრესი ფიგურა მაინც მორაგბეა. თქვენს სტრატეგიულ გეგმაში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი მოთამაშეთა კეთილდღეობა...
- მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი საქმეა. საქართველოში არ არსებობს სარაგბო აგენტების ინსტიტუტი, მორაგბეთა პროფკავშირები. ისინი მთლიანად კლუბებზე არიან დამიკიდებულნი. ეს უნდა შეიცვალოს.
როცა მორაგბე ამთავრებს აქტიურ კარიერას, მისი ადაპტირება ახალ გარემოში იოლი არ არის. თუ ის მწვრთნელობას აპირებს, ხელი უნდა შევუწყოთ სემინარებით, საგანმანათლებლო პროგრამით. თუ სამოქალაქო სამსახურში უნდა კარიერის აწყობა, პირველ ეტაპზე დიდ სირთულეებს წააწყდება და უნდა დავეხმაროთ თუნდაც სამართლებრივი კუთხით. საამისოდ საჭიროა სისტემის შექმნა.
ამასთან ერთად, აუცილებელია სამედიცინო მომსახურება. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ტრავმიანმა მორაგბემ არ ითამაშოს. ხშირად ამას კარიერის ნაადრევი დასრულება მოჰყვება და მერეც, ცხოვრებაში ხშირად იჩენს თავს.
ზოგადად, სპორტული მედიცინა ჩვენში ცუდ მდგომარეობაშია. ვფიქრობთ, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების დახმარებით ჩვენი სკოლა შევქმნათ.
- ბოლო წლებში ქართულ რაგბიში საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ხშირად მსმენია, რომ ის საკმარისი არ არის და რაგბის თამაშის მსურველთა მოზღვავებულ ნაკადს ვერ აუდის...
- ჩვენ ტაციაობა უნდა დავიწყოთ. თუ სადმე ვნახავთ გამოუყენებელ მიწას, სადაც რაგბის სტადიონის მოწყობა იქნება შესაძლებელი, სახელმწიფოს უნდა ვთხოვოთ, რომ ჩვენ გადმოგვცეს. ცხადია, ბევრი გაკეთდა, მაგრამ არ გვყოფნის. ასამუშავებელია, განსაკუთრებით, რეგიონებში, იაფი სტადიონების პროგრამა. საჭიროა მარტივი ტიპის სავარჯიშო და სათამაშო მოედნების შექმნა, რომლებზეც დიდი თანხები არ დაიხარჯება. ამასთან ერთად, აუცილებელია ეროვნული ნაკრებისთვის ერთი დიდი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის აშენებაც.
სტადიონები უნდა გავხადოთ რენტაბელური. უნდა გამოვიყენოთ ენერგოეკონომიური რესურსები. შესაცვლელია სახელმწიფო რეგულაციები. მაგალითად, წყლის გადასახადი ერთი და იგივე არ უნდა იყოს კომერციული სტრუქტურისათვის და სპორტული ნაგებობისთვის. ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი და ის ბოლომდეა მისაყვანი.
- რაც უნდა დალაგებული, გამართული პროგრამები და პროექტები გქონდეთ, მისი განხორციელება ფინანსების გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სპონსორი, ზოგადად, ქართული სპორტის ყველაზე მტკივნეული თემაა...
- საჭიროა პროდუქტი შევფუთოთ სათანადოდ და პოტენციურ სპონსორს ის შევთავაზოთ მისთვის გასაგებ ენაზე. მან უნდა დაინახოს თავისი ადგილი სარაგბო ცხოვრებაში. ამის გაკეთება ბევრად იოლი მგონია რეგიონებში. საამისოდ კი აუცილებელია სწორი მენეჯმენტი, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაღალი დონის სპეციალისტი. ეს არ უნდა ხდებოდეს სპონტანურად. უნდა შეიქმნას სისტემა, დაისახოს გეგმა, რომელიც გაწერილი იქნება დროში და ეყოლება გაწეულ სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი.
- როგორ ფიქრობთ, რა არის დღესდღეობით ქართულ რაგბიში ყველაზე მწვავე პრობლემა?
- პრობლემა ბევრია. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოთხი წლის თავზე რაგბის კავშირში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების გამართული, უნივერსალური სისტემა. ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ის უნდა იყოს მხოლოდ სახე, სისტემამ კი ავტომატურად უნდა იმუშაოს. სისტემამ უნდა მართოს ორგანიზაცია და არა რომელიმე, თუნდაც გონიერმა პიროვნებამ. სწორად გამართული სისტემაა იმის გარანტი, რომ სათავეში სწორედ გონიერი ადამიანი მოვა.
- მალე ერთა თასის გათამაშება იწყება. ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ისევ მილტონ ჰეიგი დარჩა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება?
- მილტონ ჰეიგი ნაკრების მთავარ მწვრთნელად გამგეობამ დაამტკიცა და ამაში ყველა ერთ აზრზე ვიყავით. მისი ასისტენტი ლევან მაისაშვილი იქნება. სხვა მწვრთნელებს ჰეიგი თვითონ წარუდგენს ახალარჩეულ პრეზიდენტს. ეს მისი პრეროგატივაა. მასში არ ჩავერევით, ისევე, როგორც მოთამაშეთა შერჩევაში. ეს მისი პასუხისმგებლობაა.
მიზანია, 2019 წელს მსოფლიოს თასზე ათეულში მოვხვდეთ. იქამდე კი, მილტონ ჰეიგმა ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხის გაზრდაზე უნდა იზრუნოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"