პერსონა ნონ გრატა

AutoSharing Option
სამი ერის გათამაშება ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. "ბოკეს" შემადგენლობაში ცხრა ნომრის პოზიციაზე ითამაშა რიკი იანუარიმ, რომელიც წლეულს საკმაოდ ცუდ სეზონს ატარებს. სამხრეთაფრიკელთა თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა მას შანსი მისცა, მაგრამ, როგორც ვნახეთ რიკიმ ის ვერ გამოიყენა. ეს მოსალოდნელიც იყო, მის პირად ცხოვრებაში პრობლემათა მთელი გორგალია, თანაგუნდელებსაც ვერაფრით ეწყობა. ამდენად, მისი დაყენებით, ვფიქრობთ, დე ფილიერსმა დიდი შეცდომა დაუშვა.

მოკლედ, ძნელი წარმოსადგენია, როგორ განვითრდება ამ ძნელად აღსაზრდელი ბიჭის კარიერა. ჩვენ კი, მოდი, კიდევ რამდენიმე ასეთი "თავზეხელაღებულის" ისტორია გავიხსენოთ.

სონი ბილ ვილიამსი (ახალი ზელანდია)
"ქენთერბერი ბულდოგზის" აღზრდილი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალზელანდიელი მორაგბე. სონის მრავალმილიონიან კონტრაქტებს სთავაზობდნენ რაგბი ლიგის კლუბების შეფები. თუმცა მან, როგორც რატომღაც სამხრეთ ნახევარსფეროში მიაჩნიათ, ფულის შოვნის უფრო იოლი გზა არჩია. ვილიამსი ფრანგულ "ტულონში" გადაბარგდა, ახლა ისევ დაბრუნდა და სულაც არ ცდილობს ძველ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენას.
2008 წელს ერთ-ერთმა ავსტრალიურმა ჟურნალმა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სონი ბილ ვილიამსი ავსტრალიაში ყველაზე საძულველი ადამიანია. "ისე, როგორც ვილიამსი მოიქცა, ავსტრალილები არ უნდა მოიქცნენ, მან თავისი საქციელით თანაგუნდელები დააღალატა. ამას გარდა, მის ანგარიშზე რამდენიმე კრიმინალური სკანდალიცაა. ეს მის კეთილშობილებაზე სულაც არ მეტყველებს" - მიაჩნიათ ავსტრალიელებს.
ამ უდავოდ უნიჭიერეს "არამზადას" ფული ისე უყვარს, რომ ფეხი რინგზეც შედგა და პროფესიულ კრივში ორი ბრძოლა გამართა. ორივე მოიგო.

ლუკ ვოტსონი (სამხრეთ აფრიკა)
კეიპთაუნის უნივერსიტეტში სარაგბო ფესტივალზე სტუმრად მიწვეულმა ლუკ ვოტსონმა სიტყვით გამოსვლისას დაახლოებით ასეთი რამ თქვა: " სამხრეთაფრიკული რაგბის პრობლემა იმაშია, რომ მას ჰოლანდიელები მართავენ. რაგბი ამ ქვეყანაში ლპება და ძალიან მინდა, ნაკრების მაისურადან ქურციკი (ემბლემა) მოვაგლიჯოო".
აი, ასეთი "ანტისაზოგადოებრივი მოვლენა" გახლდათ "სთორმერზის" მესამეხაზელი ლუკ ვოტსონი, რომელმაც სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებში 2007 წელს რამდენიმე კეპი მოიპოვა. მამამისი აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი იყო და გასაკვირი არ არის, შვილი მამის ნაკვალევს რომ მიჰყვება. მისი გამონათქვამებით აღშფოთებულმა პრეტორიელმა რაგბის ქომაგებმა "ლოფტუს ვერსფილდზე" მას ობსტრუქცია მოუწყვეს. ვოტსონი არ დამფრთხალა, მაყურებელს იქით შეუტია ტრუბუნებზე.
თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "ბოკეს" ლეგენდარული კაპიტანი ჯონ სმიტი წერს: "ის (ლუკ ვოტსონი) არასდროს ცდილობდა, ერთ-ერთი ჩვენგანი გამხდარიყო. ვფიქრობ, მას გულით უნდოდა სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში, მაგრამ გარშემომყოფთ ვერაფრით ეწყობოდა. მას აღიზიანებდა თეთრ ბიჭებთან ერთად ყოფნა, ცხოვრება. ის აუტანელი იყო და ყველა გუნდის სიმსივნედ მოიხსენიებდა".
არადა, ლუკ ვოტსონი თავადაც თეთრი ბიჭია.

კირან ფიცჯერალდი (ირლანდია)
მისი ისტორია საკმაოდ უცნაურია. ირლანდიის ნაკრებთან ერთად შერკინების კვაჭმა კირან ფიცჯერალდმა ხუთი ერის გათამაშებაში 1983 წელს დიდი სლემი შეასრულა. იმავე წელს ბრიტანელი ლომების სამხრეთულ ტურნეში ის კაპიტნად დანიშნეს, თუმცა ყველას მიაჩნდა, რომ მან ინგლისელი პიტერ ვილერის ადგილი დაიკავა. ამ ფაქტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. რაც ბოლოს იმით დასრულდა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში შერკინებაში ორი ნომრის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში შოტლანდიელი კოლინ დინსი იდგა.
"1983 წელს კირან ფიცჯერალდი კარგი ირლანდიური გუნდის კაპიტანი იყო, მის გვერდით ბევრი დიდი მორაგბე თამაშობდა, მაგრამ, როგორც კი "ბრიტანელი ლომების" კაპიტნობა ჩააბარეს, ის უეცრად "გაქრა", რეალობის შეგრძნება დაკარგა. ასეთ მდგომარეობაში კი წარუმატებლობისთვის განწირული იყო.

დაგ ჰოპვუდი (სამხრეთ აფრიკა)
ის ამ ჩამონათვალში იმიტომ კი არ მოხვდა, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ თავისი პოლიტიკანობითა და რასისტული გამოხდომებით ბრწყინვალე კარიერას დაუსვა წერტილი.
დაგ ჰოპვუდი შესანიშნავი რვა ნომერი იყო. 1965 წელს მან სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უკაპიტნა ევროპაში გამართულ წარმატებულ ტურნეში. თუმცა მისთვის, რაგბი მალე დასრულდა. დაგი იყო საიდუმლო საზოგადობის, სამხრეთაფრიკული რაგბის საბჭო "აფრიკანერის" აქტიური წევრი, რომელიც ვეტოს ადებდა ეროვნულ ნაკრებში ამა თუ იმ მორაგბის მიწვევაზე. ცხადია, ვეტოს საფუძვლად რასისტული მოსაზრებები ედო.
"40 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დაგის ტრაგიკული ცხოვრების საგა დღესაც ბევრს ახსოვს სამხრეთ აფრიკაში. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ზიზღით აღსავსე თვალები, რაც, ვფიქრობ, იმ დროს გავრცელებული დისკრიმინაციის გამოვლინება იყო" - იხსენებს ცნობილი სამხრეთაფრიკელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ედვარდ გრიფიტსი.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული