ზე რაგბი: "ჯვაროსნები" დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ზე რაგბის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობა თითქმის გარკვეულია. დასადგენია, მხოლოდ ორი გუნდის ვინაობა. პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობენ: "ჩიფსი", "ბრამბიზი", "კრუსეიდერზი", "ჰარიკენზი", "ლაიონზი" და "სტორმერზი".

A ჯგუფში ანუ ავსტრალიის კონფერენციაში მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობს პირველობისთვის კანბერას "ბრამბიზსა" და სიდნეის "ვორათზს" შორის. მათ ამ დროისთვის თანაბარი, 39-39 ქულა აქვთ და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ. მე-16 ტურში კი, ორივე მათგანმა წააგო.

კანბერელებმა სტუმრად ითამაშეს ახალ ზელანდიაში ოქლენდის "ბლუზთან"
და 15:40 დამარცხდნენ. არადა, ჰემილთონელები ახალი ზელანდიის კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და უშანსოდაა დარჩენილი.

ამასობაში, "ვორათაზი" შინ კიდევ ერთ ახალზელანდიურ გუნდს, ველინგთონის "ჰარიკენზს" მასპინძლობდა და 17:28 დამარცხდა. ბოლო ტურში "ბრამბიზი" აუტსაიდერს, პერთის "ფორსს" ეთამაშება და დიდი ალბათობით სასურველ შედეგს მიაღწევს.

A ჯგუფი
რედსი-ჩიფსი 5:50, ვორათაზი-ჰარიკენზი 17:28, ფორსი-სტორმერზი 3:22

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 39 ქულა, 2. ვორათაზი - 39, 3. მელბურნ რებლზი - 27, 4. რედსი - 16, 5. ფორსი - 14.

ახალი ზელანდიის კონფერენციაში 51 ქულით ჰემილთონის "ჩიფსი" ლიდერობს, მას კვალში ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" მიჰყვება, რომელმაც მე-16 ტურში, შინ რეკორდული სხვაობით დაამარცხა ავსტრალიური "მელბურნ რებლზი" - 85:26.

მასპინძლებმა მეტოქეს 13 ლელო გაუტანეს. აქედან სამი გარემარბის ჯონი მაკნიკოლის ანგარიშზეა. ორ-ორი მიითვალეს რაიან კროტიმ და კოდი ტეილორმა. კიდევ ერთმა გარემარბმა ნემანია ნადოლომ ერთ ლელოს კიდევ სამი გარდასახვაც დაუმატა.

"კრუსეიდერზი" გუნდიდან რიჩი მაკქოუსა და დენ კარტერის წასვლის შემდეგ ნელ-ნელა ძალებს იკრებს და ზე რაგბის გათამაშების უმთავრეს ფავორიტად ყალიბდება.

კონფერენციის ლიდერმა "ჩიფსმა" სტუმრად ითამაშა ავსტრალიაში ბრისბენის "რედსთან" და დიდი ანგარიშით 50:5 მოიგო. ორ-ორი ლელო შუამარბმა სეტა ტამანივალუმ და ფულბეკმა დამიენ მაკენზიმ მიითვალეს. ამ უკანასკნელის ანგარიშზე კიდევ ხუთი გარდასახვაა.

ამავე კონფერენციის მესამეადგილოსანმა დანიდინის "ჰაილენდერზმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად არგენტინაში "იაგუარზთან" - 34:8. ორი ლელო ახალზელანდიური გუნდის მესამეხაზელმა ელიოტ დიქსონმა მიითვალა.

B ჯგუფი
ბლუზი-ბრამბიზი 40:15, კრუსეიდერზი-მელბურნ რებლზი 85:26

სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 51 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 50, 3. ჰაილენდერზი - 49, 4. ჰარიკენზი - 48, 5. ბლუზი - 35

C ჯგუფის ლიდერმა კეიპთაუნის "სტორმერზმა" სტუმრად ითამაშა ავსტრალიის კონფერენციის აუტსაიდერ პერთის "ფორსთან" და 22:3 მოუგო.

პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს პრეტორიის "ბლუ ბულზი", რომელმაც შინ დაამარცხა ტურნირის დებიუტანტი, იაპონური "სანვოლვესი" 50:3. "ლურჯმა ხარებმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს. აქედან ორი გარემარბ ტრევის ისმაელის ანგარიშზეა.

C ჯგუფი
ბლუ ბულზი-სანვოლვესი 50:3

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 46 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 37, 3. ჩიტაზი - 22, 4. სანვოლვესი - 9.

D ჯგუფის ლიდერს, იოჰანესბურგის "ლაიონზს", პლეი ოფში მოხვედრა გარანტირებული აქვს. სამხრეთაფრიკელთა ლიდერმა შინ დაამარცხა ჯგუფის აუტსაიდერი "კინგიზი" 57:21. "ლომებმა" "მეფეებს" რვა ლელო გაუტანეს. ორი მათგანი 21 წლის შუამარბის როჰან იანს ფან რენსბურგის ანგარიშზეა.

პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს დურბანის "ნატალ შარქსსაც". "ზვიგენებმა" ბოლოსწინა ტურში შინ დაამარცხეს ბლუმფონტეონის "ჩიტაზი" - 26:10. დურბანელები ბოლო ტურში ასევე შინ თამაშობენ "სანვულვზთან" და, სავარაუდოდ, პლეი ოფის საგზურს საბოლოოდ გაიფორმებენ.

D ჯგუფი
ლაიონზი-კინგზი 57:21, ნატალ შარქსი-ჩიტაზი 26:10, იაგუარზი-ჰაილენდერზი 8:34

სატურნირო მდგომარეობა
1. ლაიონზი - 51 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 39, 3. იაგუარზი - 18, 4. კინგზი - 8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული