ოფიციალურად: "მაკლარენი" და "ჰონდა" გაიყარნენ

AutoSharing Option
სინგაპურის გრანპრის წინ, "მაკლარენმა" და "ჰონდამ" თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. მათი გაყრა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.

ბრიტანული გუნდის განცხადებაში წერია, რომ უახლოეს დროში გამოაცხადებს ძრავების ახალი მიმწოდებლის სახელს. დიდი ალბათობით, ეს იქნება "რენო". მით უმეტეს, რომ ფრანგული კომპანიის სპორტული განყოფილების პრეზიდენტმა ჟერომ სტოლმა დაადასტურა, რომ "რენო" 2018-2020 წლებში იქნება "მაკლარენისთვის" ძრავების მიმწოდებელი.

"ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა "რენოსთვის", - განაცხადა სტოლმა. - პირველად ვითანამშრომლებთ "მაკლარენთან". ვამაყობთ იმით, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ ასეთ სახელოვან გუნდთან. ეს კავშირი არ იქნება მხოლოდ ტექნიკური და სპორტული.
ის მოგვცემს მარკეტინგულ და კომუნიკაციურ უპირატესობას. ჩვენ ვიცით, რომ "მაკლარენი" გვიბიძგებს ახალი მიღწევებისკენ. ეს სასარგებლოა ჩვენთვის".

* * *
თავის მხრივ, "რენომ" გამოაცხადა "ტორო როსოსთან" თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, ხოლო "ტორო როსოს" ტექნიკურმა დირექტორმა ჯეიმს კიმ დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან მისი გუნდი "ჰონდას" ძრავებს გამოიყენებს.

"ჩვენ უკვე ვმუშაობთ "ჰონდასთან", რათა მოვახდინოთ ჩვენი შასის ადაპტირება მათ ძრავებთან, - განაცხადა Motorsport-სთან კომენტარში კიმ. - კარდინალური გარდაქმნა საჭირო არ გახდება. გვინდა თავიდანვე შევქმნათ ეფექტური ბოლიდი. ველოდებით "ჰონდასთან" სტაბილურ და მძლავრ თანამშრომლობას".

* * *
"რენომ" კიდევ ერთი სიახლის შესახებ გამოაცხადა. მომავალი სეზონიდან ამ გუნდში გამოვა ესპანელი კარლოს საინსი, რომელიც, ამჟამად, "ტორო როსოს" პილოტია. შეთანხმების დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.

2017 წლის სეზონში საინსი მეცხრე ადგილზეა პილოტთა ჩათვლაში 36 ქულით. მის პარტნიორს "ტორო როსოში", რუს დანიილ კვიატს მხოლოდ 4 ქულა აქვს.

საინსი "ტორო როსოში" 2015 წლიდან გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული