ოთხი ერი. V ტური: ვინ იქნება მეორე?

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრებმა ოთხი ერის გათამაშების ბოლოსწინა ტურში ბუენოს აირესში არგენტინის ეროვნულ გუნდს მოუგო - 36:10 და უახლოეს მდევარ სამხრეთ აფრიკას კიდევ უფრო გაასწრო.

"ოლ ბლექსმა" პირველ ტაიმში "პუმებს" ოთხი ლელო გაუტანა და 29:3 მოუგო. ახალზელანდიელები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე და სულაც ერთი დებიუტანტი დააყენეს შემადგენლობაში, ძველებურად მძლავრად, სწრაფად და ტექნიკურად უზადოდ ირჯებოდნენ.

მეორე ტაიმში არგენტინამ ტემპს უმატა. "ოლ ბლექსი" თავს იცავდა. გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს და თამაშიც დასრულდა. ის ერთი ლელო მეორე ტაიმში, სწორედ ახალზელანდიელთა დებიუტანტმა
დევიდ ჰევილმა მიითვალა.

"პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო, მეორე კი, ისე რა, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გამოდგა. მომეწონა შერკინების გარჯა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, ახალგაზრდებმა დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვეს. როცა საჭირო იყო, შერკინებაში უპირატესობა გამოვიყენეთ კიდეც. მაგალითად, მაშინ, როცა დებიუტანტმა დევიდ ჰევილმა ლელო გაიტანა.

ხარვეზები არის. მას ნელ-ნელა გამოვასწორებთ. ახლებმა მალე აითვისეს ნაკრების თამაშის ფილოსოფია. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავიზარდოთ, რასაც არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით შევძლებთ", - თქვა ნამატჩევს ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცმა სტივ ჰანსენმა.

არგენტინელებს ორი ლელო გუნდის კაპიტანმა კირან რიდმა გაუტანა. ფულბეკი დამიენ მაკენზი კი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სასარგებლო მოთამაშე იყო.

ახალ ზელანდიაში მეოთხე ტურში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ (0:57) სამხრეთ აფრიკის ნაკრები ყველანაირად ეცადა ბლუმფონტეიში საკუთარი ქომაგის წინ რეაბილიტირებისთვის, თუმცა ავსტრალიის ნაკრებს ისევ ვერ მოუგო და ისევე, როგორც სტუმრად გამართულ მატჩში, ამჯერადაც ფრეს დასჯერდა - 27:27.

თამაშის დასრულების შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდა ავსტრალიის ნაკრების თავკაცი მაიკ ჩეიკა:

"ცხადია, ძალიან გაწბილებულნი ვართ. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, კარგადაც ვითამაშეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით. კმაყოფილი ვარ, რომ გუნდმა მდგრადობა გამოამჟღავნა. მეტოქის სტრატეგია იყო, რაც შეიძლება ნაკლები ეთამაშა შერკინებით. ჩვენ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები და მეტოქეს არც სისწრაფეში ჩამოვრჩებოდით.

ჩვენი ქომაგები ავსტრალიაში გვიან ღამით დგებიან, რათა ნაკრების თამაშს თვალი ადევნონ, გვიქომაგონ. პატივი უნდა ვცეთ მათ. ასეთი მაღალი დონის მატჩები დროა, გამარჯვებით დავასრულოთ. მჯერა, ეს დროც მალე დადგება", - დასძინა პრესკონფერენციაზე ჩეიკამ.

სამაგიეროდ, რაც უნდა უცნაური იყოს, მთლიანობაში არა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ალისტერ კუცია:

"ამ მატჩში ის საფუძველი ჩავყარეთ, რომელზეც გუნდი უნდა აშენდეს, განვითარდეს. მორაგბეები უნდა შეეჩვიონ რისკის გაწევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. ფიზიკურად და ტაქტიკურად შესანიშნავად გამოვიყურებოდით და, ვფიქრობ, მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ".

ბოლო, მე-6 ტურში მხოლოდ ერთი დეტალია გასარკვევი: ვინ დაიკავებს მეორე ადგილს. ავსტრალიას, თუ არგენტინაში მოიგებს, ამის კარგი შანსი აქვს. ძნელი დასაჯერებელია, "ბოკემ" შინ ახალი ზელანდია დაამარცხოს.

ოთხი ერი. V ტური
არგენტინა-ახ.ზელანდია 10:36
არგენტინა: ლ - ლეგიზამონ. ს,გ - სანჩესი
სინბინი: ლავანინი, ერერა.
ახ.ზელანდია: 5ლ - მაკენზი, ნაჰოლო, რიდი (2), ჰევილი. 4გ,ს - ბარეტი.
სინბინი: რიდი, ტოდი.

სამ. აფრიკა-ავსტრალია 27:27
სამ. აფრიკა: 3ლ - დრეირი, სკოსანი, სერფონტეინი. 3გ, 2ს - იაინკისი.
ავსტრალია: 3ლ - ფოლაუ, კოროიბეტე (2). 3გ, 2ს - ფოლი.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ახ.ზელანდია 5 5 0 0 +126 24(4)
2. სამ.აფრიკა 5 2 2 1 -17 13(1)
3. ავსტრალია 5 1 2 2 -1 10(2)
4. არგენტინა 5 0 0 5 -108 0(0)

VI ტური
7 ოქტომბერი
არგენტინა-ავსტრალია
სამ.აფრიკა-ახ.ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული