მარტინ ვილიამსის ასი

AutoSharing Option
უელსის ნაკრები, რომელიც ივნისის ტესტებზე ავსტრალიაში გასამგზავრებლად ემზადება, შაბათს "ბარბაროსებს" დაუპირისპირდება.

"წითელი ურჩხულების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა რობ ჰოულიმ, რომელიც ოურენ გეთლანდის არყოფნაში გუნდის თავკაცის ფუნქციას ასრულებს, სათადარიგოთა შორის დაასახელა ვეტერანი მორკინალი მარტინ ვილიამსი.

ცხადია, ვილიამსს თამაში აუცილებლად მოუწევს. ეს ამ შემთხვევაში მისი მე-100 კეპი იქნება, რაც უელსური რაგბის ისტორიაში მესამე შედეგია. ყველაზე მეტი, 104 კეპი მგეზავ სტივენ ჯოუნზს აქვს მოხვეჭილი, ერთით ნაკლები კი უკანახაზელი გარეთ ტომასის ანგარიშზეა.

უელსის ნაკრებში "ბარბაროსებთან" მატჩში სამი დებიუტანტი ითამაშებს. ესენია: ჰარი რობინსონი, ლიამ ვილიამსი და
როდრი ჯოუნზი. "წითელ ურჩხულებს" მეცხრედ უკაპიტნებს შერკინების კვაჭი მეთიუ რისი. ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ პირველად გამოვლენ ძირითად შემადგენლობაში შუამარბი ენდრიუ ბიშოპი და მგეზავი დენ ბიგარი.

"გასულ უქმეებზე "ოსფრიზმა" შესანიშნავად ითამაშა და კელტთა ლიგის ფინალში ირლანდიური "ლენსტერი" დაამარცხა. ეს უელსური რაგბის უდიდესი წარმატება იყო. იმ შეხვედრაში ენდრიუ ბიშოპი და დენ ბიგარი საუკეთესოები იყვნენ. ამიტომ მოუთმენლად ველით მათ ასპარეზობას უელსის ნაკრებში.

ჩვენ შევარჩიეთ შემადგენლობა, სადაც ახალბედებისა და გამოცდილი მორაგბეების ბალანსი ზომიერად გვაქვს დაცული. გვინდა ბევრ ახალგაზრდა მოთამაშეს დავაკვირდეთ.

"ბარბაროსების" მრისხანე გუნდს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, რათა ივნისის ტესტების წინ კარგი, ამაღლებული განწყობა შევიქმნათ.

უელსური რაგბი აღმავლობას განიცდის, რაც ექვსი ერის გათამაშებაში გამარჯვების შემდეგ "ოზფრიზის" წარმატებამაც დაამტკიცა. ახლა ჩვენი მიზანია, ავსტრალიაშიც კარგად ვითამაშოთ და ეს კიდევ უფრო წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის გამოვიყენოთ." - თქვა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა რობ ჰოულიმ.

შეგახსენებთ, რომ მარტინ ვილიამსის ნაკრებში მიწვევა, რათა ვეტერან მორაგბეს საიუბილეო, მე-100 კეპი მოეხვეჭა, უელსური და მსოფლიოს რაგბის ლეგენდამ, გარემარბმა შეინ ვილიამსმა მოითხოვა. შეინი უელსის ნაკრების წინააღმდეგ "ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშებს. ეს მატჩი მისთვის ბოლო იქნება. შეინ ვილიამსს სამწვრთნელო ასპარეზზე ძალის გამოცდა სურს.

უელსი
15. ლიამ ვილიამსი, 14. ჰარი რობინსონი, 13. ენდრიუ ბიშოპი, 12. ჯეიმზ ჰუკი, 11. ალედ ბრეუ, 10. დენ ბიგარი, 9. ლოიდ ვილიამსი. 1. რის გილი, 2. მეთიუ რისი, 3. როდრი ჯოუნზი, 4. ალუნ ვინ ჯოუნზი, 5. იან ევანსი, 6. ჯოშ ტურნბული, 7. ჯასტინ ტიპურიჩი, 8. რაიან ჯოუნზი.
16. რიჩარდ ჰიბარი, 17. პაულ ჟეიმზი, 18. აარონ შინგლერი, 19. მარტინ ვილიამსი, 20. რის ვები, 21. ადამ უორენი, 22. ვილ ჰარისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული