ფრანგული სარაგბო კლუბების დეფიციტი 34 მილიონი ევროა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატში კონკურენცია იმდენად იზრდება, რომ იქ დახარჯული ფინანსები გამაოგნებელ ციფრებს აღწევს.

მიმდინარე კვირაში საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის ფინანსურმა კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ნაჩვენებია, რა რაოდენობის თანხა იხარჯება საფრანგეთის ორ პროფესიულ ლიგაში, ელიტურ პირველ და მეორე დივიზიონებში.

საინტერესოა, რომ ელიტური, პირველი დივიზიონის კლუბების ბიუჯეტის საშუალო მაჩვენებელი 21,2 მილიონი ევროა. აქედან 7,4 მილიონი ხელფასებზე მიდის. ერთ-ერთი კლუბის ყველაზე მაღალი ბიუჯეტი 35 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია იმ დეფიციტის რაოდენობა, რაც კლუბებს საერთო ჯამში დაუგროვდათ. ის 33 891 000 ევროს შეადგენს.
საგულისხმოა, რომ ამ თანხის ნახევარი სამ კლუბზე მოდის. ესენია: დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" და "კასტრი".

ფრანგული კლუბებიდან მოგება მხოლოდ ორმა გუნდმა, საფრანგეთის ჩემპიონმა - მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" და გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილის, გიორგი ჟღენტისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივმა" მიიღო.

დეფიციტის ეს რაოდენობა ყველაზე დიდია 1998 წლიდან მოყოლებული. თუმცა, მოსალოდნელია, რომ დეფიციტი 19 მილიონამდე შემცირდება, რადგან რაგბის ნაციონალურმა ლიგამ ტელევიზიებთან 70-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული