ფელიპე კონტეპომი ისევ საბრძოლო მზადყოფნაშია

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშებაში არგენტინის ნაკრები შარშან პირველად ჩაება.

მიუხედავად იმისა, რომ "პუმებს" ბოლო წლებში საგრძნობი პროგრესი აქვთ, სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნებთან გამკლავებას ჯერ მაინც ვერ ახერხებენ.

არგენტინის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მესამეადგილოსანია, შარშანდელ შეჯიბრებაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ფრეს მიაღწია.

წლეულს არგენტინელებისგან მეტს ელიან. მით უფრო, რომ მეტოქეებისგან განსხვავებით, მათ მოსამზადებლად ბევრად მეტი დრო ჰქონდათ.

ავსტრალიელებმა, ახალზელანდიელებმა და სამხრეთაფრიკელებმა ზე რაგბის გათამაშებაში ასპარეზობა გასულ უქმეებზე დაასრულეს.

ამ ქვეყნების ნაკრებებს ტრავმირებული მოთამაშეებიც მრავლად ჰყავთ, რასაც ვერ ვიტყვით
არგენტინის ნაკრებზე. მათ თითქმის ოპტიმალურ, ნამდვილად საბრძოლო შემადგენლობას მოუყარეს თავი.

"პუმების" თავკაცმა სანტიაგო ფელანმა იმ 26 მორაგბის სია გამოაცხადა, რომლებიც პირველ ორ ტურში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს შინ და გარეთ მატჩებში დაუპირისპირდებიან.

იქამდე არგენტინელები პროვინციულ ქალაქ სალტაში, სიდნეის "ვორათაზის ბარბაროსებთან" საკონტროლო მატჩს გამართავენ. პირველ შეხვედრაში, ერთი კვირის წინათ მასპინძლებმა 29:27 გაიმარჯვეს.

"არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელი იყო, რადგან კონკურენცია ყველა პოზიციაზე ძალიან დიდია. ეს სასიხარულო რეალობაა.

ჩვენ ბევრი ალტერნატიული მოთამაშე გვყავს. ყველა მათგანმა მოსამზადებელ პერიოდში დიდი სამუშაო გასწია.

ამჟამინდელი შემადგენლობა ორ მატჩს ითამაშებს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. რის შემდეგაც, ის მოთამაშეები, ვინც ახლა ნაკრებში ვერ მოხვდნენ, ადვილი შესაძლებელია, სხვა მატჩებში საასპარეზოდ ვიხმოთ.

სამწუხაროდ, მიკრო ტრავმა აქვს გუნდის კაპიტანს პატრისიო ალაბსეტეს. მიუხედავად ამისა, ის 26-კაციან განაცხადში მაინც შევიყვანეთ, რადგან იმედი გვაქვს, თამაშს შეძლებს.

ახლა მთლიანად ოთხი ერის გათამაშების პირველ მატჩზე ვფიქრობთ, თუმცა არც "ვორათაზის ბარბაროსებთან" მატჩს ვეკიდებით უგულოდ. ეს საშუალებას გვაძლევს ტონუსში ვიყოთ და ძლიერ მეტოქეებთან ასპარეზობას მზად დავხვდეთ." - თქვა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა.

"პუმების" თავკაცის არჩევანს ემხრობა და ის სრულიად მოიწონა არგენტინელთა ვეტერანმა მორაგბემ ფელიპე კონტეპომიმ, რომელიც გუნდში ყველაზე გამოცდილია:

"გუნდში ძალიან კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და მიმაჩნია, რომ შესანიშნავად ვართ ფიზიკურად მომზადებულნი. ყველა თავის საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებდა, წინასწარ გაწერილ გეგმას მივყვებოდით და ამიტომ ვართ ისეთ მზადყოფნაში, როგორშიც უნდა ვყოფილიყავით.

თამაშის ხარისხზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ორი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ. ერთის თქმა გადაჭრით შეიძლება, არის საკმაოდ ბევრი დეტალი, რაც კიდევ უფრო მეტ დახვეწას საჭიროებს.

ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი იზრდება. მატულობს მაღალი კლასის მოთამაშეების რაოდენობა. ეს კონკურენციას ზრდის, მწვრთნელებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ახლა, არგენტინის ნაკრები ბევრად უკეთესი გუნდია, ვიდრე შარშან იყო. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება გამარჯვება.

ცხადია, ოთხი ერის ჩემპიონობაზე პრეტენზიას ჯერ ვერ გამოვაცხადებთ, მაგრამ თუნდაც ერთი მატჩის მოგება უდიდეს სიხარულს და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მოგვიტანს" - დასძინა ფელიპე კონტეპომიმ.

სანტიაგო ფელანის რჩეულთა შორის ამჯერად ვერ მოხვდნენ, პაბლო ორლანდი, ბენჟამინ მაკომე, გონსალო ტიესი და მარტინ როდრიგესი. ეს მოთამაშეები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და, გამორიცხული არ არის, ისინი ნაკრებში მოგვიანებით ისევ იხმონ.

არგენტინა
ჰორასიო აგულა, ეუსებიო გინასუ (ორივე-ბასი), პატრისიო ალბასეტე (ტულუზი), მარკოს აიერსა, გონსალო კამაჩო (ორივე-ლესტერი), მარსელო ბოსხი (სარასენზი), მანუელ კარისა, სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას გონსალეს ამოროსინო, ხოაკიმ ტუკულეტი (ოთხივე-ლიბრე), ფელიპე კონტეპომი (ნიუმენი), ავგუსტინ კრევი, ლეონარდო სენატორე (ორივე-ვორსტერი), ტომას კუბელი (ბელგრანო ატლეტიკი), მატიას დიასი (ტეკე), ხული კაბეჯო (ტუკმანი), ხუან მარტინ ფენანდეს ლობე (ტულონი), ხუან ფიგალო (მონპელიე), მარიანო გალარსა (უნივერსიტეტი), ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმჰოფი (ორივე-მეტრო რასინგი), მარტინ ლანდახო (სი ეი ეს აი), ხუან ლეგუსამონი (ლიონი), ნოელ ლობი (ნიუკასლი), პაბლო მატერა (ალუმნი) ფედერიკო სანსჩესი (ბორდო).

ოთხი ერი
17 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია
სამხრეთ აფრიკა-არგენტინა

24 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია
არგენტინა-სამხრეთ აფრიკა

7 სექტემბერი
ახალი ზელანდია-არგენტინა
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა

14 სექტემბერი
ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია-არგენტინა

28 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
არგენტინა-ახალი ზელანდია

5 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია
არგენტინა-ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული