მისი ხელმძღვანელობით ინგლისელებმა ახლახან დასრულებულ ექვსი ერის გათამაშებაში ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს და მსოფლიოს თასზე განცდილი კატასტროფის შემდეგ დაკარგული რენომე აღიდგინეს.
ლანკასტერი აღიარებს, რომ ის ამაყობს გუნდის მიერ მიღწეული შედეგით. სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ინგლისის რაგბის კავშირი თვის ბოლოს ინტერვიუზე, სადაც მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვევა, სწორედ მას დაიბარებს.
"არასდროს მიფიქრია, ვინმეზე შთაბეჭდილება მომეხდინა. ჩემი მთავარი მიზანი იყო შემექმნა მწვრთნელთა ისეთი შტაბი, რომლის ყველა
მიმაჩნია, რომ პროგრესს მივაღწიეთ - გამარჯვება საფრანგეთთან, 30 ქულა მოვიპოვეთ საკმაოდ ძლიერ ირლანდიის ნაკრებთან, ვძლიეთ იტალიასა და შოტლანდიას, თითქმის არაფერი დაგვითმია უელსისთვისაც.
თუ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დამნიშნავენ, მინდა ჩემი ასისტენტებიც ნაკრებში დარჩნენ სამუშაოდ. ჩვენ შეგვიძლია 2015 წლის მსოფლიოს თასზე "პომები" უმთავრეს ფავორიტად წარვადგინოთ. ასე რომ, ენდი ფარელი და გრემ რაუნტრი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელნი არიან. მათ ბრწყინვალედ იმუშავეს" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.
"პომების" დროებითმა მწვრთნელმა ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანის შესახებაც ისაუბრა. გლამურული ცხოვრების მოყვარული დენი გუნდიდან ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა მოკვეთა. ლანკასტერი მას ეროვნულ გუნდში დაბრუნებას იმ პირობით შეპირდა, თუ დისციპლინას არასდროს დაარღვევს.
"ვერაფრით დავიჯერებ, რომ დენი მოუდრეკელი იყო. ეს აბსურდია. ის ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭია, რომელმაც რამდენიმე ღამე მოილხინა. ის ლოთი არ არის. სიპრიანი მსოფლიოში ცნობილი მორაგბეა და გასაკვირი არ არის, ლამაზი ქალბატონები მის მიმართ დიდ ყურადღებას რომ იჩენენ.
ახლა დენი ავსტრალიური "გადასახლებიდან" ისევ ინგლისში ბრუნდება. თუ თავის მოთოკვას შეძლებს, კარგ სპორტულ ფორმაში იქნება და ამჟამინდელ მგეზავს, ოუენ ფარელს აჯობებს, ნაკრებში ადგილს უპრობლემოდ მოიპოვებს. ახლა ყველაფერი მასზე და მისი ახალი გუნდის, "სეილ შარქსის" ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული" - დასძინა ლანკასტერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"