მეტფილდის მეასე კეპი და უძღები შვილის დაბრუნება

AutoSharing Option
სამი ერის გათამაშება ახალი ზელანდიის ნაკრებმა კი, მოიგო, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. სამ ერზე კიდევ სამი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი და მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეულია, ნურავინ იფიქრებს, ვინმე რამის დათმობას აპირებდეს.

დღეს პრეტორიაში, "ლოფტუს ვერსფილდზე" სამხრეთ აფრიკის ნაკრები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ბოკემ" ოთხი მატჩიდან ოთხივე წააგო და ყველაფერს იღონებს, სამი ერის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მიითვალოს, რათა სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიოს.

ერთი კვირის წინ სამხრეთაფრიკელთა კაპიტანმა ჯონ სმიტმა იოჰანესბურგში, ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში მე-100 კეპი მოიხვეჭა.
ამჯერად ასიანთა კლუბში "ბოკესა" და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი შეაბიჯებს, რომელიც, სხვათა შორის პრეტორიელია. როგორც სამხრეთაფრიკული გაზეთები იუწყებიან, მის პატივსაცემად 30 ათასი მაყურებელი თამაშს მეტფილდისსახიანი ნიღბით დაესწრება.

მეორე ღირსშესანიშნავი მოვლენა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბანაკში "უძღები შვილის" დაბრუნებაა. "ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა პარიზული "მეტრო რასინგის" ფულბეკი, 2007 წლის მსოფლიო თასის მფლობელი ფრანსუა სტეინი იხმო. მას სამხრეთაფრიკელთა გუნდში ერთი კვირის წინაც უნდა ეთამაშა იოჰანესბურგში, მაგრამ ითქვა, რომ ტრავმირებული იყო, რაც დე ფილიერსმა ეჭვქვეშ დააყენა და ბევრი ცუდი რამ თქვა სტეინის მისამართით. ცხადია, ფრანსუას ეს უპასუხოდ არ დაუტოვებია, თუმცა სიტყვიერი ომი ევროპისა და აფრიკის კონტინენტებს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლოს დე ფილიერსმა სტეინის, დაიჯერა და გადაწყვიტა, სამი ერის დასრულების შემდეგ, უფრო ზუსტად კი, ოქტომბერში საფრანგეთში ჩავიდეს და იქაური კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდეს.

რაც შეეხება ფრანსუა სტეინს, მან ტრავმა ახლახან მოიშუშა, შესაბამისად, სათანადო სპორტულ ფორმაში ვერ უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ დაისახა დე ფილიერსმა მისი გუნდში დაბრუნება ლამის თვითმიზნად? თუმცა, თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს გავითვალისწინებთ, "ბოკეს" თავკაცისგან მსგავსი საქციელი გასაკვირი არ არის. მის, მეტი არ ვთქვათ და, უცნაურ სიჯიუტეს კი რა შედეგიც მოჰყვა, სამი ერის გათამაშების სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს.

თუმცა დე ფილიერსი იხტიბარს არ იტეხს:

"ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, საიმედო ფულბეკია. ფრანსუას გუნდის ამჟამინდელი მორაგბეების უმრავლესობასთან არაერთხელ უთამაშია და ანსამბლში შერწყმა არ გაუჭირდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები და დარწმუნებულნი ვართ, არ გაგვაწბილებს", - თქვა მან.

კიდევ ერთი ახალი ამბავი სამხრეთაფრიკელთა ბანაკში დისკვალიფიცირებული შუამარბის ჟაკ ფურის დაბრუნებაა. ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მის გარეშე სამხრეთ აფრიკის ნაკრები წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიასთან მატჩში ის თანაკლუბელ იან დე ფილიერსს შეუწყვილდება, რაც "ვოლაბებისთვის" დიდ თავისტკივილად შეიძლება იქცეს.

დე ფილიერსის ჩვეული სიჯიუტის გამო მეორეხაზელი დენი როსუ სათადარიგოთა სკამს ხეხავს. მის, უფრო ზუსტად კი, დისკვალიფიცირებული ბაკის ბოთას ადგილზე ფილიპ ფან დერ მერვე ითამაშებს.

ერთი სიტყვით, სამხრეთ აფრიკის ნაკრები თავის თავს აღარ ჰგავს და გუნდი, რომელიც მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, ახლა პრესტიჟის აღდგენასღა ცდილობს. ამაში კი ლომის წილი მის უცნაურ თავკაცს პიტერ დე ფილიერსს მიუძღვის.

არანაკლები პრობლემებითაა დახუნძლული ავსტრალიის ნაკრებიც. ამ გუნდში პირველხაზელთა კრიზისი წლებია, გრძელდება. ამის გარდა, "ვოლაბების" თავკაც რობი დინსს და მთლიანად ავსტრალიური რაგბის მამებს დიდი თავსატეხი გაუჩინა მგეზავმა ქუადე კუპერმა, რომელმაც რაგბი ლიგაში გადაბარგება განიზრახა. ეს ამბავი ერთ კვირაზე მეტია, ავსტრალიური პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის. რას გადაწყვეტს კუპერი საბოლოოდ, ამას მხოლოდ წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ შევიტყობთ, როცა მას ავსტრალიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი დაუმთავრდება. მანამდე კი კონტრაქტით გათვალისწინებულ მოვალეობას შეასრულებს. რამდენად კეთილსინდისიერად გააკეთებს ის ამას, მომავალ მატჩებში გამოჩნდება.

ავსტრალიელი სპეციალისტები ეჭვის თვალით უყურებენ კუპერისა და შუამარბად გამწესებული მეთ გიტოს წყვილს. მას არაეფექტურად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ გიტო მგეზავად უფრო სასარგებლოა. დინსი კი თავისაზე ჯიუტად დგას და ამბობს, რომ მომავლის გუნდს აშენებს. დასტურად სამხრეთ აფრიკასთან სათამაშოდ მის მიერ შერჩეული შემადგენლობაც გამოდგება.

ადამ ეშლი-კუპერმა, რომელმაც წინა მატჩში ფულბეკად ითამაშა, ტრავმირებული რობ ჰორნის ნაცვლად შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა. ფულბეკობა კი ახალგაზრდა ქართლი ბეილის დაევალა.

პრეტორიაში დებიუტი ექნებათ მესამეხაზელ სკოტ ჰიგინბოთამსა და მეორეხაზელ ბენ მაკლემნის, რომლებიც დინსმა სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.

ავსტრალიელებს შანსი აქვთ, "მანდელას თასი" მოიგონ, რომელიც "ვოლაბებსა" და "ბოკეს" შორის თამაშდება. ბოლოს ავსტრალიელები ამ თასს 2008 წელს ფლობდნენ, როცა დურბანში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 27:15 მოუგეს.

პლანეტრაგბი-ს პროგნოზით, "ლოფტუს ვერსფილდზე" უშეღავათო ბრძოლა გაიმართება, "ბოკეს" საკუთარი კედლები დაეხმარება და მინიმუმ ხუთი ქულით მოიგებს.


სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

სამხრეთ აფრიკა: 15. ფრანსუა სტეინი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი , 3. იანი დუ პლესი, 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. იან სმითი, 8. პიერ სპისი.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. დენი როსუ, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რიკი იანუარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. იან დე იონგი.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. საია ფაინგაა, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარფი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი.

16. სტივენ მური, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. ბენ მაკლემნი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგაა.


სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ახ.ზელანდია 5 5 0 0 +72 23
2. ავსტრალია 3 1 0 2 -14 4
3. ს.აფრიკა 4 0 0 4 -58 1


სამი ერი

4 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული