ოთხი ერი: "პუმების" მოგების ტოლფასი ფრე

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურში არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირება სენსაციურად დასრულდა. ცხადია, ყველამ იცოდა, რომ არგენტინულ მენდოსაში "ბოკეს" იოლი გასეირნება არ ელოდა, მაგრამ იმას, რომ წაგებას გადაურჩებოდა, ვერავინ იფიქრებდა.

არგენტინელები საკუთარ კედლებში განსაკუთრებული თავდადებით რომ იბრძვიან, ეს სიახლე არავისთვისაა, მაგრამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩში მათ მართლაც გმირულად იბრძოლეს, თუმცა მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 16:16.

ანგარიში მასპინძელთა ფულბეკმა მარტინ როდრიგესმა საჯარიმოთი გახსნა მე-11 წუთზე - 3:0, ხუთ წუთში კი მორკინალთა დარტყმების შემდეგ შუამარბმა სანტიაგო ფერნანდესმა მეტოქის ხაზის გაჭრა მოახერხა და
ლელო მიითვალა, რომელიც როდრიგესმა გარდასახა. არგენტინელები ათი ქულით დაწინაურდნენ - 10:0.

სამხრეთაფრიკელები მეტოქის ასეთმა კადნიერებამ ოდნავ დააბნია და ანგარიშში სხვაობის შემცირება მხოლოდ 32-ე წუთზე შეძლეს, როცა "ბოკეს" მგეზავმა მორნი სტეინმა 30 მეტრიდან საჯარიმო გაიტანა - 3:10. თუმცა "პუმები" ამას არ შეუშინებია და სამ წუთში როდრიგესმა საჯარიმოთივე აღადგინა ათქულიანი უპირატესობა - 13:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საწყისი ათი წუთი იგივე სცენარით მიმდინარეობდა, როგორითაც პირველი ტაიმი.

გუნდებმა თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს - 16:6. ამის შემდეგ უპირატესობას სამხრეთაფრიკელები დაეუფლნენ. 54-ე წუთზე მორნი სტეინმა მორიგი საჯარიმო მიითვალა, მერე კი, 65-ე წუთზე, შუამარბმა ფრანსუა სტეინმა შეძლოა ლელოს გატანა, რომელიც მისმა მოგვარე მგეზავმა გარდასახა - 16:16.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი და დიდი მცდელობის მიუხედავად, მონაგარს გუნდებმა ვერაფერი შემატეს.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა კი "ბლედისლოუს თასი" შეინარჩუნა. ერთი კვირის წინათ, სიდნეიში გამარჯვების შემდეგ, "ოლ ბლექსმა" ავსტრალიის ნაკრებს ოქლენდშიც სძლია - 22:0. ამდენად, მესამე შეხვედრაში, რომელიც ოთხი ერის გათამაშების შემდეგ ამ გუნდებს შორის გაიმართება, ავსტრალიის ნაკრებს მხოლოდ პრესტიჟის დაცვა მოუწევს.

ახალზელანდიელთა უპირატესობა აშკარა იყო, რაც ზუსტად აისახა კიდეც მატჩის ანგარიშზე. "ვოლაბები" უქულოდ დარჩნენ, რაც ამ გუნდის ისტორიაში უიშვიათესი ამბავია. "ოლ ბლექსმა" ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა მწვრთნელის დავალება და მეტოქე მეორე ტაიმში საბოლოოდ გატეხა.

პირველი ნახევარი კი მასპინძლებმა 9:0 მოიგეს. სამი საჯარიმო მგეზავმა დენ კარტერმა მიითვალა. მეორე ტაიმში "ოლ ბლექსმა" ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და ფულბეკი იზრაელ დაგის ლელოს კარტერმა კიდევ ორი საჯარიმო მიუმატა. ახალი ზელანდიის ნაკრები, როგორც უკვე ვთქვით, "ბლედისლოუს თასს" დაეუფლა და ოთხი ერის გათამაშებაშიც გალიდერდა.

ახალი ზელანდია-ავსტრალია 22:0
ახალი ზელანდია (15-9) დაგი (კრაენი 70), ჯეინი, ნონუ (კროკეტი 58), ვილიამსი, გეარი, კარტერი, სმიტი (ბ. ფრენქსი 54). (1-8) კროკეტი, მეალამუ (რომანო 46), ფრენქსი, ჰორი (რეტალეკი 47), ვაითლოქი, მესამი (ვიტო 64), მაქოა, რიდი.
ლ: დაგი. 5ს,გ: კარტერი
ავსტრალია (15-9) ეშლი-კუპერი, მიტჩელი (ბეილი 29), ჰორნი, ბარნსი, იოანი, კუპერი, გენია. (1-8) რობინსონი (სლიპერი 42), მური (ფაინგაა 72), ალექსანდერი, ტიმანი, შარპი, დინსი (გილი 54), ჰუპერი, ჰიგინბოთამი (სამო 46).
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი).

არგენტინა-სამხრეთ აფრიკა 16:16
არგენტინა (15-9) როდრიგესი, კამაჩო, ბოსჰი, ფერნანდესი, აგულა, სანჩესი (ამოროსინო 54), ვერგალო (ლანდახო 54). (1-8) რონსერო (აიერსა 56), გუინაზუ, ფიგალო, კარისა, ალბასეტე, კაბელო (სენატორე 75), გალინდო (ლეონარდი 35), ფერნანდეს ლობე.
ლ: ფერნანდესი. 3ს,გ: როდრიგესი.
სამხრეთ აფრიკა (15-9) კირხნერი, ჰაბანა (პინარი 57), დე ფილიერსი, ფ. სტეინი, მვოვო, მ. სტეინი, ჰუგარი. (1-8) მთავარირა, სტრაუსი (ლიბენბერხი 75), დუ პლესი, ესტებესი, ბეკერი (ფან დერ მერვე 49), კუცია (დენიელი 64), პოთხიტერი, ალბერტსი.
ლ: ფ. სტეინი. 3ს,გ: მ. სტეინი
მსაჯი: სტიცვ ველში (ავსტრალია)

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 8 ქულა, 2. სამხრეთ აფრიკა - 6, 3. არგენტინა - 2, 4. ავსტრალია - 0.

III ტური
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია-არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული