უელსის ნაკრებს ექვსი ერის გათამაშებაში წლეულს რობ ჰოული უთავკაცებს, რადგან ვორენ გეთლენდი წლეულს "ბრიტანელი ლომების" მწვრთნელად დაამტკიცეს. ივნისის ტესტებზე ეს გუნდი ტურნეს ახალ ზელანდიაში გამართავს.
იქამდე კი, ექვსი ერის გათამაშებისთვის მოსამზადებელ გუნდში რობ ჰოულიმ შვიდი ახალბედა გამოიძახა. ამასთან ერთად, შეცვალა კაპიტანიც, სემ ვერბარტონის ნაცვლად გუნდს ალან-ვინ ჯოუნზი წაუძღვება.
ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება "წითელი ურჩხულების" უკანა ხაზი: სკოტ ვილიამსი, ლიამ ვილიამსი, დენ ბიგარი, ჯიმი რობერტსი, ალექს კატბერტი,
"მიმაჩნია, რომ შესანიშნავი გუნდი შევკრიბეთ, რომელმაც ექვსი ერის გათამაშებაში წარმატებულად უნდა იასპარეზოს. დიდი პატივია ალან-ვინ ჯოუნზის კაპიტნად არჩევა. მას უზარმაზარი გამოცდილება აქვს. როგორც მოთამაშე და ლიდერი, დარწმუნებული ვარ, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს და ამ ამპლუაში პროგრესი ექნება.
ცხადია, სემ ვერბარტონიც ძალიან წარმატებული კაპიტანი იყო, თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ის მთლიანად საკუთარ თამაშზე იყოს კონცენტრირებული და გახდეს საუკეთესო მორაგბე. მას ეს შეუძლია. ჩვენ ვესაუბრეთ სემს. ავუხსენით, რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. გვინდა, რომ მან თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. ის დაგვეთანხმა, რომ მიზნის მისაღწევად ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, სწორია.
ამასთან ერთად, გუნდში გვყავს სრულიად ახალი მოთამაშეებიც. ვფიქრობ, შვიდი ახალბედას მოწვევა სარისკო, მაგრამ აუცილებელი იყო. ჩვენი ნაკრებისთვის მთავარია, მეტად დავიხვეწოთ. ჰორიზონტზე მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშებაა და მისთვის მზადება უკვე უნდა დავიწყოთ.
საშინაო არენაზე ორი ურთულესი მატჩი გველის. ინგლისის ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მეორე გუნდია, ირლანდია კი - მეოთხე. ვფიქრობ, ორივეს სათანადოდ დავუხვდებით", - თქვა უელსის ნაკრების თავკაცმა რობ ჰოულიმ.
უელსის ნაკრები ექვსი ერის პირველ მატჩს სტუმრად, რომში გამართავს იტალიის ეროვნულ გუნდთან. "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა კონორ ოშიმ 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
გუნდს კვლავ სერჯო პარისე უკაპიტნებს. იტალიელთა რიგებში იქნება სამხრეთაფრიკული წარმოშობის 24 წლის მორკინალი აბრაამ სტეინი. ასევე - უკანახაზელი ლიდერები ლუკ მაკლინი, ედუარდო პადოვანი, ჯიოვამბატისტა ვენდიტი და ედუარდო გორი.
იტალიის ნაკრები საშინაო არენაზე კიდევ ორ მატჩს გამართავს. მომდევნო ტურში ის ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, მეოთხე ტურში კი, ფრანგებს მიიღებენ. ამ უკანასკნელისთვის "სკუადრა აძურას" უკვე მოგებული აქვს. 2013 წელს "ლე ბლო" სტუმრად" 18:23 დამარცხდა. ის სეზონი იტალიელებისთვის საუკეთესო იყო. მოგვიანებით, მათ ირლანდიასაც სძლიეს - 22:15.
უელსი
შერკინება: სკოტ ენდრიუ, კრისტიან დესეი, სემ ვერბარტონი (სამივე-კარდიფი), ნიკი სმითი, როდრი ჯოუნსი, სკოტ ბოდლუინი, ალან-ვინ ჯოუნზი, რორი თორნტონი, ჯეიმზ კინგი, ჯასტინ ტიპურიკი, ოლი კრაკნელი (ყველა-ოსფრიზი), რობ ევანსი, სამსონ ლი, კენ ოუენსი, ჯეკ ბოლი (სამივე-ჰლანეჰლი), ტომას ფრენსისი (ექსეტერი), ლუკ ჩარტერისი, ტაულუპე ფალეტაუ (ორივე-ბასი), კორი ჰილი (ნიუპორტი), როს მორიარტი (გლოსტერი), ტომას იანგი (ვოსფსი)
უკანა ხაზი: გარეთ დევისი, ალედ დევისი, ჯონათან დევისი, სკოტ ვილიამსი, სტეფან ევანსი, ლიამ ვილიამსი, (ჰლანეჰლი), რის ვები, დენ ბიგარი, სემ დევისი (ოსფრიზი), ოუენ ვილიამსი (ლესტერ ტაუიგერზი), ჯიმი რობერტსი (ჰარლიქვინზი), ეშტონ ჰიუტი (ნიუპორტი), ალექს კატბერტი (კარდიფი), ჯორჯ ნორსი (ნორსჰემპთონი), ლეიგ ჰალფპენი (ტულონი).
იტალია
შერკინება: პიეტრო ჩეკარელი, დარიო კისტოლინი, ლორენცო ჩიტადინი, ანდრეა ლოვოტი, სამი პანიკო, ტომაზო დაპიკე, ორნელ გეგა, ლეონარდი ჯილარდინი, ჯორჯ ბიაჯი, მაქსიმე მბანდა, ფრანჩესკო მინტო, სერჯო პარისე, აბრაამ სტეინი.
უკანა ხაზი: ჯორჯიო ბრონზინი, ედუარდო გორი, მარჩელო ვიოლი, ტომაზო ალანი, კარლო კანა, ტომაზო ბენვენუტი, ტომაზო ბონი, მიკელე კამპანარო, ლუკ მაკლინი, ჯულიო ბიზენი, ანჯელო ესპოზიტო, ჯიოვამბატისტა ვენდიტი, ედუარდო პადოვანი
ექვსი ერი. I ტური
4 თებერვალი
შოტლანდია-ირლანდია
ინგლისი-საფრანგეთი
5 თებერვალი
იტალია-უელსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"