ლონდონში, "თვიქნემზე" სამხრეთ აფრიკის ნაკრები ვებ ელისის თასის ამჟამინდელ მფლობელს, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
"ბოკეც" და "ოლ ბლექსიც" მსოფლიოს თასის მფლობელები აქამდე ორ-ორჯერ იყვნენ და შანსი აქვთ, ეს ტიტული მესამედ მოიპოვონ.
სამხრეთაფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა ნახევარფინალში მოასპარეზე გუნდებიდან საბრძოლო შემადგენლობა ყველაზე ადრე დაასახელა.
"ბოკეს" თავკაცმა ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა. სათადარიგოთა შორის კი ვეტერანი მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი გაამწესა, რომელმაც მსოფლიოს თასზე მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა
მეტფილდი, ცხადია, დიდი ძალაა, მაგრამ მეიერმა ძირითად მეორეხაზელებად მაინც ებენ ესტებესი და ლუდ დე იაგერი არჩია.
ძირითად შემადგენლობაშია ბრაიან ჰაბანაც, რომელსაც ერთი ლელოს გატანა სჭირდება, რათა ახალზელანდიელი რაგბის ლეგენდის, ჯონა ლომუს რეკორდი მოხსნას. ჰაბანას და ლომუს მსოფლიოს თასის გათამაშებებში 15-15 ლელო აქვთ გატანილი.
"ახალი ზელანდიის ეს ნაკრები საუკეთესო გუნდია რაგბის არსებობის ისტორიაში. სტივ ჰანსენი, "ოლ ბლექსის" ამჯამინდელი თავკაცი, რვა წელიწადი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან და მისმა ამჟამინდელმა პარტნიორებმა შესანიშნავი სკოლა გაიარეს და დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.
ცხადია, ცუდი გუნდი არც ჩვენ გვყავს, თუმცა, მეტოქის დასამარცხებლად თითოეულმა მორაგბემ მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი უნდა იყოს, რაც ასეთი დონის გუნდთან ასპარეზობისას ძალიან ძნელია", - თქვა "ბოკეს" თავკაცმა ჰეინკე მეიერმა.
ბოლო ორი წლის სტატისტიკა
25.07.2015 ს. აფრიკა-ახ. ზელანდია 20:27
04.10.2014 ს. აფრიკა-ახ. ზელანდია 27:25
13.09.2014 ახ. ზელანდია-ს. აფრიკა 14:10
05.10.2013 ს. აფრიკა-ახ. ზელანდია 27:38
14.09.2013 ახ. ზელანდია-ს. აფრიკა 29:15
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე გუნდმა ორ-ორჯერ მოიგო ვებ ელისის თასი. გთავაზობთ ყველა ფინალის შედეგებს:
1987 წელი: ახალი ზელანდია-საფრანგეთი 29:9
1991 წელი: ავსტრალია-ინგლისი 12:6
1995 წელი: სამხრეთი აფრიკა-ახალი ზელანდია 15:12
1999 წელი: ავსტრალია-საფრანგეთი 35:12
2003: ინგლისი-ავსტრალია 20:17
2007: სამხრეთი აფრიკა-ინგლისი 15:6
2011: ახალი ზელანდია-საფრანგეთი 8:7
სამხრეთი აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრაილი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ანდრე პოლარდი, 9. ფური დუ პრი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ესტებესი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბურხერი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დუ პლესი, 19. ვიქტორ მეტფილდი, 20. ვილემ ალბერტსი, 21. რუან პინარი, 22. პეტ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"