ოთხი ერი: ბისმარკ დუ პლესი ბარდით შეცვალეს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა უკვე შეარჩია ის 26 მორაგბე, ვინც შაბათს ოთხი ერის საპასუხო მატჩში არგენტინის ქალაქ მენდოსაში "პუმებს" დაუპირისპირდება.

კეიპთაუნში გამართულ შეხვედრაში, რომელიც "ბოკეს" გამარჯვებით, 27:6 დასრულდა, დაშავდა გუნდის მორკინალი ბისმარკ დუ პლესი. ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ ის თამაშს მინიმუმ ერთი თვე ვეღარ შეძლებს. მის ნაცვლად მეიერმა გუნდში კრეიგ ბარდენი იხმო.

ამასთან ერთად, იმ 22-კაციან შემადგენლობას, რომლითაც "ბოკემ" კეიპთაუნში იასპარეზა, მეიერმა კიდევ ოთხი მორაგბე დაამატა. ესენია: ტიაან ლიბენბერხი, დენ გრილინგი, ივანდერ კრუხერი და იანო ვერმაკი.

არგენტინიდან
დაბრუნების შემდეგ "ბოკეს" ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და იმ 28 მოთამაშეს შეარჩევენ, რომლებიც მესამე და მეოთხე ტურში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იასპარეზებენ.

"არგენტინასთან მატჩი დეტალურად გავაანალიზეთ. სამწუხაროა, რომ ბისმარკ დუ პლესი დაგვიშავდა. ის გუნდი
სთვის დიდი დანაკლისია.

არ არის სასიამოვნო, როცა გარკვეული მოთამაშეების შინ დატოვება გვიწევს, მაგრამ დებულების მიხედვით, მატჩზე მხოლოდ 26 მორაგბის წაყვანის უფლება გვაქვს. არგენტინიდან დაბრუნების შემდეგ კი მოთამა
შეთა რიცხვს 28-მდე გავზრდით, რათა ორ გასვლით მატჩში პრინციპულ მეტოქეებთან წარმატებით ვიასპარეზოთ" - თქვა ჰენიკე მეიერმა.

სამხრეთ აფრიკა
შერკინება: ვილემ ალბერტსი, ანდრიას ბეკერი, კრეიგ ბარდენი, მარსელ კუცია, კიგან დენიელი, იანი დუ პლესი, ებენ ესებესი, დენ გრილინგი, ივანდერ კრუხერი, ტიაან ლიბენბერხი, ტენდაი მთავარირა, ჟაკ პოთხიტერი, ადრიან სტრაუსი, ფლიპ ფან დერ მერვე.
უკანა ხაზი: ჯინ დე ფილიერსი, ჯეი ჯეი ენგელბერხტი, ბრაიან ჰაბანა, ფრანსუა ჰუგარი, ზან კირხნერი, პატრიკ ლამბიე, ლუაზი მვოვო, რუან პინარი, ფრანსუა სტეინი, მორნი სტეინი, იანო ვერმაკი.

"ბოკე" არგენტინაში ექსკურსიაზე მიდისო
ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცი სტივ ჰანსენი, ცხადია, ოთხი ერის პირველი ტურის მატჩში სტუმრად ავსტრალიის ნაკრების დამარცხებით კმაყოფილია, თუმცა თითქმის ყველა გაზეთთან თუ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს თვითკმაყოფილებაში არ უნდა გადაიზარდოს.

"ოლ ბლექსმა" გამარჯვებას დანაკარგის გარეშე ვერ მიაღწია. "ვოლებებთან" მატჩში პირველხაზელი ტონი ვუდკოქი დაშავდა.

მას თამაშამდეც აწუხებდა ტკივილები. შარშან გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ახალი ზელანდიის ნაკრების პირველმა ხაზმა ასეთი შემადგენლობით: ტონი ვუდკოქი, კევინ მეალამუ და ოუენ ფრენქსი პირველად ითამაშა. ჰანსენს მიაჩნია, რომ მისი გუნდის ეს რგოლი მსოფლიოში საუკეთესოა და ავსტრალიელებთან მატჩშიც დომინირებდა.

სიდნეიდან ოქლენდში დაბრუნების შემდეგ "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა მორაგბეებს მოუწოდა, რომ ავსტრალიის ნაკრებთან მიღწეული გამარჯვება დაივიწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში "ვოლებებთან", რომლებსაც დასაკარგი აღარაფერი აქვთ, წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.

"გასვლით მატჩში ავსტრალიის ნაკრების დამარცხების გამო თუ ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაშინ წინ კატასტროფა გველის. პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება. ის, რაც სიდნეიში ვერ გავაკეთეთ, ახლა ოქლენდში, "ედენ პარკზე" უნდა განვახორციელოთ. სამუშაო ბევრი გვაქვს და იოლი გასეირნება არავი
სთან გვექნება" - თქვა სტივ ჰანსენმა.

"ოლ ბლექსის" თავკაცის ასეთი სერიოზული განწყობის მიუხედავად, ახალზელანდიური პრესა "ოთხი ერის" ახალ ბინადარს, არგენტინის ნაკრებს ირონიით უცქერს. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელის მიერ დასახელებულ შემადგენლობას, რომლითაც "ბოკე" შაბათს სამხრეთამერიკელებს დაუპირისპირდება, ტურისტთა ჯგუფი უწოდა.

ახალი ზელანდია
შერკინება: ტონი ვუდკოქი, კევინ მეალამუ, ოუენ ფრენქსი, ლუკ რომანო, სამუელ ვაითლოქი, ლიამ მესამი. რიჩი მაქოა, კირან რიდი, ენდრიუ ჰორი, ბენ ფრენქსი, ბროდი რეტალიკი, ვიქტორ ვიტო.
უკანა ხაზი: იზრაელ დაგი, ქორი ჯეინი, მაა ნონუ, კონრად სმიტი, ჰოსე გეარი, დენ კარტერი, აარონ სმითი, პირი ვიპუ, აარონ კრადენი, ბენ სმითი.

უხვი ავანსი არგენტინელებისთვის
ოთხი ერის გათამაშების პირველი ტურის შემდეგ, ტრადიციულად, შედგა სიმბოლური ნაკრები. საუკეთესოთა შორის დებიუტანტის, არგენტინის ეროვნული გუნდის ორი მორაგბეც მოხვდა.

შუამარბ (#12) სანტიაგო ფერნანდესისა და შერკინების შემკვრელის (#8), მესამეხაზელი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობესთვის ეს აღიარება გაცემულ ავანსად უნდა მივიჩნიოთ. არგენტინელთა თამაში, ცხადია, შორს იყო თავისი საუკეთესო ვარიანტისგან, თუმცა "პუმები" უიმედონი სულაც არ არიან.

სანტიაგო ფერნანდესის ამ პოზიციაზე საუკეთესოდ აღიარება, ცხადია, საკამათოა. მით უფრო, რომ მისმა ვიზავიმ, სამხრეთაფრიკელმა ფრანსუა სტეინმა არგენტინელი აშკარად დაჯაბნა. ვნახოთ, რა მოხდება მენდოსაში.

გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა "პუმების" მესამეხაზელი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე. მან ექვსჯერ გაჭრა ხაზი შერკინებიდან და თერთმეტჯერ გაამწვავა შეტევა. ერთი სიტყვით, კიგან დენიელს აჯობა, მაგრამ კირან რიდი?

სიმბოლური ნაკრები
15. იზრაელ დაგი (ახალი ზელანდია), 14. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 13. მაა ნონუ (ახალი ზელანდია), 12. სანტიაგო ფერნანდესი (არგენტინა), 11. დიგბი იოანი (ავსტრალია), 10. მორნი სტეინი (სამხრეთ აფრიკა), 9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია). 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი (ორივე-სამხრეთ აფრიკა), 3. ოუენ ფრენქსი (ახალი ზელანდია), 4. ნათან შარპი (ავსტრალია), 5. ანდრიას ბეკერი, 6. მარსელ კუცია (ორივე-სამხრეთ აფრიკა), 7. რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია), 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (არგენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული