გლობალური საკითხები პარიზში - ფრანგებს 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობა სურთ

AutoSharing Option
ფოტოზე: ბრედ გოსპერი, ბილ ბომონტი, ბერნარ ლაპორტი და სერჟ სიმონი
ფრანგული რაგბი მუდამ ერთ-ერთი წამყვანი იყო მსოფლიოში. ამ ქვეყნის ფუნქციონერები, შესაბამისად, სერიოზულ გავლენას ახდენდნენ ოვალური ბურთით თამაშის განვითარებაზე. ამის დასტურად თუნდაც ისიც კმარა, რომ 2007-15 წლებში IRB-ს, რომელსაც მოგვიანებით "მსოფლიო რაგბი" ეწოდა, ფრანგი ბერნარ ლაპასე მართავდა.

საფრანგეთში რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ახლახან გაიმართა და მასში ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა და ასევე ყოფილმა სპორტის მინისტრმა ბერნარ ლაპორტმა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ის გასულ სეზონში მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" წვრთნიდა. იქვე თამაშობდა
კონსტანტინე მიქაუტაძეც
.

ერთი სიტყვით, ფრანგული რაგბი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ "მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბილ ბომონტი და გენერალური დირექტორი ბრედ გოსპერი ბერნარ ლაპორტს პარიზში ეწვივნენ გლობალური თემების განსახილველად.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება საფრანგეთში ჩატარდება. ლაპორტმა პრეზიდენტად არჩევიდან მეორე დღესვე ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება და ძალიან აქტიურად უწევს PR-კამპანიას.

ფრანგებმა ერთხელ უკვე ჩაატარეს მსოფლიოს თასის გათამაშება 2007 წელს და საკმაოდ წარმატებულადაც. მათ ამჯერად სერიოზული კონკურენტები ჰყავთ: სამხრეთი აფრიკა და აშშ. თუმცა, ამას გარდა, ლაპორტმა და ბომონტმა მსოფლიოს რაგბის სხვა საჭირბოროტო თემებზეც ისაუბრეს.

ბილ ბომონტი, "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი:
"საფრანგეთი განაგრძობს, იყოს საკვანძო რგოლი მსოფლიოს რაგბიში. აღფრთოვანებული ვარ ბერნარ ლაპორტის ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფრანგული და მსოფლიოს რაგბი.

ძალიან მიხარია, რომ ლაპორტი უდიდეს ყურადღებას უთმობს საფრანგეთის მიერ გაკეთებულ განაცხადს 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს კი ნიშნავს, რომ სამი ძალზე სერიოზული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან საუკეთესოს 2017 წელს შევარჩევთ.

ბერნარ ლაპორტი, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"მოხარული ვარ, პარიზში ვუმასპინძლო ბილ ბომონტს და ბრეტ გოსპერს. ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საფრანგეთის რაგბის კავშირისთვის, მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებისთვის. ჩვენ განვიხილეთ უამრავი საჭირბოროტო საკითხი. ეს შეხვედრა იყო პოზიტიური და სასარგებლო ყველასათვის. ჩვენ გვაქვს საკუთარი ხედვა, რომელიც სტუმრებს გავუზიარეთ და შევთანხმდით იმ თემებზე, რომლებზეც აუცილებლად ვითანამშრომლებთ.

ცხადია, 2023 წელს გასამართ მსოფლიოს თასზეც ვისაუბრეთ. გვინდა, მსოფლიოს რაგბის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენას ჩვენ ვუმასპინძლოთ. შევიმუშავეთ PR-პროექტი, რომელსაც სრულად 1-ლი ივნისიდან გავუშვებთ" .

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული