ავსტრალიის ნაკრებს ქუადე კუპერი დაუბრუნდა, ცხრა წამყვანი მორაგბე კი დააკლდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ გუნდის გაფართოებული, 40-კაციანი სია გააცხადა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ვოლაბების" რიგებში ისევ გამოჩნდა მგეზავი ქუადე კუპერი.

ბრისბენის "რედსის" წამყვანი მოთამაშე ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, რობი დინსისგან შერისხული იყო, რის გამოც 2012 წლის შემოდგომის შემდეგ ეროვნულ გუნდში არ უთამაშია. კუპერს არც "ბრიტანელ ლომებთან" სამმატჩიან სერიაში მიუღია მონაწილეობა.

მოვლენები ისე ვითარდება, რომ, სავარაუდოდ, კუპერი მომავალი ოთხი ერის გათამაშებაში ავსტრალიის ნაკრების ძირითადი მგეზავი იქნება. ევან მაკკენზი, როგორც ცნობილია, ჯეიმზ ოკონორს ფულბეკად თამაშს უპირებს. კუპერის კონკურენტები კი, მეთ ტოომუა
(ბრამბზი) და ბერნარდ ფოლი (ვორათაზი) იქნებიან.

მიუხედავად ყველაფრისა, მაკკენზი ამტკიცებს, რომ ქუადეს ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

"ყველა ქუადე კუპერზე ლაპარაკობს, მე კი გაცილებით ღრმა პრობლემებს ვხედავ. იერარქია, რომელიც აქამდე არსებობდა, შესაძლოა ერთ კვირაში შეიცვალოს. გარანტირებული ადგილი შემადგენლობაში არავის აქვს. ძალიან მინდა, რომ გუნდში ჯანსაღი კონკურენცია იყოს", - თქვა "ვოლაბების" თავკაცმა ევან მაკკენზიმ.

ავსტრალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა. ესენია: ცხრა ნომერი ნიკ ვაითი (ბრამბიზი), შუამარბები კრის ფეაუაი-საუტია (რედსი) და ტევიტა კურიდრანი (ბრამბზი), გარემარბი პიტერ ბეთამი (ვორათაზი), მეორეხაზელები ჰიუ პაილი (მელბურნ რებლზი) და სკოტ ფერდაი (ბრამბიზი), შერკინების ბურჯი სკოტ სიო (ბრამბიზი), მესამეხაზელი ჯეკ შაცი (რედსი).

ავსტრალიის ნაკრებს ტრავმების გამო ექვსი წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ესენია: ქართლი ბეილი, ვიკლიფი პალუ, დევიდ პოქოკი, დიგბი იოანი, პეტ მაკკები და სკოტ ჰიგინბოთამი.

კიდევ სამი მორაგბე, რომლებიც ძირითადი გუნდის მოთამაშეებად მოიაზრებიან, საასპარეზოდ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და, შესაბამისად, ეროვნულ გუნდს ვეღარ დაეხმარებიან. ესენია: ბერიკ ბარნსი, დრიუ მიტჩელი და სიტალეკი ტიმანი.

ავსტრალია
შერკინება: ბენ ალექსანდერი, დეივ დენისი, კენ დუგლასი, საია ფაინგაა, სკოტ ფერდი, ლიამ გილი, მაიკ ჰუპერი, ჯეიმზ ჰორვილი, სეკოპე კეპუ, პიტერ კიმლინი, ბენ მაკკალმენი, ჰოგ მაკმენიმანი, სტივენ მური, ბენ მოვენი, ტატაფუ პოლოტანაუ, ჰოგ პაილი, ბენ რობინსონი, პედი რაიანი, ჯეკ შაცი, რობ საიმონსი, სკოტ სიო, ჯეიმზ სლიპერი.
უკანა ხაზი: ადამ ეშლი-კუპერი, პიტერ ბეთამი, ქუადე კუპერი, ნიკ კამინსი, ენტონი ფაინგაა, კრის ფეაუაი-საუტია, იზრაელ ფოლაუ, ბერნარდ ფოლეი, ვილი გენია, მაიკ ჰარისი, ტევიტა კურიდრანი, კრისტიან ლეალიფანო, ჯეს მოგი, ჯეიმზ ოკონორი, ნიკ ფიპსი, ჯო ტომანე, მეთ ტოომუა, ნიკ ვაითი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული