"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დიდი ხანი არაა, რაც ამ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.

ქართული რაგბის თავკაცი Sportall.ge-ს ინტერვიუში, სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, იმაზეც ესაუბრა, ვართ თუ არა მზად "ექვს ერში" გაწევრიანებისთვის და რა არის ამისთვის საჭირო.

- რატომ გადაწყვიტეთ პრეზიდენტობა?

- მე სამსახურს არ ვეძებ, ხოლო თანამდებობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ბოლო 12 წელი ვიყავი გამგეობის თავმჯდომარე, ვიცი არსებული პრობლემები, ჩახედული ვარ... მართალია, აღმასრულებელი ფუნქციები გამგეობას არ აქვს, მაგრამ, ზოგადად, უცხო ჩემთვის არაფერი ყოფილა.

ერთადერთი, იყო რისკი იმისა, რომ შეიძლება
პრეზიდენტი გამხდარიყო ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტული ხედვა და ქართული რაგბის განვითარების ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელსაც ჩვენ - თანამოაზრეები ვხედავდით.

გია ნიჟარაძე გუნდური თამაშის პრინციპებით მუშაობდა - გეგმები, რომლებიც არსებობდა, მარტო გიას არ ეკუთვნოდა, ეს ყველაფერი ერთობლივად შემუშავებული იყო. იმავეს ვაგრძელებ მეც! პრეზიდენტობა კი გუნდური მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე გადავწყვიტე და კიდევ იმიტომ, რომ განვითარების იმ გეგმის წყვეტა არ მომხდარიყო, რომელიც 12 წლის წინ შეიქმნა.

პიროვნულად ილია ზედგენიძეს არაფერს ვერჩი და, პირიქით, მიმაჩნია, რომ სამომავლოდ ის რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის კარგი კადრი იქნება, მაგრამ განვითარების უწყვეტი ჯაჭვი უნდა იყოს შენარჩუნებული.

- ცოტა ხნის წინ ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რის შემდეგაც აუდიტის ჩატარება გადაწყდა... ჩატარდა?
- სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ის ჩანაწერი ვინ გაავრცელა ან რაში დასჭირდა ამის გაკეთება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზედგენიძესა და მის გუნდს ეს არაფერში სჭირდებოდა. გამარჯვებულ გუნდს რომ არ სჭირდებოდა, ესეც ხომ ფაქტია?!

ერთი კი ცხადია: საფრთხე ამით არავის მიადგა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უცნობი გამავრცელებლის რეპუტაცია შეილახა. ეს იყო უპასუხისმგებლო ადამიანის გაუაზრებელი და სულელური მოქმედება, სხვა ამას არაფერი ეწოდება. ამიტომ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ ყველაფერს.

რაც შეეხება აუდიტს - შემდეგ რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რატომ ეს კომპანია და არა - ისო, აუდიტორული კომპანიის შერჩევის საკითხი პრეზიდენტმა გამგეობას გადავაბარე, რომელმაც შექმნა აუდიტის შერჩევის კომისია, სადაც არა მარტო ჩემი მომხრეები არიან, არამედ ერთ-ერთი ოპონენტიცაა. მაგრამ ის კვალიფიციური კადრია და მისი იქ ყოფნა საჭიროა.

როგორც ვიცი, მალე დასრულდება წამყვან აუდიტორულ კომპანიებთან მოლაპარაკებები. ამასთან, ეს ყველაფერი ფედერაციას ძალიან დიდი თანხა უჯდება - დაახლოებით 100-დან 200 000 ლარამდე. ამხელა თანხა კი არ გაგვაჩნია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ კომპანიებს სასპონსორო პაკეტები შევთავაზოთ. უკვე დავიწყეთ კიდეც ამაზე საუბარი და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება თარიღი, თუ როდის დაიწყებს აუდიტი მუშაობას.

- სპონსორი ვახსენეთ და... ინტერნეტში გულშემატკივართა გარკვეულმა რაოდენობამ ერთ-ერთი მთავარი სპონსორისგან, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც ქართულ რაგბის აქვს, 4 წელიწადზე 1 მილიონი მცირე თანხად მიიჩნია...
- თანხობრივად გაწერა არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, ჩვენ რას მივიღებთ ამ სპონსორისგან. გარდა ამ თანხისა, ის ბევრ სოციალურ პროექტში ჩაერთვება და მნიშვნელოვანია ესეც.

ზოგადად კი, ვისაც უკმაყოფილება აქვს, ჩვენი კარი ღიაა, მოვიდეს და გახდეს ჩვენი სპონსორი უფრო დიდი თანხით. სპონსორები არ აბია ხეს და მისი მოწყვეტა არავის ეზარება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რაგბის კავშირის კარი ღიაა აბსოლუტურად ყველასთვის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკეთესი სპონსორები გვყავს, მათ ვმალავთ და უარესებთან ვაფორმებთ ხელშეკრულებებს, თვითონ მოიყვანოს და თვითონ ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში.

- ამ ეტაპზე რომელიმე კომპანიასთან ხომ არ მიმდინარეობს კიდევ მოლაპარაკებები?
- როცა იქნება მოლაპარაკებები დასრულებული, ამას საზოგადოება ღიად გაიგებს.

- ეროვნული ნაკრების თავკაცის, მილტონ ჰეიგის თქმით, ევროპის ერთა თასს ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი გუნდის გამოსვლაზე?
- ნაკრების გამოსვლაზე სიტყვები ვერ იმოქმედებს. ნაკრების ნებისმიერი თამაში, იქნება ეს მსოფლიო თასსა თუ ერთა თასზე, არის საპასუხისმგებლო. ნაკრების ხელმძღვანელობას სათავეში პროფესიონალი კადრები უდგანან, ასევე, მოთამაშეები არიან მაღალი დონის პროფესიონალები. მათ შესანიშნავად იციან თავიანთი საქმე. ყველა თამაშს ყოველთვის ახალი ზელანდიაც ვერ იგებს...

მთლიანობაში, ბიჭებს ქართველი გულშემატკივრის წინ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ.

- ითქვა, რომ ჩვენი თამასა აწეულია და ტოპ10-ში მოხვედრა დავისახეთ მიზნად. ბოლო პერიოდში ევროპული მედია ძალიან ბევრს წერს და, უფრო მეტიც, მოითხოვს კიდეც საქართველოს ნაკრების მიღებას "ექვს ერში". თქვენ როგორ ფიქრობთ, მზად ვართ ელიტისთვის?
- საერთოდ, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა "ექვსი ერისადმი". ჩვენი ამოცანა ძლიერ გუნდებთან სისტემატური თამაშია. მხედველობაში მაქვს ათეულის გუნდები და ეს იქნება 6, 8 თუ 12 ერის ფარგლებში თუ 5-6 ტესტ-მატჩი მათთან, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

"ექვსი ერი" არის კომერციული კომპანია და მას არ აწყობს საერთაშორისო ფედერაცია. მას აწყობს კომერციული გარეკომპანია, რომელსაც აქვს გაწერილი ბიუჯეტი. ტურნირის გაფართოებაზე რომ მიიღონ გადაწყვეტილება, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივესალმებით მას.

უბრალოდ, "ექვსი ერის" გაფართოება რომ მოხდეს, უნდა გავხდეთ მიმზიდველები როგორც თამაშით, ასევე ქვეყანა - კომერციული თვალსაზრისით. თუ ამას შევძლებთ, მაგრამ მაინც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს - შეიძლება "ექვსმა ერმა" დაკარგოს აქტუალობა და სულაც სხვა ტურნირით შეიცვალოს.

- "უმცროსი ბორჯღალოსნები"... ეს ის ნაკრებია, რომლის წევრთა დიდი ნაწილი ხვალ-ზეგ ეროვნულ ნაკრებში მოვა, მანამდე კი წელს პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. როგორი თაობა მოდის?
- ახლა ორი თამაში გამართეს არგენტინასთან და, სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდნენ, მაგრამ ამ თამაშებს ჩვენთვის სხვა დატვირთვა აქვს. ბიჭების თავდადებაში ეჭვი არ მეპარება. პირველი თამაშის წინ მათ 18 საათი იმგზავრეს, თანაც ჩვენთვის უჩვეულო კლიმატი იყო...

პირველი თამაშის მერე მათი განწყობის შესახებ ყველაფერი ვიცოდი - უნდა მოვუგოთო! რა მოხდა მერე, როგორ და რატომ, არ ვიცი...

გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები არ იყვნენ ახლა გუნდთან ერთად. მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებს ვასკა ლობჟანიძეც გაჰყვება, გორგაძეც და სხვებიც. არ იყო ლეგიონერების კიდევ ერთი ნაწილი, რომლებიც კლუბებიდან ვერ წამოვიდნენ - ძირითადად შერკინების მოთამაშეები. ამიტომ, რომ ვთქვათ ეს ოპტიმალური შემადგენლობა იყოო, მოვიტყუებით.

საკმაოდ კარგი მწვრთნელები გვყავს. ეს მწვრთნელთა გუნდი დიდი ხანია ერთად მოდის და თამაშის ხარისხზე სწორედ ისინი იზრუნებენ. ნაკრების ხელმძღვანელებს პულსზე ხელი კარგად უჭირავთ. ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ვნახოთ, რა იქნება...

- რაგბის მიმართ ქვეყანაში ინტერესი გაზრდილია და ეს გერმანიასთან მატჩშიც გამოჩნდა, როცა მატჩის ბილეთები 2 დღეში გაიყიდა...
- ქართველი გულშემატკივარი იმსახურებს ავჭალის სტადიონზე ბევრად დიდ სტადიონს, რათა ყველა შეხვედრაზე დასწრება მოახერხოს. გერმანიასთან რომ გვქონოდა შანსი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გვეთამაშა, ამ შანსს გამოვიყენებდით, მაგრამ არ გამოვიდა, რაც ძალიან ცუდია.

გულშემატკივრებთან კომუნიკაციის გაზრდა გვსურს. ბილეთების ონლაინ-გაყიდვებით დავიწყეთ და ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. გულშემატკივარი ჩემი პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იყო იმიტომ, რომ "რაგბი ჩვენი თამაშია" მარტო მოთამაშეებსა და მწვრთნელს არ ეხება.

"რაგბი ჩვენი თამაშია" - ამას უკვე გულშემატკივარი ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან რაგბის პრინციპები გაიაზრა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ რაგბის პრინციპების თანამოზიარე გახდი, ცხადია, რომ მხოლოდ მომხმარებელი აღარ ხარ, შენ უკვე უფლება გაქვს, რჩევებიც მისცე, ამიტომ მრჩეველთა საბჭოს შექმნის საჭიროებას ვხედავ და ეს აუცილებლად გაკეთდება. მრჩეველთა საბჭო აპრილში შეიქმნება და მასში აუცილებლად შევა გულშემატკივართა მინიმუმ 80%. ორიენტაცია გაკეთდება გარე სპეციალისტებზე და არა შიგნით არსებულზე.

ეს იქნება სათათბირო, საკონსულტაციო ორგანო. მეტსაც გეტყვით: რომ არ ჩაიკარგოს ეს შეხვედრები, მინდა პრეზიდენტებსა და რაგბის კავშირის დამფუძნებლებს, ასევე - კლუბებს, შევთავაზო ფორმატი, რომლის მიხედვითაც, მრჩეველთა საბჭოს შეხვედრებზე დასაბუთებული რეკომენდაციები იქნება გამოტანილი საჯაროდ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა იყო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაცია, შესრულდა თუ არა ის, რატომ არ შესრულდა და ა.შ... ეს თემები უნდა გამოვიტანოთ საჯაროდ და ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს წვდომა ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან. მინიმუმ, შესაფასებლად მაინც.

ჩვენ იმ ურთიერთობის მომხრენი ვართ, სადაც ერთმანეთთან პასუხისმგებლობა გვექნება, პასუხისმგებლობის გარეშე კი ურთიერთობა არ არსებობს!
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემო კარგო რატომ "იკბინები?" ნამვილად ვერ იგებს ყველა თამაშს ახალი ზელანდია, მარტო მსოფლიოს კი ნუ უყურებ, სხვა მატჩებიც ნახე და მერე ნუ დაეთანხმები.
Vovas
14:20 27-02-2016
0
ფაქტი ერთია, სანამდე საერთაშორისო თამაშები რეგიონებშიც არ ჩატარდება მანამდე რაგბი "ჩვენი" თამაში ნაღდად ვერ იქნება!
მიროსან
22:04 28-02-2016
0

სიახლეები პოპულარული