ჯერ კიდევ უნგრეთის გრანპრის სტარტამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ "ფერარის" უპირატესობა ექნებოდა: მისი მანქანა უფრო უკეთ უმკლავდება გრძელ და ნელ მოსახვევებს, ვიდრე წაგრძელებული "მერსედესი". რბოლამ გაამართლა ეს მოლოდინი და "სკუდერიას" სეზონში მეორე დუბლი მოუტანა. იტალიაში ამასთან დაკავშირებით დიდი ზეიმია.
"
ამ შრომამ მოიტანა - ოთხი მოგება, სამი პოული და ორი დუბლი, აგრეთვე 14 ქულა, რომლითაც ფეტელი უსწრებს ჰემილტონს. გუნდი შესვენებაზე გამარჯვებული მიდის. როგორც "ფერარის" ხელმძღვანელობამ ბუდაპეშტში განაცხადა, კონტრაქტი ორივე პილოტთან გაგრძელდება და მათ ექნებათ საშუალება - მშვიდად მოემზადონ სეზონის მეორე ნაწილისთვის", - წერს La Gazzetta dello Sport-ის მიმომხილველი მარიო სალვინი.
"მინდა შევაფასო სეზონის მთელი პირველი ნახევარი. საერთო ჯამში, ის დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ იყო სუსტი მხაარეები, - წერს Corriere della Sera-ს ავტორი ფლავიო ვანეტი. - მთავარი იმაში მდგომარეობს, როგორ რეაგირებს 2017 წელს "სკუდერია" მომხდარ მოვლენებზე. სწორედ ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი მომენტი სეზონის მეორე ნახევარში ტიტულისთვის ბრძოლაში.
"ფერარის" ძალიან ძლიერი სტარტი გამოუვიდა, მაგრამ "მერსედესში" გულხელდაკრეფილები არ სხედან. მართალია, გერმანელებმა წააგეს უნგრეთში, მაგრამ მარტო მათი მანქანების ჩრდილი შიშის ზარს სცემს ყველას. თუმცა, წელს ის უკვე აღარ არის უშეცდომო და უმოწყალო მექანიზმი, როგორიც 2014 წელს იყო".
"ფერარიში" ყველაფერი ემორჩილება პილოტის ჩემპიონობას, - წერს თავის ბლოგზე ცნობილი ექსპერტი ჯეიმს ალენი. - მათ იცოდნენ "მერსედესის" მიდგომაზე და გამოიყენეს რაიკონენი ჰემილტონის დასაბლოკად და ფეტელის პოზიციების დასაცავად, რომელსაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. სებასტიანმა შესანიშნავი რბოლა გამართა, მაგრამ რაიკონენის დახმარების გარეშე, თითქმის გარდაუვალი კრახი ელოდა.
როგორც უკვე დავინახეთ, "ფერარიში" აქცენტს აკეთებენ ერთ ბიჭზე და მის ტიტულზე და უნგრეთის გრანპრი ამის ნათელი მაგალითი იყო. რაიკონენმა იცის "ფერარის" ეს მიდგომა და ესმის თავისი როლი გუნდში.
და ოდნავ სამწუხაროა, რომ დიადი მრბოლელი და მსოფლიოს ჩემპიონი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ის ხელფასს იღებს, დადის კორპორატიული მანქანით და გათვითცნობიერებული აქვს წესები. სანამ "ფერარი" შარლ ლეკლერს ამზადებს, დიდი ალბათობით, ფინელი კიდევ ერთი წლით გააფორმებს კონტრაქტს. და თუ წელს ფეტელი ჩემპიონი გახდება, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ღირდა ამად".
პატიოსანი ლუისი
"ფერარის" გამარჯვება, რა თქმა უნდა, რბოლის მთავარი მოვლენა იყო, მაგრამ კიდევ უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია ლუის ჰემილტონის საქციელმა. ბრიტანელმა რბოლის შუაში სთხოვა ვალტერი ბოტასს - წინ გაეშვა ის, რათა რაიკონენის გასწრება ეცადა. ლუისმა ეს ვერ მოახერხა და ბოლო წრეზე ტემპი დააგდო, რითაც დაუბრუნა თანაგუნდელს მესამე პოზიცია. ლუისმა საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა თავი და მას ყველა ტაშს უკრავს."ამ გადაწყვეტილებამ ყველა გააოცა, რადგან ლუისმა დათმო არა მხოლოდ პოდიუმი, არამედ ზედმეტი სამი ქულა აჩუქა მთავარ მეტოქეს - სებასტიან ფეტელს. თუმცა, ეს მომენტი აჩვენებს, რომ ჰემილტონი და ბოტასი ერთად მუშაობენ", - წერს ტაბლოიდი Daily Mail.
"ხშირად გვესმის, როგორ თხოვენ პილოტები გუნდებს, გვერდზე გასწიონ თანაგუნდელი, მაგრამ თითქმის ვერ ვხედავთ იმას, რომ პილოტები მზად არიან პოზიცია დააბრუნონ, - აღნიშნავს ESPN. - ჰემილტონს ბევრი არაკეთილისმსურველი ჰყავს, ბევრს მიაჩნია, რომ ის გუნდის პირველი ნომერია.
მაგრამ ბოტასის გატარების, რბოლის ბოლოს უფრო მაღალი ტემპის, ცხრაწამიანი უპირატესობისა და უკან ახლოს მყოფი ფერსტაპენის მიუხედავად, ჰემილტონმა აჩვენა, რომ "მერსედესში" ერთნაირი პატივისცემით ეპყრობიან ორივე პილოტს".
"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფეტელთან ტიტულის წაგების საფრთხე, ლუისმა დაუბრუნა პოზიცია ბოტასს. ის სამართლიანად მოიქცა და მას მხარი უნდა დავუჭიროთ - სპორტში ასეთ რამეს იშვიათად ნახავ", - წერს Corriere della Sera-ს ფურცლებზე ფლავიო ვანეტი.
"რბოლებისადმი "ფერარისა" და "მერსედესის" მიდგომებს შორის - დიდი სხვაობაა. "მერსედესი" ტოტო ვოლფის ეპოქაში უფრო ემოციურ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას, მაგარამ ეს არ ვნებს პოლიტიკას - "გუნდი უპირველეს ყოვლისა". და აქ ლაპარაკია სწორედ გუნდზე და არა ერთ ცალკე აღებულ პილოტზე. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს კონფლიქტები.
ვოლფმა აღიარა: თუ სეზონის ბოლოს ლუისს არ ეყოფა ეს სამი ქულა, გუნდი, შესაძლოა, გულუბრყვილობის გამო გაკიცხონ, მაგრამ გუნდის შეფმა ისიც დაამატა, რომ "მერსედესმა" ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოსცადა ასეთი მიდგომა და მან გუნდს ტიტულები მოუტანა", - ამბობს ჯეიმს ალენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"